in

ქართველი ილუსტრატორებისა და Adult Swim-ის თანამშრომლობა ევროპის მასშტაბის კამპანიით გაგრძელდა!

სულ რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც Ricky and Morty-ის სოციალური მედიის არხებისთვის Adult Swim-მა ილუსტრაციების შექმნა ქართველ ტალანტებს მიანდო. „დემლაბისა“ და Adult Swim-ის თანამშრომლობა Ricky and Morty-ის ახალი სეზონისთვის ილუსტრაციების შექმნით არ დასრულებულა. ამჯერად, Adult Swim-მა ქართული ტალანტი თავისი ყველა ანიმაციური სერიალის ახალი კამპანიისთვის მოიხმო. კომპანიამ ქართულ გუნდს მიანდო Rick and Morty-ის, Mr. Pickles-ის, Samurai Jack-ის, Smiling Friends-ის, Ninja Kamu-სა და Primal-ის პერსონაჟებისთვის ილუსტრაციების შექმნა. ილუსტრაციების სერიაზე, სახელწოდებით Blue Era ქეთი მსხილაძემ იმუშავა. ნამუშევრები ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით გამოჩნდება სოციალური მედიით. პროდიუსერ ნინიკო ბოჯგუას თქმით, გასული თვეების განმავლობაში თანამშრომლობა გახშირდა და მოსალოდნელია, რომ „დემლაბი“ ეტაპობრივად უფრო მეტი ილუსტრატორის ჩართვას შეძლებს მსგავს პროექტებში.

M: ეს არაა პირველი თანამშრომლობა „დემლაბსა“ და Adult Swim-ს შორის…

დიახ, პირველი თანამშრომლობა შედგა Ricky and Morty-ის ახალი სეზონის გამოსვლისას, როდესაც სოციალური მედიისთვის სურდათ ილუსტრაციების შექმნა. შემდეგ, სხვადასხვა პერიოდში თანამშრომლობისას 7 პოსტერი შევქმენით, სადაც ცნობილი ფილმები გავაცოცხლეთ Ricky and Morty-ის პერსონაჟებით. ვიმუშავეთ სერიალ Happy Friends-ის ილუსტრაციებზეც. გამომდინარე იქიდან, რომ აქამდე უკვე ვითანამშრომლეთ და კარგი გამოცდილება გვქონდა, ამჯერად, გავხდით იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რომელიც Adult Swim-ის ყველა პროდუქტის ევროპის მასშტაბით გავრცელებას გულისხმობდა. ამჯერად, Blue Era სერიის ფარგლებში, ათი პოსტერის შექმნა სურდათ, ანიმაციური სერიალების პერსონაჟებით. ილუსტრაციებში უნდა წარმოგვეჩინა პერსონაჟების ხასიათი და მიმიკები, გამომეტყველება და სტილი თავად შეგვეთავაზებინა. დაახლოებით, სამი კვირა დაგვჭირდა ილუსტრაციებზე სამუშაოდ.

M: ქეთი მსხილაძე როგორ შეარჩიეთ ილუსტრაციებზე სამუშაოდ?

ქეთი გახლავთ ანიმატორი. Adult Swim სააღდგომო პოსტერისთვის დამწყებ ილუსტრატორს ეძებდა, ამიტომ Animatory-ის გუნდში ვიკითხე, ვინმე თუ დაინტერესდებოდა. მოეწონათ ქეთის გაკეთებული ჩანახატი და ასე შედგა Adult Swim-თან მისი პირველი თანამშრომლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ილუსტრატორს აქვს ხედვა, შეუძლია თავადაც ჩაერთოთ პროცესში, შესთავაზოს უკუკავშირი და არ იყოს უბრალოდ შემსრულებელი. ამჯერადაც, როდესაც Blue Era-თვის სურდათ მასშტაბური საკომუნიკაციო კამპანიის დაწყება, ქეთის შევთავაზეთ ამ სერიაზე მუშაობა და სიამოვნებით დათანხმდა.

M: „დემლაბის“ შემოქმედებითი მხარე გავიცანით ანიმაციური სერიალით „სხვა ლეველის ოდისეა“. როგორ გაფართოვდა თქვენი საქმიანობა, ამ მასშტაბის თანამშრომლობამდე?

თავდაპირველად, როდესაც ჩვენს პირველ ანიმაციურ პროექტზე, „სხვა ლეველის ოდისეაზე“ ვმუშაობდით, საერთოდ არ მიფიქრია, რომ ქართველი ილუსტრატორების/ანიმატორების ნამუშევრების საზღვარგარეთ გატანას შევუწყობდი ხელს. თუმცა, როდესაც Warner-ის წარმომადგენელი გავიცანი, მივხვდი, რომ ეს ბაზარი ძალიან დიდია, არის მოთხოვნა ქართულ ტალანტებზე და იდეაც თავისთავად დაიბადა – „დემლაბი“ ყოფილიყო დამაკავშირებელი კომპანია, ჩამოგვეტანა საინტერესო პროექტები საქართველოში და ქართველ არტისტებთან თანამშრომლობით შეგვექმნა ხარისხიანი პროდუქტი. რაკი Adult Swim-თან და Warner-თან ჩვენი თანამშრომლობა გახშირდა, ვიმედოვნებთ Anomatory-ის გარდა, სხვა ილუსტრატორებთანაც შევძლებთ თანამშრომლობას და მათ პორტფოლიოშიც მოხვდება ასეთი კომპანიებისთვის შექმნილი ნამუშევრები.

M: როგორ შეიძლება განვითარდეს „დემლაბის“, როგორც დამაკავშირებლის როლი?

ვფიქრობ, საინტერესო გაგრძელება ექნება ამ ყველაფერს. დროთა განმავლობაში, დამიგროვდა არტისტების თუ ტალანტების მაძიებელი კომპანიების სია. გვინდა, ჩამოვიყვანოთ მათი წარმომადგენლები საქართველოში, გავაცნოთ გარემო და შეძლონ ქართული ტალანტების მოძიება პროექტებისთვის, დამოუკიდებლად თუ ჩვენი დახმარებით. მეორე მხრივ, „დემლაბის“ წარმომადგენლები ვესაუბრებით დიდ კომპანიებს, ვუხსნით, რა შესაძლებლობები და რესურსები გვაქვს, როგორ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ. შემიძლია ვთქვა, რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანი შეთავაზებები გვაქვს, რასაც ძალიან უწყობს ხელს ამდენი პროფესიონალის არსებობა ჩვენს ქვეყანაში. ვფიქრობ, მომდევნო 2 წლის განმავლობაში, ეს მასშტაბი კიდევ უფრო გაიზრდება. ძალიან საინტერესო დროში ვცხოვრობთ. ჯერ კიდევ სამი წლის წინ, წარმოუდგენელი მეგონა ანიმაციაზე მუშაობა, Adult Swim-სა და Warner-თან თანამშრომლობაზე რომ არაფერი ვთქვა. ვფიქრობ, ეს ასეც უნდა გაგრძელდეს და ყველა ვეცადოთ, რომ ქართული ტალანტი ქვეყნის გარეთ გავიტანოთ.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

„უკან საწყისებისკენ“ – Land Cruiser Prado 2024-ის პრეზენტაცია საირმეში გაიმართა

DeepMind-ის ახალი AI ვიდეოებისთვის დიალოგებსა და მუსიკებს აგენერირებს