in

რეკლამა გადატვირთული ქუჩებიდან ღია ზღვაში – როგორ აქცია ADSORIZON-მა შავი ზღვა მედია სივრცედ

გარე სარეკლამო სივრცე იმდენად გადატვირთულია, რომ ქუჩაში სიარულისას თვალი ვეღარ ასწრებს – ყველგან ბილბორდები, ბანერები, ლაითბოქსები, რის გამოც გონებას ერთდროულად ბევრი ინფორმაციის გაცნობა და გადამუშავება უწევს. სწორედ ამ გადატვირთულ გარემოში გაჩნდა კითხვა: რატომ არ ვიყენებთ ზღვას, როგორც სარეკლამო სივრცეს? ზღვის სარეკლამო მედიუმად გამოყენების იდეა სალომე ჯანელიძეს წლების წინ გაუჩნდა, თუმცა მაშინ საქართველოში მსგავსი გამოცდილება არ არსებობდა და ტექნიკურადაც თითქმის წარმოუდგენლად ჩანდა. ყველაფერი შეიცვალა მაშინ, როცა ამერიკაში ყოფნისას ოკეანეში მცურავი სარეკლამო გემები შეამჩნია. სწორედ ეს აღმოჩნდა პასუხიც და ნიშანიც – იდეა, რომელიც წარსულში მხოლოდ თეორიად ჩანდა, რეალურად უკვე მუშაობდა. სალომემ სტარტაპერული გამოცდილება საკუთარი ბიზნესისკენ მიმართა და სარეკლამო კომპანია ADSORIZON-ის ახლებურ სარეკლამო მიმართულებას ჩაუყარა საფუძველი. ასე გამოჩნდა ჰორიზონტზე მოძრავი სარეკლამო პლატფორმა, რომელიც სანაპიროს გასწვრივ დაცურავს, დამსვენებლების ყურადღების მისაპყრობად. უკვე პირველი დიდი თანამშრომლობაც შედგა კოკა-კოლასთან.

რატომ მუშაობს იდეა? ყოველ დილას, 10 საათზე, ორმხრივი ბანერებით აღჭურვილი გემი იწყებს მოგზაურობას ბათუმის იახტკლუბიდან. სანაპიროდან 100 მეტრ მანძილზე მოძრაობით, რეკლამა მზის ჩასვლამდე იზიდავს ათასობით დამსვენებლის მზერას. კომპანიის შემქმნელების დაკვირვებით, წყალზე მცურავი რეკლამა 5-ჯერ მეტხანს რჩება მნახველის მხედველობის არეში, ვიდრე ჩვეულებრივი ბილბორდი. დამატებით, სანაპიროზე მყოფი ადამიანების დადებითი განწყობა რეკლამის აღქმას დადებით ემოციურ კონტექსტს ჰმატებს. მეტიც, უჩვეულო ფორმატის გამო იზრდება ალბათობა, რომ თავად დამსვენებლებმა გააზიარონ რეკლამა TikTok-სა და Instagram-ის ვიდეოებში, რაც ორგანულ გავრცელებას უწყობს ხელს.

როგორ ჩამოყალიბდა ბიზნესიდეა, რა უპირატესობები აქვს წყალზე მცურავ რეკლამას და როგორ იზომება მისი ეფექტურობა? ამ საკითხებზე ADSORIZON-ის დამფუძნებელი სალომე ჯანელიძე გვესაუბრა.

M: როგორ გადაწყვიტეთ, რომ წყალზე მცურავი პლატფორმა რეკლამის ალტერნატივად გამოგეყენებინათ?

გარე სარეკლამო სივრცე ზედმეტად გადატვირთულია. სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან უამრავი ბანერი, ბილბორდი თუ ლაითბოქსია და რთულია რომელიმე ერთზე კონცენტირება. სწორედ ამ ვიზუალურ აურზაურში გამიჩნდა კითხვა: რატომ არ ვიყენებთ ზღვას, როგორც სარეკლამო სივრცეს?

