უკვე ნახეთ Adobe-ს ახალი „ლოგო“? თუ უბრალოდ ახალი გრაფიკული ნიშანია? რაც უნდა იყოს, მას გენერაციული ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ Photoshop-ისა და Illustrator-ის რეკლამაში გვაჩვენებენ — კლასიკურ წითელ A-ს ამჯერად dobe-ის წინ მხოლოდ ახალი A ამჯობინეს, რომელიც თითქოს საწყისი ლოგოდან ამოჭრეს. თუმცა Adobe-ს ბრენდის სტრატეგის თქმით, ეს სულაც არ არის ახალი ლოგო: „ეს არ ანაცვლებს ლოგოს, უბრალოდ ახალი გამოხატულებაა იმ გზის, რომლითაც ბრენდი მსოფლიოს აცნობს თავს. ჩვენ ხელსაწყოთა ნაკრებს ახალი ნაწილი დავამატეთ, რითაც ბრენდის გამოხატვას მრავალი გზით შევძლებთ“.
Adobe-ს თავდაპირველი ლოგო კი 1982 წელს კომპანიის თანადამფუძნებლის ჯონ უორნოკის მეუღლემ, ილუსტრატორმა მარვა უორნოკმა შექმნა. მის დიზაინში A დახრილია და ღია სამკუთხედს გვთავაზობს. მართალია, უკვე 1990 წელს წითელი, თეთრი და შავი ფერებით განაახლეს, რომელიც დღესაც გამოიყენება, მაგრამ ფაქტია, კომპანიას დაარსების დღიდანვე გამაოგნებელი ვიზუალური ენა აქვს… სწორედ ამიტომ არის ახალი ნიშნის ამბავი გასაოცარი.

თუმცა რაღაც მხრივ, ეს ნიშანიც შეიძლება იყოს ლოგო, უბრალოდ Coca-Cola-ს, Google-ისა და FedEx-ის დიზაინებს დააკვირდით… თანაც, ლოგო ადამიანების უმეტესობისთვის ის არის, რაც ბრენდს წარმოადგენს. ეს კი შეიძლება იყოს როგორც გრაფიკული ნიშანი, მაგალითად ეფლის მოკბეჩილი ვაშლი, ისე ლოგოტიპი (IBM) ან მათი კომბინაცია, რასაც ხშირად გრაფიკულ ლოგოს ეძახიან (Nike)… მიუხედავად ამისა, ეს ნიშანი არ არის ოფიციალური კორპორატიული ლოგო და არსებული წესების თანახმად, არც ჩვენ გვაქვს უფლება, ლოგო ვუწოდოთ.
„ამ ნიშანს ბრენდის გამოხატვის ახალ და გაბედულ გზად ვთვლით. ასევე, ეს არ არის კორპორატიული ნიშნის ჩანაცვლება, მაგრამ ნამდვილად საინტერესო და დამაინტრიგებელი გზაა ბრენდის წარმოსაჩენად. ჩვენი მიზანია, Adobe-სკენ ადამიანების ყურადღება მივაპყროთ, რათა ჩვენზე იფიქრონ და ილაპარაკონ. თუ ეს ახალი ნიშანი ინტერესის საგანი გახდა, ე. ი. თავის საქმეს აკეთებს“, — აცხადებს ჰითერ კომბი, Adobe-ს ბრენდის სტრატეგი.












