პროფესიები ადამიანთა თაობებივით იცვლება – ზოგი ფორმას იცვლის, ზოგი ჩნდება, ზოგი კი საერთოდაც ქრება. სამყარო სავსეა საქმეებით და ამ საქმეების შემსრულებელი ადამიანები ყოველთვის იქნებიან საჭირო. ყველა პროფესია განსხვავებულია და სხვადასხვა მიზანს, სხვადასხვა შედეგს ემსახურება. არსებობს სპეციალობები, რომელთა დასაუფლებლადაც წლების განმავლობაში ვიბრძვით, თუმცა არსებობს უფრო მარტივად ათვისებადი, მოკლე დროში შესასწავლი საქმეებიც, რომლებსაც არ სჭირდება მრავალგზის დიპლომი იმისთვის, რომ ბაზარზე კონკურენტუნარიანები გავხდეთ და ანაზღაურებაც საშუალოზე მაღალი ან მაღალი გვქონდეს. გვსურს, სწორედ ამგვარ პროფესიებს გადავხედოთ და მათგან 7 ყველაზე აქტუალური ვარიანტი გამოვარჩიოთ.
1. კულინარია
გასტრონომიული სფერო სულ უფრო ვითარდება როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. შეფმზარეულები და მათი დამხმარეები ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად კადრებაც გადაიქცნენ, რადგან მომხმარებელს სულ უფრო მაღალი ხარისხის საკვებზე, სერვირებაზე აქვს პრეტენზია და რესტორნები, სასტუმროები, კაფეები თუ სხვა გასტრონომიასთან ახლოს მყოფი ობიექტები დიდ ყურადღებას უთმობენ, თუ ვინ მოამზადებს მათი სტუმრებისთვის დასამახსოვრებელ კერძებს.
ეს არის პროფესია, რომლის სასწავლადაც საჭიროა კარგი გემოვნება, საჭმლის მომზადების სიყვარული, მრავალფეროვნების განცდა და მოხერხებულობა. არსებობენ როგორც თვითნასწავლი, ისე სერტიფიცირებული მზარეულები, რომლებიც სხვადასხვა კურსს გადიან და ისე იძენენ სპეციალობას. მზარეულის საშუალო ანაზღაურება დაახლოებით 1200 ლარიდან იწყება საქართველოში და დაახლოებით 4000 ლარამდე მერყეობს.
2. ბუღალტერია
დასაქმების ბაზარს თუ გადახედავთ, კარგ ბუღალტერზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. მათ მეორენაირად ფინანსურ მენეჯერებადაც მოიხსენიებენ ხოლმე. საბუღალტრო საქმიანობის გარეშე არცერთი ბიზნესი არ მუშაობს, შესაბამისად, ეს კადრი ყველა დიდ თუ პატარა კომპანიას სჭირდება.
არსებობს საკმაოდ ბევრი კურსი, რომელთა ხანგრძლივობაც 2 ან 4 თვემდე გრძელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რეალურად, საკმაოდ მოკლე დროში ახალი პროფესიის დაუფლებაა შესაძლებელი, რომელიც ასევე ნორმალურად ანაზღაურებადიც შეიძლება გახდეს, გარკვეული პრაქტიკის მოგროვების შემდეგ. ბუღალტრის საშუალო ხელფასი საქართველოში 500 ლარიდან იწყება და 3000-მდეც კი ადის. ეს თანხა დამოკიდებულია დამსაქმებელ ორგანიზაციაზე, კანდიდატის გამოცდილებასა და იმ მოვალეობებზე, რომლებიც მას ეკისრება.
3. პროგრამირება
პროგრამირება რომ ის სფეროა, რომელმაც 21-ე საუკუნე მოიცვა, ამაზე უკვე არც არავინ დავობს და არც ეჭვი ეპარება. რა თქმა უნდა, კომპიუტერული მეცნიერებები დიდი დარგია და მას უმაღლეს სასწავლებლებშიც სწავლობენ, თუმცა დარწმუნებულნი ვართ, თითოეულ მკითხველს მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც ჰყავს სანაცნობოში, ვინც დამოუკიდებლად ან მოკლე კურსის გავლის შემდეგ ისწავლა პროგრამირების რომელიმე ენა და დღეს წარმატებით საქმიანობს. ბოლო კვლევის თანახმად, პროგრამისტის საშუალო ანაზღაურება საქართველოში 4,500 ლარს შეადგენს. გამოცდილებისა და პროგრამირების მრავალფეროვანი ენების ცოდნის შემთხვევაში კი, ეს თანხა კიდევ იმატებს.
