in

Adobe 1.9 მილიარდ დოლარად ყიდულობს Semrush-ს

Adobe 1.9 მილიარდ დოლარად ყიდულობს Semrush-ს – ამის შესახებ კომპანიებმა სულ ცოტა ხნის წინ განაცხადეს. ამ ნაბიჯით Adobe-ს სურს გააძლიეროს მარკეტინგული ხელსაწყოები და ბრენდებს გენერაციული AI-ს პროდუქტები შესთავაზოს. კომპანია თითო აქციას 12 დოლარად ყიდულობს, რაც საბირჟო ფასზე დაახლოებით 77.5%-ით მეტია.

გამომდინარე იქიდან, რომ Semrush AI პროგრამაა, რომელიც კომპანიებს საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაში, სოციალურ მედიასა და ციფრულ რეკლამაში ეხმარება, Adobe მისი შესყიდვით მიიღებს იმას, რაც მარკეტერებს სჭირდებათ – საშუალებას, უკეთ ნახონ, როგორ აღიქვამენ ონლაინ მომხმარებლები მათ ბრენდებს. საქმე ეხება როგორც ვებგვერდზე ძიებას, ისე ChatGPT-სა თუ Gemini-ს მსგავსი გენერაციული AI ბოტების პასუხებს. გარიგება მომავალი წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს.

Adobe-ს ხელსაწყოები – InDesign, Acrobat, Illustrator – დიზაინის სფეროში საყოველთაოდ ცნობილია. მათ აქტიურად იყენებენ კორპორაციები, სტუდენტები და კრეატორები ვებსაიტების, ბროშურებისა და გრაფიკის შესაქმნელად და რედაქტირებისთვის. კომპანია Adobe Experience Cloud-საც სთავაზობს ბიზნესებს მონაცემთა ანალიზისა და ანალიტიკისთვის. თუმცა ბოლო პერიოდში კომპანიის აქციები სერიოზული ზეწოლის ქვეშაა. ინვესტორები მოითხოვენ AI-ს პროდუქტებიდან და ფუნქციებიდან შემოსავლის უფრო სწრაფ ზრდას, ხოლო ციფრული დიზაინის ინდუსტრიაში კონკურენცია მწვავდება. შედეგად წელს აქციები 27%-ზე მეტით დაეცა.

Adobe-მ ოქტომბერში განაცხადა, რომ ვიდეო და სურათების რედაქტირების ხელსაწყოები ჩათის მეშვეობით იმართება. კომპანია OpenAI-თანაც თანამშრომლობს და მომხმარებლებს საშუალებას მისცემს ChatGPT-დან პირდაპირ გაუშვან მისი აპლიკაციები.

წყარო: Fastcompany

დაესწარი ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას ქალებისათვის სპეციალური სასწავლო კონკურსის – AI სტიპენდიის შესახებ და გაიგე, როგორ მოიპოვო 100%-იანი დაფინანსება

TikTok-ზე თავად განსაზღვრავთ, რამდენი AI კონტენტის ნახვა გსურთ