Adobe Premiere Pro ვიდეოს რედაქტირებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი რომ არის, ეს კარგად ვიცით. თუმცა ახლა ამ წოდებას კიდევ ერთი ახალი ფუნქცია ამართლებს — filler word detection თქვენი აუდიოს ხარისხის გაუმჯობესებას გპირდებათ. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ეს ფუნქცია აუდიოდან თუ ტრანსკრიპტებიდან ავტომატურად ჭრის „მმმ“ და „ჰმმმ“ ხმაურს.
თუმცა ეს ყველაფერი არ არის, განახლება კიდევ ერთ საოცარ ფუნქციას მოიცავს. აბა, გაიხსენეთ, ვიდეოს დამონტაჟებისას, რისი ამოჭრა გიწევთ ყველაზე ხშირად… დიახ, ხანგრძლივი პაუზებისა და ისეთი ფონური ხმების, როგორიც მანქანების ან სირენების ხმა შეიძლება იყოს. ახალ ფუნქციას კი ამაში თქვენი დახმარება აღარ დასჭირდება და ყველაფერს თავად გააკეთებს.
აუდიოს ხარისხს კიდევ უფრო აძლიერებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული Adobe-ს Enhance Speech ხელსაწყო. ამ ყველაფერს კი სტუდიის ხარისხის აუდიომდე მივყავართ. თუმცა თუ ფონური ხმების შენარჩუნებას მოინდომებთ, ე. წ. სლაიდერით ამას მარტივად მოახერხებთ.
AI ხელსაწყოებით რომ ისარგებლონ, მომხმარებლებს გამოწერის გეგმა დასჭირდებათ, რომელიც generative credits-ის სახელით არის ცნობილი. ეს გამოწერა მათ საშუალებას მისცემს, გარდაქმნან ტექსტზე დაფუძნებული მითითებები სურათად ან ვექტორულ ქმნილებებად, რითაც შემოქმედებითი შესაძლებლობები სულ სხვა განზომილებაში გადაინაცვლებს…
კარგი ამბავიც გვაქვს — AI ხელსაწყო მხოლოდ Premiere Pro-ში არ არის ხელმისაწვდომი, ვებ აპლიკაციასაც გვთავაზობს, რომელიც Creative Cloud-ის ფასიან ვერსიაში გვხვდება.