Adobe და TikTok გაერთიანდნენ, რათა პლატფორმაზე ვიდეობის შექმნა გაადვილდეს. ამისათვის კი სოციალური მედიის კრეატიული ასისტენტი პირდაპირ Adobe Express-ში ჩააინტეგრირეს. მისი მეშვეობით, ნებისმიერ მსურველს შეეძლება ვიდეო კონტენტის შემოქმედებითი გარდასახვა და სრულყოფილად დაკონფიგურირება.
„Adobe Express-ში Creative Assistant-ის ჩანართი ამცირებს დროს, ძალისხმევასა და რესურსებს, რომლებიც საჭიროა სხვადასხვა პლატფორმებზე სამუშაოდ. ასე კონტენტის იდეის, შექმნის თუ განაწილების პროცესი გაცილებით სასიამოვნო გახდება“, — განმარტავს სტეისი მარტინერი, Adobe-ს მარკეტინგული სტრატეგიისა და კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტი. ასევე დასძენს, რომ აღნიშნული თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან უნიკალური კრეატიული ინსტრუმენტების განვითარებას უწყობენ ხელს.
ხოლო TikTok-ის თანახმად, ვიდეოები, რომლებსაც ყოველდღიურად ქმნიან კრეატორები, ხშირად კრიტიკული წარმატების მომტანია. სტატისტიკურად, პლატფორმაზე წარმატების საშუალო მაჩვენებელი 74%-ია. გარდა ამისა, ბრენდები, რომლებიც ტიკტოკის სტილზე მორგებულ რეკლამებს ქმნიან, 3,3-ჯერ მეტ ჩართულობას იღებენ აუდიტორიისგან.
ცოტა უფრო ფუნქციურად რომ განვიხილოთ, კრეატიული ასისტენტი ისეთი დეტალების შესახებ გაწვდით ინფორმაციას, თუ მოცემულ მომენტში რა არის ტრენდული ტიკტოკზე; აჩვენებს ტრენდულ ჰეშტეგებსა და აზიარებს შესაბამის შეხედულებებს. შეგიძლიათ, მას დახვეწილი ისტორიების, იდეებისა და სცენარების მოწოდებაც კი სთხოვოთ.
„ინდივიდუალურ კრეატორებს თუ ბიზნესებს დავეხმარებით, შეუფერხებლად შექმნან TikTok-ის კონტენტი — დაწყებული ტენდენციური ვიდეოებით, დასრულებული სარეკლამო კამპანიებით. ამ ახალი ინტეგრაციით, ყველას შეეძლება სრულყოფილი იდეის შემუშავება, კონტენტის შექმნა და დიდ მასშტაბებზე გასვლა“, — აღნიშნავს სოფია ჰერნანდესი, TikTok-ის მარკეტინგის გლობალური ხელმძღვანელი.
საგულისხმოა, რომ ფუნქცია სრულიად უფასოდაა ხელმისაწვდომი ყველგან, სადაც TikTok ფუნქციონირებს.