მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ჩვენგანს „შიშის ზარს სცემს“ ყველაფრის AI სისტემებით გაკეთების ტენდენცია, კრეატიული სააგენტოების დიდი ნაწილი ამ შანსს საინტერესოდ იყენებს. მათ რიცხვს განეკუთვნება Design Army, რომელმაც ოპტიკის ბრენდის კამპანიისთვის ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები გამოიყენა — შედეგი კი გამაოგნებელი აღმოჩნდა.
40 წლის განმავლობაში Georgetown Optician-ს ერთი და იმავე დიზაინერები მართავდნენ, ახლა კი ცვლილებების სურვილი გაუჩნდათ. შედეგად, Design Army-ს დაევალა, ბრენდის ახალი მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით შეექმნა კამპანია — თანაც, ამისათვის საკმაოდ მცირე დრო ჰქონდათ, რაც კრეატიულობის მაქსიმალურად მოკლე ვადაში გამოვლენას მოითხოვდა.
„ამან ახალ იდეებამდე მიგვიყვანა და დაგვაფიქრა, როგორ უნდა შეგვექმნა სუპერ წარმოსახვითი, ძლიერი კამპანია ასე სწრაფად. სიმართლე გითხრათ, თავიდანვე წარმოვიდგინეთ A-EYE-Meets AI კონცეფცია… ხელოვნური ინტელექტი ხომ საოცრად სწრაფია და საშუალებას გვაძლევდა, ერთობლივი მუშაობით ის შედეგი მიგვეღო, რომელსაც ყველა ელოდა“, — ამბობს პამ ლეფებური, კრეატიული დირექტორი.
Georgetown Optician ცნობილია თავისი პიონერული მიდგომით ოკულისტური მეცნიერებისადმი და მოდური სათვალეების ჩარჩოებით. ამის გათვალისწინებით, კომპანიისთვის ახალი სოციალური კამპანია შთაგონებულია სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმებით… ამ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი თვალის ფორმის უცხოპლანეტელებით დასახლებულ პლანეტაზე გაკეთდა.
ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების გამოყენებასთან ერთად, Design Army-ის თანამშრომლები პასუხისმგებელნი იყვნენ ტიპოგრაფიაზე, ანიმირებასა და ხმის დიზაინზე. „Adventures In A-EYE შთაგონებულია მუდმივი ძიებით, რათა რაღაც სრულიად ახალი აღმოვაჩინოთ. ამ ხედვით, უჩვეულო ამბავი გამოვიგონეთ მოგზაურობის შესახებ, რომელიც უცხოპლანეტელთა მიწაზე მიმდინარეობს. მთავარი კი ის არის, რომ პლანეტის მკაცრ პირობებში სათვალეების ტარება აუცილებელია, რათა დაზიანებისგან დაიცვან“, — განმარტავს ლეფებური.