in

როგორ გავიღვიძოთ ადრე? — 10 ხრიკი

უნდა ვაღიაროთ, რომ კორპორატიული სამყარო ტოროლებისადმი უფრო კეთილგანწყობილია, რასაც ვერ ვიტყოდით ბუდ წოდებულ ინდივიდებზე, რომელთაც ღამით მუშაობა უყვართ და დილით ადრე გაღვიძების მომხრენი არ არიან. მიუხედავად ამისა, ამა თუ იმ მიზეზის გამო მაინც უწევთ ამ გამოწვევის დაძლევა… და თუ თქვენც მათ შორის ხართ, პატარა ხრიკებს გაგიზიარებთ, რომლებიც დილით ადრე გაღვიძებაში დაგეხმარებათ:

1. დაიწყეთ პატარა ნაბიჯებით

მაღვიძარას უფრო ადრე დაყენება სულაც არ არის გამოსავალი. თუ გიცდიათ, ალბათ, ხშირადაც მოგიწიათ Snooze-ის ღილაკის გამოყენება, რადგან თქვენს სხეულს ამაზე შეგუებისთვის დრო სჭირდება. ერთჯერადად კი შეიძლება მოახერხოთ, მაგრამ როცა თქვენი ორგანიზმის დილის 10 საათზეა გაღვიძებას შეჩვეული, პირდაპირ 7-ზე გაღვიძება სულაც არ იქნება მარტივი. ამიტომ, გრძელვადიან პერსპექტივაში წარმატებას რომ მიაღწიოთ, სპეციალისტები რამდენიმე დღიდან 1 კვირის ვადაში მაღვიძარას ჩვეულ დროზე 15 წუთით ადრე დაყენებას გირჩევენ. 

2. დაწექით დასაძინებლად უფრო ადრე

შესაძლოა, ბევრჯერაც გსმენიათ, მაგრამ ძილის რეგულირებაზე საუბრისას ამას ვერსად გავექცევით. თანაც თუ დილით ადრე გაღვიძებას დაიწყებთ, ადრე დაძინებაც აუცილებელია. ჯერ განსაზღვრეთ, დილით რომელ საათზე გსურთ გაღვიძება, შემდგომ კი რამდენი ხნის მანძილზე ძილი იქნება თქვენთვის საკმარისი. მოზარდების უმეტესობისთვის ეს დრო 7-დან 9 საათამდე მერყეობს, თუმცა დღეს ამის განსაზღვრაში ჭკვიანი საათები და სხვა ხელსაწყოებიც შეგიძლიათ დაიხმაროთ. 

3. ჩამოაყალიბეთ ღამის რუტინა

ეცადეთ, დასაძინებლად წასვლამდე 1 საათით ადრე ყველა ელექტრონულ მოწყობილობას აარიდოთ თავი, რადგან ეს დადებითად მოქმედებს თქვენი ძილის ხარისხზე — ელექტრონული მოწყობილობები თრგუნავს მელატონინს, ჰორმონს, რომელიც ძილის ციკლს აკონტროლებს. ამგვარად, ყოველი საათი, რომელსაც თქვენი მოწყობილობის ლურჯ სინათლესთან ატარებთ, მელატონინის წარმოებას 30 წუთით ანელებს და სწორედ ამის გამოა, 8-საათიანი ძილის შემდგომაც თავს დაღლილად რომ გრძნობთ. ამიტომ, უმჯობესი იქნება, თუ ტელეფონთან გატარებულ დროს თავის მოვლის რუტინებით ჩაანაცვლებთ; მოიფიქრებთ, რა ჩაიცვათ მომდევნო დღეს ან თქვენთვის საყვარელ სარელაქსაციო ჩაის მიირთმევთ. 

4. მოაწყვეთ თქვენი გარემო ისე, რომ ადრე გაღვიძებაში დაგეხმაროთ

ეს ბევრნაირად შეგიძლიათ გააკეთოთ, მაგალითისთვის:

  • მაღვიძარა ოთახში ისეთ ადგილას დადეთ, რომ მის გასათიშად ადგომა მოგიწიოთ;
  • თუ ყავის აპარატი გაქვთ, ტაიმერი ისეთ დროს დააყენეთ, რომ თქვენი გაღვიძებისას ყავა უკვე მზად დაგხვდეთ
  • თბილი ხალათი ლოგინთან ახლოს დაიდეთ, რათა ადგომისას მარტივად მისწვდეთ.

