თუ Adobe-ს აქტიური მომხმარებელი ხართ, თქვენთვის კარგად ნაცნობი უნდა იყოს, რამდენ დეტალზე მუშაობაა საჭირო ობიექტის კონკრეტულ ვიზუალზე დამატების შემდეგ, იქნება ეს ჩრდილების, ფერებისა თუ ტონის შეცვლა… ახლა კი Adobe-მ ამის მოგვარება გადაწყვიტა და ახალი ფუნქციები გაგვაცნო როგორც ვებ, ისე დესკტოპ და მობილური აპლიკაციებისთვის.
Harmonize
ამჯერად ბეტა რეჟიმშია და ავტომატურად ასწორებს ობიექტის ფერებს, განათებასა და ტონს, რათა იგი უკეთ ერგებოდეს გარემოს, რომელშიც მოათავსებთ. ხელსაწყო Adobe-ს ხელოვნურ ინტელექტს იყენებს კონტექსტის გასაანალიზებლად და ელემენტების ისე შესახამებლად, რომ მეტად რეალისტურად გამოიყურებოდეს.

Generative Upscale
ეს ფუნქციაც ბეტა რეჟიმშია და სურათის რეზოლუციას 8 მეგაპიქსელამდე ისე ზრდის, რომ სიმკვეთრე არ დაეკარგოს. განსაკუთრებით გამოსადეგია ძველი აქტივებისა და დასაბეჭდად გამზადებული ვებფაილების გაუმჯობესებისთვის. ეს ხელსაწყოც ხელოვნური ინტელექტით სარგებლობს, რათა სიცარიელეები ამოავსოს იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ პიქსელების გაწელვაზე იზრუნოს. Adobe ფიქრობს, რომ Generative Upscale ფოტოგრაფებს, სოციალური მედიის გუნდებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს დროს მნიშვნელოვნად დაუზოგავს.

Improved Removed Tool
შემდგომი სიახლეებით კი ბრენდი თანამშრომლობასა და კადრების სისუფთავეზე კონცენტრირდება. შედეგად, Remove Tool-იც გააუმჯობესეს, რათა მომხმარებლებს მეტად ზუსტი და რეალისტური რედაქტირებები შესთავაზონ.

Projects
ორგანიზაციებს კი ბეტა რეჟიმში Projects-ს აცნობს, რათა გუნდებს ფოტოშოპშივე შესთავაზოს სამუშაო სივრცე, რომელიც მათ მარტივი გაზიარებისა და ნაკლები შეცდომების დაშვების შესაძლებლობას მისცემს. ეს კი განსაკურებით გამოსადეგი იქნება პროექტებისთვის, რომლებიც მრავალ ფაილს აერთიანებს და თანამშრომლობებისთვის, რომლებიც მრავალ პირს მოიცავს.
Gen AI Model Picker
დაბოლოს, Adobe თავის გენერაციულ ინსტრუმენტებს მეტ მოქნილობას სძენს. ახალი Gen AI Model Picker საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, Generative Fill-ისა და Generative Expand-ის გამოყენებისას Firefly-ის სხვადასხვა მოდელი აირჩიონ — თითოეული მოდელი მოთხოვნას განსხვავებულ ინტერპრეტაციას უკეთებს, რითაც კრეატორებს საშუალებას აძლევს, აირჩიონ ის, რომელიც უკეთ ესადაგება მათ სტილსა თუ განზრახვებს.