მახსოვს, ამ თემაზე მეგობრებსაც ვესაუბრე, თუმცა, მაშინ ეს იდეა ყველას, მათ შორის მეც, პოტენციალს მოკლებული გვეჩვენებოდამსგავსი მაგალითი არსად გვქონდა ნანახი და ტექნიკურად ვერ წარმოვიდგინეთ, როგორ შეიძლებოდა ამის განხორციელება, ამიტომ დავიწყებას მიეცა. რამდენიმე წლის შემდეგ კი, ამერიკაში ყოფნისას, ოკეანეში შემთხვევით დავინახე მცურავი სარეკლამო გემები. კმაყოფილმა გავიფიქრე, რომ აი, თურმე შესაძლებელი ყოფილა!

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, კიდევ ხანგრძლივმა პერიოდმა გაიარა, სანამ, ერთ დღესაც, იმ ტექნოლოგიურ სტარტაპს, რომელშიც ვმუშაობდი, ფინანსური პრობლემები არ შეექმნა. ჩავთვალე, რომ ეს იყო ნიშანიზაფხული იწყებოდა, ზღვის სეზონი, იდეალური დრო იყო ამ იდეის განხორციელებისთვის და გადავწყვიტე ახალი დამსაქმებლის ან ახალი ფრილანსის ძიების ნაცვლად, მთელი რესურსი ამ მიმართულებაზე  მუშაობისთვის დამეთმო.

M: რა უპირატესობები აქვს წყალზე მცურავ ბანერებს ტრადიციულ გარე რეკლამასთან შედარებით, მაგალითად, როგორ ზომავთ ხილვადობასა და ეფექტიანობას?

უპირატესობებზე საუბრისას, პირველ რიგში უნდა შევეხოთ ბრენდთან დადებითი ემოციური ასოციაციები ჩამოყალიბებას. ადამიანი ნებისმიერი სტიმულის აღქმას ემოციასთან აკავშირებს, შესაბამისად, მომხმარებლის ქცევაზე გადამწყვეტ როლს სწორედ ემოციური განწყობა თამაშობს. მაგალითად, ბილბორდი, რომელსაც ქალაქის ხმაურში და საცობში მყოფი ადამიანი ხედავს, ქვეცნობიერად გადაღლილობასა და ყოველდღიურ რუტინასთან ასოცირდება. ხოლო როდესაც ბრენდის რეკლამა სანაპირო გარემოში ჩნდებასადაც ადამიანები თავს მშვიდად, თავისუფლად და დასვენებულად გრძნობენ კამპანია ავტომატურად იძენს სასიამოვნო ემოციურ კონტექსტს და ზრდის ბრენდისადმი კეთილგანწყობას.

მეორე – გახანგრძლივებული ხილვადობა. მაშინ როცა გზისპირა ბანერს წამებში ჩაუვლით, მცურავი რეკლამა ერთი წერტილიდან 5+ წუთის განმავლობაში ჩანს, რაც საკმარისია ბრენდის შეტყობინების სრულად აღქმისთვის. მესამე – მობილურობა და მოცვა: გემი მთელ სანაპირო ზოლზე მოძრაობს და ერთდროულად ფარავს ყველა პოპულარულ პლაჟს. მეოთხე – ექსკლუზიურობა: პარტნიორები იღებენ უნიკალურ შესაძლებლობას, იყვნენ ერთადერთი წარმომადგენლები თავიანთი სფეროდან ამ ახალ, ჯერ გაუჯერებელ მედიუმში.

ამას ემატება სოციალური მედიის ორგანული გავრცელება – უჩვეულო ფორმატი ხშირად ხვდება დამსვენებლების ფოტოებსა და ვიდეოებში. კოკა-კოლას გემის შემთხვევაში, ერთ თვეზე ნაკლებ დროში TikTok-სა და Instagram-ზე ათასობით ორგანული ნახვა დაგროვდა, დამატებითი მარკეტინგული ბიუჯეტის გარეშე.