5. თუ წარმატებას ვერ მიაღწიეთ, გაიაზრეთ, რას აკეთებთ ამისთვის

თუ ყველა მცდელობა წარუმატებელი გამოდგა, კარგად დააკვირდით და გააანალიზეთ, რა ნაბიჯები გადადგით, რა შეგეშალათ და რა შეიძლებოდა, რომ სხვანაირად გაგეკეთებინათ. მაგალითად, დილით ადრე ადგომა მხოლოდ იმიტომ თუ დაგეზარათ, რომ ოთახში ციოდა, შეგიძლიათ ეს პრობლემა ზემოთ მოცემული რჩევით გადაჭრათ. 

კორტიზოლის დონეების დარეგულირებაში დილის ვარჯიშებიც დაგეხმარებათ, თუნდაც 5 წუთი იყოს. ასე თქვენთვის ჩვეული რიტმის აღდგენას მალევე მოახერხებთ. 

6. მიეცით თავს ურყევი მიზეზი დილით ადრე ასადგომად

თუ ადრე ადგომისთვის რეალური მიზეზი არ გაქვთ, ამაში არც თქვენი სხეული დაგეხმარებათ და კვლავ დასვენებას ამჯობინებს… ან თუ დილით სირბილის დაწყება გინდათ, მაგრამ არ გიყვართ, ასე ადრე ადგომას რაღაც უსიამოვნოს დაუკავშირებთ, მიუხედავად დილით ვარჯიშის სარგებლისა. ხოლო, როცა თქვენი დილის რუტინა რაღაც სასიამოვნოს კეთებას მოიცავს, ყველაფერი მარტივდება და ასე მოტივაციაც გაქვთ, რომ დილით ადრე გაიღვიძოთ.

7. შეხედეთ ამ საკითხს მასშტაბურად

ცოტა უფრო ფართოდაც შეხედეთ იმას, თუ რატომ გსურთ ადრე გაღვიძება — თუ არ დაიგვიანებთ, უფროსი დაგაწინაურებთ?! ნებისმიერ შემთხვევაში, მოიფიქრეთ კარგი მიზეზი და თქვენ მეტად მოტივირებული გახდებით, რათა რაღაცები განსხვავებულად აკეთოთ. თუ ცხოვრების შეცვლა გსურთ ან სულ მცირე თქვენი დილის რუტინის, ამის გაკეთების მიზეზი უნდა იცოდეთ.

8. თვალი ადევნეთ თქვენს პროგრესს

იმის ჩაწერა, თუ როგორ გადალახეთ ეს გამოწვევა თითოეულ დღეს, მომავალში უფრო მეტ მოტივაციას მოგცემთ და საბოლოოდ თქვენი მიზნის მიღწევასაც გაგიმარტივებთ. 

9. გაიღვიძეთ, მაგრამ არ იმუშაოთ ადრე

ადრე გაღვიძება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პირდაპირ საქმეებში უნდა გადაეშვათ. არც ელ.ფოსტები შეამოწმოთ და არც რაღაც წვრილმანი საქმეები აკეთოთ. უმჯობესია, თუ დილით ერთ საათს უბრალოდ თქვენს თავს და დასვენებას დაუთმობთ, ასე კი გაღვიძება მეტად სასიამოვნო პროცესთან იქნება თქვენთვის დაკავშირებული და აღარც დაგეზარებათ.

10. განსაზღვრეთ, მართლა გჭირდებათ თუ არა ადრე გაღვიძება

კვლევები ამბობს, რომ დილის ადამიანები მეტად პროაქტიულები არიან, რაც სამსახურში უკეთეს შედეგებს, კარიერულ წარმატებასა და მაღალ ხელფასებს უკავშირდება. ისინი მიზანზე მეტად ორიენტირებულნიც არიან… თუმცა უბრალოდ დილის რუტინის შეცვლა და ადრე გაღვიძება რამდენად დაგეხმარებათ ყველა ამ დადებითი მხარის მიღებაში, ეს დღემდე სადაო საკითხია. 

შესაძლოა, ადამიანის პროდუქტიულობა უბრალოდ თანდაყოლილი მიკერძოებაც იყოს და ღამის ბუებიც ისეთივე კარგი შედეგებით გამოირჩეოდნენ დროის სხვა მონაკვეთში, როგორც ტოროლები… ამიტომ, ჯერ განსაზღვრეთ, რეალურად რამდენად გჭირდებათ დილით ადრე გაღვიძება და თუ პასუხი დადებითი იქნება, ზემოთ მოცემულ ნაბიჯებს მიჰყევით.

ნახეთ: დაუნ ბეილის საკულტო პოსტერები

Adobe-ის AI ფუნქცია ინფოგრაფიკების შესაქმნელად