18
Dec
2019

ბაკურ ბურდულის “გილოცავთ ახალ წელს”, Advan-ის და Domus-ის სოციალურ კამპანიაში

18 Dec 2019



შუქი ინთება, საზეიმოდ მორთულ სცენაზე ბავშვები ერთი მეორის მიყოლებით გამოდიან და ჩვენთვის კარგად ნაცნობი მომღერლების ხმებით ასრულებენ სიმღერას “გილოცავთ ახალ წელს”. ხმებში მარტივია ამოვიცნოთ ბაკურ ბურდული, ზურა ჯავახია, ქეთი ორჯონიკიძე და სხვები. თუმცა, საერთო მხიარულებაში, არც ისე მარტივია შეამჩნიოთ, მაგალითად, ეტლით მოსარგებლე ბიჭუნა და გოგონა, წვეთოვანით ხელში. ვიდეორგოლში ბავშვების სამედიცინო მოწყობილობა მათთვის საოცნებო ნივთად გარდაიქმნება. ეტლი კოსმოსურ ხომალდად იქცევა, წვეთოვანის დანადგარი კი, უზარმაზარ ჯადოსნურ ჯოხად. ვიდეორგოლის ბოლოს, მაყურებელი ხედავს ბავშვების რეალურ კადრებს, იმ ბავშვებისას, რომელთა ფოტოებსაც სოციალურ ქსელებში ხშირად გულგრილად ვუვლით ხოლმე გვერდს. კამპანიის მიზანი, ამ ბავშვებისთვის სამკურნალო თანხის შეგროვებაა.

 

ამ საახალწლო ვიდეორგოლის გარდა, სპეციალურად კამპანიისთვის, შეიქმნა ვებგვერდი www.gilotsavtakhaltsels.ge, ონლაინ პლატფორმა, რომელიც ბავშვების ჯადოსნურ სამყაროში შეგახედებთ. საიტზე აიტვირთება ბავშვების ამბები, მათი ოცნებები და ფორმა 100, რითაც ჯანმრთელობის მდგომარეობას გაეცნობით.

ჩვენ ერთმანეთს ვულოცავთ ახალ წელს და ეს სიტყვები ჩვეულებრივი მილოცვის ფორმაა. ვიღაცისთვის კი ახალი წელი და ახალი წლები შეიძლება უბრალოდ არ დადგეს. მათთვის ეს სიტყვები ნიშნავს გადარჩენას, ნიშნავს იმას, რომ ისინი ცხოვრებას აგრძელებენ,” – ამბობენ Advan-ში.

კამპანიაზე სააგენტო Advan, ბაკურ ბურდული და სამშენებლო კომპანია Domus მუშაობდნენ.

განხილვა