5
Jun
2019

არ შეამოწმოთ საბანკო ანგარიში Public Wi-Fi-ის ქსელიდან და სხვა რჩევები ონლაინ უსაფრთხოებისთვის

5 Jun 2019

ინტერნეტთაღლითობა მსოფლიოში გავრცელებული დანაშაულია და ბოლო დროს, მას ხშირად ვხვდებით საქართველოშიც. ინტერნეტდამნაშავეები რაოდენობით ჩვეულებრივ კრიმინალებს სულაც არ ჩამოუვარდებიან. მათ უნდათ ჩვენი ფული და ისინი იყენებენ მრავალგვარ მეთოდს მიზნის მისაღწევად. ფიშინგი ინტერნეტთაღლითობის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა, რომლისგანაც არავინ ვართ დაზღვეული. ეს არის გზა პირადი მონაცემების, პაროლების, საბანკო ინფორმაციისა თუ კომპიუტერში არსებული მასალების უცხო ხელში აღმოსაჩენად. ამისათვის, ონლაინკრიმინალები ქმნიან ყალბ ვებგვერდებს, გავსებინებენ იქ არსებულ ველებს და თქვენივე ხელით გართმევენ მათთვის სასურველ ინფორმაციას.

ამ პირობებში, რთულია რომელიმე ონლაინრესურსს, ონლაინსერვისსა თუ ვებგვერდს ენდოთ. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ უნდა ენდოთ ისეთ კომფორტულ საშუალებებს, როგორიც მობილბანკი თუ ინტერნეტბანკია. მიუხედავად ამისა, მათით სარგებლობის შემთხვევაშიც, თქვენგან საჭიროა მეტი ყურადღება, სიფრთხილე და დაკვირვება, რადგან ინტერნეტთაღლითები სხვადასხვა ბანკის სახელს, ლოგოს, ყალბი ვებგვერდის მისამართებს არიან ამოფარებულები.

როგორ უნდა გამოვიყენოთ ინტერნეტ და მობაილბანკი უსაფრთხოდ? გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

ინტერნეტბანკით სარგებლობისას დარწმუნდით რომ იმყოფებით დაცულ ვებგვერდზე – ოფიციალურ ინტერნეტბანკის მისამართზე. თუნდაც 1 სიმბოლოს ნაკლებობა ან მეტობა, ან სხვა სახელით არსებობა, ნიშნავს იმას, რომ თქვენ თაღლითის სამიზნე ხართ.

არავის გადასცეთ ინტერნეტ და მობილბანკში შესასვლელი სახელი, პაროლი და ერთჯერადი კოდი, ისინი მხოლოდ თქვენია და უსაფრთხოდ მათი გამოყენება შეგიძლიათ ინტერნეტბანკის ოფიციალურ მისამართზე.

არ შეამოწმოთ თქვენი საბანკო ანგარიში „Public Wi-Fi“-ის ქსელიდან და საერთოდ, არ გამოიყენოთ თქვენთვის უცნობი Wi-Fi ქსელი. Wi-Fi ქსელთან დაკავშირება ერთგვარი მონაცემთა მიმოცვლაა. შესაძლოა, ბევრჯერ გაგიმართლათ და თქვენი მონაცემი ჯერ არავის დაუმუშავებია, თუმცა, არსებობენ ინტერნეტდამნაშავეები, რომლებმაც იციან ეს როგორ გააკეთონ. ასევე, ეცადეთ არ გქონდეთ ჩართული Bluetooth თქვენს ტელეფონში, თუ ის არ გჭირდებათ;

შეეცადეთ, რომ თქვენი ინტერნეტ და მობილბანკის პაროლი იყოს უნიკალური, არ გქონდეთ ეს პაროლი გამოყენებული სხვა გვერდებზე; სასურველია, რომ პაროლი იყოს რთული, რომელიც შეიცავს ციფრებს, დაბალი და მაღალი რეგისტრის სიმბოლოებს – ამით თქვენ უფრო მეტად იცავთ თქვენს პირად საბანკო ინფორმაციას. ასეთი პაროლის გამოცნობა და გატეხვა რთულია.

არ შეინახოთ ავტომატურ რეჟიმში თქვენი პაროლი ინტერნეტსივრცეში. არ შეინახოთ პაროლი დაუცველ ფაილებში მაგალითად თქვენს ტელეფონში ან კომპიუტერში, გამოიყენეთ password manager პროგრამა, თუ გიჭირთ პაროლის დამახსოვრება.

კომპიუტერსა და ტელეფონში, საიდანაც სარგებლობთ ინტერნეტ და მობილბანკით პერიოდულად გამოიყენეთ ანტივირუსული პროგრამები.

და ბოლოს, არავის გაუზიაროთ თქვენი ბარათის მონაცემები, CVV კოდი, პინკოდი.

განხილვა