in

Adobe-მ ChatGPT-ში 70-ზე მეტი ინსტრუმენტი გააერთიანა

Lenovo
Lenovo

Adobe-მ თავისი 70-ზე მეტი შემოქმედებითი და პროდუქტიულობის ინსტრუმენტი – Photoshop, Premiere, Express, Acrobat, Firefly, Illustrator და InDesign – ერთ პლაგინში მოაქცია, რომელიც უშუალოდ ChatGPT-ში ფუნქციონირებს. მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ, მარტივი ტექსტური ბრძანებებით შექმნან ფოტოები, ვიდეოები, სოციალური ქსელების პოსტები და PDF დოკუმენტები.

როგორ მუშაობს

ახალი სისტემის მთავარი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ChatGPT დამოუკიდებლად წყვეტს, თუ როგორ გამოიყენოს მის განკარგულებაში არსებული Adobe-ს ინსტრუმენტები. უშუალო პროგრამული უზრუნველყოფა Adobe-ს ეკუთვნის, თუმცა ბრძანებების გაცემასა და პროცესის მართვას ChatGPT უზრუნველყოფს. ენობრივი მოდელი აანალიზებს მოთხოვნას და მას მომხმარებელთან წინა ინტერაქციებიდან მიღებული ცოდნის საფუძველზე ამუშავებს.

ეს პროცესი პროგრამული უზრუნველყოფის სრულიად ახალ მიდგომას წარმოადგენს, სადაც მოქმედებები წინასწარ განსაზღვრული ალგორითმით არ მიმდინარეობს. ტექნოლოგია მომხმარებლის ინტერაქციაზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებებს, რის გამოც რამდენიმეკვირიანი ბეტა ტესტირება ჩატარდა, რათა დაკვირვება განხორციელებულიყო მომხმარებელთა ქცევაზე.

ინსტრუმენტების გაერთიანებული ეკოსისტემა და გამოყენების სფეროები

პლაგინი ხელმისაწვდომია გლობალურად, ChatGPT-ის ვებ და მობილურ აპლიკაციებში, ასევე ChatGPT Work-სა და Codex-ში. მან გააერთიანა Adobe-ს მანამდე არსებული ცალკეული აპლიკაციები ერთ სივრცეში. პლატფორმის გამოსაყენებლად საკმარისია ჩატში დაემატოს სპეციალური აღნიშნული ტეგი და აღიწეროს სასურველი შედეგი.

ერთიან სივრცეში შესაძლებელია ფოტოების სერიის ვიზუალური სტილის უნიფიცირება, ხანგრძლივი ვიდეოების Reels-ად და Shorts-ად დაჭრა, დიზაინის შაბლონების მორგება ან მონაცემთა ცხრილების ღონისძიების ბეჯებად, კატალოგებად და ინფოგრაფიკად გარდაქმნა.

მოქნილი რედაქტირება

შექმნილი კონტენტის რედაქტირება ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი. მომხმარებელს შეუძლია დარჩეს ტექსტური ინტერფეისის დონეზე ან ფაილი Adobe-ს სრულფასოვან პროგრამებში გადაიტანოს სიღრმისეული დამუშავებისთვის. მაგალითად, პროდუქციის ფოტოების პირველადი დამუშავება შესაძლებელია ჩატში განხორციელდეს, ხოლო შემდგომ ფაილი Photoshop-ში გაიხსნას შრეებთან და ნიღბებთან სამუშაოდ.

ეს კომპანიას საშუალებას აძლევს, მოიზიდოს სრულიად ახალი მომხმარებლები და პირდაპირი კონკურენცია გაუწიოს Canva-ს. Adobe-მ მსგავსი ინსტრუმენტების დანერგვა Claude-სა და Copilot-ზეც დაიწყო, ხოლო Gemini-სა და Slack-ის ვერსიები ახლო მომავალში იგეგმება.

სისტემით სარგებლობა უფასოა საბაზისო რეჟიმში, სადაც ანგარიშის შექმნა სავალდებულო არ გახლავთ. Adobe ID-ით ავტორიზაცია კი მომხმარებლებს დამატებით გენერაციულ შესაძლებლობებსა და Creative Cloud ფაილებთან წვდომას უხსნის.

წყარო: Fastcompany

საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი

„გახურდი და შეუტიე“ – როგორ მოიცვა საფეხბურთო ციებ-ცხელებამ საქართველო „ალკოსფეროსთან“ ერთად