5
Nov
2019

Premiere Pro-ს ახალი ფუნქციით, ვიდეოს დამუშავებაში ხელოვნური ინტელექტი დაგეხმარებათ

5 Nov 2019

veon
veon


Premiere Pro-ს მომხმარებლები, ანუ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზნით მიმართავენ ვიდეომონტაჟს, ხშირად დგებიან დილემის წინაშე – რომელ სოციალურ ქსელზე მორგებული ვიდეო შექმნან. ხშირად, ერთი და იგივე ვიდეო სხვადასხვა ჩარჩოთი მზადდება, თუმცა ამაში ვიდეომონტაჟის სპეციალისტები საკმაო დროს ხარჯავენ, რადგან რთულია გადაიღო/შექმნა ვიდეოკონტენტი, რომელიც სხვადასხვა სოციალური ქსელის „ვიდეოჩარჩოს“ მოერგება. მით უფრო რთულდება საქმე, როცა ვიდეოში გვაქვს მოძრავი კადრები, ანუ ჩვენი მთავარი ობიექტი (ან ობიექტები) ბევრს მოძრაობს.

ამ პრობლემების წინაშე მყოფი ადამიანებისთვის სიახლე გვაქვს – Adobe-ს ახალი, Auto Reframe-ის ფუნქციის დახმარებით, ვიდეოს დამუშავებისა და მოჭრის პროცესის ავტომატიზაცია იმის მიხედვით შეგეძლებათ, თუ რომელი სოციალური მედიის პლატფორმისთვის გინდათ ვიდეოს დამზადება. ამისთვის Premiere Pro-ში ინტეგრირებულ ხელოვნურ ინტელექტს „ეუბნებით“, რამდენგვარი მოძრაობა გაქვთ ვიდეოში. შემდეგ ის თქვენთვის სასურველი ზომის ჩარჩოს შიგნით აქცევს კადრის ძირითად მოძრაობას. შესაბამისად, ჩარჩო მიჰყვება მოძრაობას, მიუხედავად იმისა, თქვენი ობიექტი პირველადი კადრის კიდეში მოძრაობს, თუ შუაში. აღნიშნული სიახლის შესახებ კონფერენცია Adobe Max-ზე გახდა ცნობილი.

Autoframe-ის ფუნქციაზე საუბარი Adobe-მ წლის დასაწყისში დაიწყო. კომპანია მას შემდეგ მუშაობს იმაზე, რომ გამოსახულების მოჭრის შედეგად ვიდეოს ცვალებადი და მრავალობიექტიანი მოძრაობა კონკრეტული ზომის ჩარჩოს გარეთ არ დარჩეს. დღეს, Premiere-ის მომხმარებლებს შეუძლიათ Auto Reframe-ის გამოყენება იმის მიხედვით, თუ რამდენად მოძრავი კადრებია მათ ვიდეოში. ამის შემდეგ, პროგრამა აგენერირებს მოძრაობის საკვანძო ადგილებს. ეს გამოსადეგი ფუნქციაა, იმ შემთხვევაში, თუ ვიდეოს 16:9-ზე იღებთ, ხოლო შემდეგ, მაგალითად, გინდათ ინსტაგრამისთვის შესაბამის 1:1-ად აქციოთ.

განახლება ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი Premiere Pro-ს ყველა მომხმარებლისთვის. ხოლო იმას, თუ როგორ უნდა გამოიყენოთ აღნიშნული ფუნქცია, ქვემოთ მოცემული ვიდეოდან შეიტყობთ.

განხილვა