ამას გარდა, შესაძლებელია გემზე დამონტაჟდეს ბანერი QR კოდით, რომელიც მომხმარებელს უბიძგებს, რომ გათამაშებაში ჩაერთოს, გადმოწეროს აპლიკაცია, შეიძინოს პროდუქტი ონლაინ ან რაიმე მსგავსი, რითიც კიდევ უფრო მარტივი იქნება შედეგების გაზომვა.

M: გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი სარეკლამო შეთავაზება სიახლეა, როგორ მიიღეს ეს იდეა დამკვეთებმა?

ინოვაციური იდეები დამკვეთებს აღაფრთოვანებთ, მაგრამ ამავდროულად აფრთხობთ ხოლმე. როგორ მიიღებს ამას საზოგადოება? საერთოდ, შესაძლებელია ასეთი რაღაცის რეალურად გაკეთება? – ეს კითხვები პოტენციურ დამკვეთებს აუცილებლად ექნებოდათ, ამიტომ თავიდანვე ვიცოდი, ბრენდი , რომელთანაც ამ ახალ გარე სარეკლამო სივრცეზე სასაუბროდ მივიდოდი გაბედული, თანამედროვე, ინოვაციური უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, ყველა კომპანია, რომელსაც შევთავაზეთ ეს უნიკალური სივრცე, სწორედ ამ კრიტერიუმით იყო შერჩეული.

როცა მცურავი ბილბორდების იდეაზე დავიწყეთ მუშაობა, პირველ რიგში, სწორედ კოკა-კოლა წარმომედგინა მათზე გამოსახული, თუმცა მათთან დაკავშირება უჩვეულოდ მოხდა: სულ სხვა კომპანიის მარკეტინგის დირექტორთან მქონდა შეხვედრა, რომელსაც ზაფხულის ბიუჯეტი უკვე გაწერილი ჰქონდა, მაგრამ იდეა მოეწონა. უცებ მკითხა, კოკაკოლასთან თუ გქონდა უკვე პრეზენტაციაო და თავად დამაკავშირა.

დანარჩენი უკვე დამოკიდებული იყო თავდაჯერებულობაზე, სწორ კომუნიკაციაზე და იმაზე, რომ საკონტაქტო პირი აღმოჩნდა სიახლეებისთვის ღია და შეძლო დიდი სურათის დანახვა. ჩვენ მხოლოდ ბანერის დამონტაჟება შევთავაზეთ, გემისთვის კოკაკოლას ქარავანის სახის მიცემა სრულად მათი ხედვით მოხდა და სანაპიროზე ბავშვების ბედნიერი რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო.

M: როგორია საერთაშორისო პრაქტიკა ამ ტიპის რეკლამის კუთხით?

ზღვაზე მცურავი ბანერები სიახლეა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაშიც. ვამაყობ, რომ პირველებმა შევძელით გაგვეშვა ეს პროექტი და ახლა უკვე ვფიქრობთ, როგორ გავიტანოთ იდეა სხვა ქვეყნებშიც.

M: თქვენს ვებგვერდზე ვხედავთ სხვა სერვისებსაც, რომლებიც ზღვასთან და ზაფხულთან არის დაკავშირებული. კიდევ, რა სახის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

ჩვენ ვფარავთ ზღვასთან და ზაფხულთან დაკავშირებულ ყველა სერვისს იქნება ეს სანაპიროს მოწყობა, პარაშუტებისა და იალქნიანი ნავების ბრენდირება, საზაფხულო წვეულებებისა და კამპანიების გემებზე მოწყობა თუ ორიგინალური გზით ხელის თხოვნა. ჩვენი სამომავლო გეგმა და ამბიციაა, რომ ზაფხულის კამპანიებზე ფიქრისას მარკეტერებს პირველ რიგში ADSORIZON ახსენდებოდეთ.

„სუპერმასი“ – მასწავლებლის პროფესიას კომიქსების სერია მიუძღვნეს

მოემზადე სკოლისთვის კარფურთან ერთად – ყველა სასკოლო ინვენტარი ერთ სივრცეში