4. დიზაინი
დიზაინის მიმართულებაც საკმაოდ ფართოა, თუმცა ამ ეტაპზე ციფრულ სფეროში მომუშავე დიზაინერებზე ვისაუბრებთ. დღესდღეობით გრაფიკული და UX/UI დიზაინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროფესიებია და მათ შესასწავლად 3-დან 6 თვემდე კურსების გავლაც საკმარისია. მეტიც, არსებობენ ისეთი დიზაინერები, რომლებიც ონლაინ პლატფორმების მეშვეობით, თავად სწავლობენ შესაბამის პროგრამებს და შემდეგ, პრაქტიკაში ხვეწენ თავიანთ ცოდნას. რამდენიმე თვეში შეძენილი პროფესიისთვის კი ანაზღაურება, რომელიც დიზაინერებზეა გათვლილი, არც ისე დაბალია. საწყის ეტაპზე, როცა კანდიდატს პატარა პორტფოლიო აქვს, შეიძლება ანაზღაურება არ იყოს მაღალი და დაახლოებით 800 ლარიდან დაიწყოს, თუმცა გამოცდილი დიზაინერები თვეში საშუალოდ 4000-5000 ლარსაც კი იღებენ. აქაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათი ნამუშევრების ორიგინალურობას, ხარისხს და პროექტებზე ეფექტურად მუშაობის დიდ გამოცდილებას.
5. სილამაზე/ესთეტიკის სფერო
ასევე ძალიან ტრენდულ ინდუსტრიას მივადექით. სილამაზისა და ესთეტიკის სფეროში შეიძლება შეხვდეთ როგორც უმაღლესი განათლების მქონე პერსონალს, თუმცა ისეთი პროფესიები, როგორებიცაა მანიკიურის სპეციალიტი, ვიზაჟისტი, სტილისტი და სხვა, შედარებით უფრო მოკლე დროში იძენენ პროფესიას. ეს სფეროები მარტივად ათვისებადია, მთავარია, რომ ადამიანს ჰქონდეს სურვილი და მონდომება. შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ კი აუცილებლად შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას და სამუშაოს შოვნასაც. ბევრი კურსდამთავრებული საკუთარ ბიზნესსაც იწყებს. მანიკიურის სპეციალისტის საშუალო ანაზღაურება დაახლოებით 1000-დან 2500 ლარამდე მერყეობს.
6. კურიერი
მიწოდების სერვისებზე მოთხოვნის გაზრდამ კურიერის პროფესიაც წინ წამოსწია. დღეს ქუჩებში ხშირად შეხვდებით სხვადასხვა კომპანიის ნიშნით მოსიარულე მოპედებს, მანქანებს, ველოსიპედებსაც კი, რომლებსაც შეკვეთა ადრესატთან აქვთ მისატანი. ეს არის საქმიანობა, რომლის ათვისებაც მარტივად ხდება, ამისთვის არანაირი კვალიფიკაცია არ არის საჭირო. ასევე კურიერს გრაფიკის საკუთარ დროზე მორგებაც შეუძლია, რადგან, როგორც წესი, კომპანიები იძლევიან საშუალებას, რომ დღის განმავლობაში კურიერმა ის პერიოდი აირჩიოს, რომელიც მისთვის არის მოსახერხებელი. გარდა ამისა, კურიერობის შეთავსება სხვა, ნებისმიერ საქმიანობასთან არის შესაძლებელი. რაც შეეხება შემოსავალს, როგორც ირკვევა, მათი ანაზღაურება გამომუშავებაზეა დამოკიდებული, თუმცა თვიურად ერთი კურიერის საშუალო ანაზღაურება დაახლოებით 2000-2500 ლარია.
7. ქოფირაითინგი
ქოფირაითინგი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სფეროა. კრეატული წერის უნარების ფლობა, ქართული და სასურველია, ინგლისურის გამართულად ცოდნა და უბრალოდ კარგი ფანტაზია სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ამ მიმართულებით დასაქმდეთ. გამოცდილი ქოფირაითერის საშუალო ხელფასი საქართველოში დაახლოებით 1000 ლარიდან იწყება და შეიძლება 3000 ლარიც შეადგინოს. ეს დამოკიდებულია, მის გამოცდილებასთან ერთად, დამსაქმებელი კომპანიის მოთხოვნებსა და სამუშაო გრაფიკზე. ამ პროფესიის მოქნილობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ქოფირაითერს შეუძლია რამდენიმე პროექტზე ერთდროულად იმუშაოს სრული განაკვეთის გარეშე.
ეს არის დღესდღეობით საკმაოდ მოთხოვნადი სპეციალობების მოკლე შეჯამება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მონაცემები ძირითადად დაფუძნებულია დასაქმების პლატფორმებზე მითითებულ ინფორმაციასა და ამ სფეროში მომუშავე ადამიანებთან გასაუბრებაზე.