19
ოქტ
2017

როგორ დავწეროთ ბლოგი ჩვენი კომპანიისთვის?

19 ოქტ 2017

დღეს, ბეჭდურ და ონლაინ სივრცეში იმდენი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, ძნელია რამე საინტერესო შევთავაზოთ მკითხველს.  განსაკუთრებით რთულია კომპანიისთვის წერა და  მისი სახელით მომხმარებლებთან საუბარი. თუმცა, არსებობს რამდენიმე ხერხი, რაც ტექსტებს საინტერესოს ხდის და მას სამიზნე აუდიტორია მაინც კითხულობს.

statiebi-bog

 

საუბრის ტონი მოდის ჩვენგან და არა კომპანიისგან !

მომხმარებელთან კომუნიკაციის ან უბრალოდ მათი ინფორმირებისთვის ხშირად ვიყენებთ ბლოგის პლატფორმას. თუმცა, გვავიწყდება, რომ ჩვენი საუბრის ტონი განსხვავებული უნდა იყოს. ასეთ დროს, შესაძლოა, რაიმე შაბლონითაც კი ვიხელმძღვანელოთ, მაგრამ გვახსოვდეს, ჩვენ კომპანია კი არა, მისი წარმომადგენლები ვართ და აუდიტორიასთან უფრო უშუალოები უნდა ვიყოთ. ხშირად გამოვიყენოთ სიტყვები „მე“ და „ჩვენ“. აუცილებელია, გავმიჯნოთ ჩვენი და კომპანიის საუბრის ტონი ერთმანეთისაგან.

დავიწყოთ წერა საკუთარი ისტორიით !

ეს საუკეთესო გზაა მომხმარებლებთან საუბრის დასაწყებად. კარგი იქნება, მოვუყვეთ ამბავი ჩვენზე და ჩვენს კომპანიაზე. არავინ წაიკითხავს რეცეპტივით ჩამოწერილ რჩევებს. ხალხს ისტორიები აინტერესებს. უნდა ვუამბოთ, რა ვისწავლეთ მათგან და როგორ განვვითარდით. მკითხველს ეს ძალიან მოსწონს, რადგან თავადაც იგივე სურს. სხვისი შეცდომები და გამოცდილება კი განვითარების საუკეთესო საშუალებაა.

საერთოდ ნუ დავწერთ, თუ სათქმელი არაფერი გვაქვს ! 

ზოგჯერ სათქმელი არაფერი გვაქვს, მაგრამ მომხმარებლებს მაინც მივმართავთ. თუ სადაზღვევო კომპანიის ბლოგზე გამოქვეყნდება სტატია „5 მიზეზი, რატომ უნდა დააზღვიოთ მცირე ბიზნესი“ არავინ წაიკითხავს. ამაში ახალი არაფერია. შესაბამისად, მკითხველისთვისაც უინტერესოა. აუდიტორიას ისეთი რამ უნდა მოვუყვეთ, რაც მათთვის სიახლე და მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, წერისას ნუ ვისაუბრებთ ყველაფერზე. სტატიები ერთმანეთთან თემატურად უნდა იყოს დაკავშირებული. ასევე მნიშვნელოვანია, მკითხველს დამრიგებლური ტონით არ ველაპარაკოთ.

დავურთოთ ტექსტს ვიზუალური მასალა !

გაფორმებული ბლოგი უფრო საინტერესოა. უნდა ვეცადოთ, ფოტო თემატურად და შინაარსობრივად ყოველთვის შეესაბამებოდეს ტექსტს. მაგრამ ნურც ისეთი ბანალურები ვიქნებით, რომ გამოვაქვეყნოთ ფოტო, სადაც ბიჭი წერს ან გოგონა ბეჭდავს.

ვწეროთ მხოლოდ იმ თემაზე, რაც გვაინტერესებს ! 

მკითხველთან დასაახლოებლად ისეთ თემებზე უნდა ვწეროთ, რაც რეალურად გვაღელვებს და გვაინტერესებს. ჩავთვალოთ, რომ თანამშრომლებთან ერთად სამზარეულოში განვიხილავთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს. თუმცა, არ დაგვავიწყდეს ლექსიკა და საუბრის ტონი, რაც არ უნდა იყოს, აუდიტორიას ვესაუბრებით.

კარგი იდეა რომ მოვიფიქროთ, საკითხს ბავშვურად უნდა მივუდგეთ ! 

ბავშვობაში კარგი იდეები ყველას მარტივად მოგვდის. ასევე, გვეადვილება მათზე საუბარი და მით უმეტეს წერა. უკვე ზრდასრულებს კი, ხშირად ჩვენი აზრების სწორად გადმოცემა გვიჭირს – ბევრს ვწვალობთ, რომ წერისას შესაფერისი სიტყვები ვიპოვოთ. ჩვენი დაწერილი ბლოგი ან სტატია არ უნდა იყოს მოსაწყენი. ეს უნდა გვახსოვდეს მაშინაც კი, როდესაც კომპანიის სახელით ვსაუბრობთ.



განხილვა