თანამედროვე ბიზნესის სამყაროში, სადაც ტექნოლოგიები და ტენდენციები ყოველდღიურად ვითარდება, ერთი რამ რჩება უცვლელი – ადამიანური ფაქტორის გადამწყვეტი როლი ორგანიზაციის წარმატებაში. თუმცა რა ხდება, როდესაც ადამიანი არა მხოლოდ გარეგანი ფაქტორებით, არამედ შინაგანი ძალით არის მოტივირებული? არსებულ სწრაფად ცვალებად და არასტაბილურ ბიზნეს გარემოში, როდესაც კომპანიები მუდმივად ეძებენ კონკურენტულ უპირატესობას, ეფექტური გამოსავალი შესაძლოა უფრო ახლოს იყოს, ვიდრე ვფიქრობთ – გუნდის შინაგან მოტივაციაში, რომელიც პირდაპირ აისახება მომხმარებლის კმაყოფილებასა და ბიზნესის შედეგებზე.
Advisor Team-ის დამფუძნებელმა ნათია ჭიაურელმა კარიერა ეგვიპტეში, ანიმატორობით დაიწყო და საბოლოოდ, საერთაშორისო სასტუმროების ქსელების მართვამდე მივიდა. 20-წლიანი კარიერული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, ცოტა ხნის წინ ახალ მისიას შეეჭიდა. მას სჯერა, რომ თვითმოტივაცია არის არა მხოლოდ კარიერული წინსვლის ინსტრუმენტი, არამედ ცხოვრების სტილი, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის როგორც სამუშაო გარემოს, ისე ადამიანის პირად ცხოვრებას.
„ერთ დღეს ჩემთვის ძალიან კომფორტული და სტაბილური კარიერა დავტოვე, რომ შემექმნა ისეთი ღირებული რამ, რაც რეალურად დაეხმარებოდა სხვებს,“ – ამბობს ის და გვიზიარებს ხედვას, თუ როგორ შეუძლია შინაგანად მოტივირებულ ადამიანს შეცვალოს არა მხოლოდ საკუთარი პროფესიული გზა, არამედ მთელი ორგანიზაციის კულტურა.

M: ხშირად გვესმის თანამშრომელთა მოტივაციაზე, თუმცა, რამდენად მნიშვნელოვანია და რა როლი აქვს თვითმოტივაციას სამსახურში?
სამსახურში ყოველდღიური გამოწვევები, რუტინა, სტრესი და მაღალი დატვირთვა უდავოდ ზემოქმედებს ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე. მე მჯერა, რომ ადამიანებს შეუძლიათ ისწავლონ, როგორ იგრძნონ თავი უკეთ სამსახურში, რაც დღევანდელ რეალობაში ბევრისთვის არცთუ ისე მარტივია.
თვითმოტივაცია ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც შენ აკეთებ საქმეს და მოტივაციის წყარო არის შენი პიროვნული ზრდა, თვითრეალიზება, მიზნები და ცნობისმოყვარეობა, ეს გაძლევს შესაძლებლობას, არ დაკარგო პროფესიული ენთუზიაზმი. შინაგანად მოტივირებული ადამიანი გრძნობს თავს სასარგებლოდ და მნიშვნელოვნად, რაც საბოლოოდ, მთელს გუნდზე დადებითად აისახება.
M: რატომ არის კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი, რომ მათ თანამშრომელს მაღალი თვითმოტივაცია ჰქონდეს?
დღევანდელ სწრაფად ცვალებად და არასტაბილურ ბიზნეს გარემოში კომპანიის საიმედოობა იწყება შიგნიდან, შინაგანად მოტივირებული თანამშრომლისგან. მოტივირებული თანამშრომელი არ მოქმედებს მხოლოდ დავალების ჩარჩოში და არ ელოდება მითითებას. ის არის ინიციატორი, რომელიც ხედავს საკუთარ როლს და გრძნობს პირად პასუხისმგებლობას საერთო შედეგზე. თვითმოტივაცია ზრდის პასუხისმგებლობას, ამცირებს კონფლიქტებს, აჩენს ინიციატივას და აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას.

M: როგორ შეუძლია ადამიანს თვითმოტივაციის გამოყენება კარიერული წინსვლისთვის თუ ადამიანური ბედნიერებისთვის?
თვითმოტივაცია არ არის მხოლოდ კარიერული მიზნის მიღწევის ინსტრუმენტი, ეს არის ცხოვრების სტილი. ადამიანს შეუძლია ის გამოიყენოს იმით, რომ ნათლად განსაზღვროს თავისი მიზნები, დააკავშიროს საქმიანობა საკუთარ სურვილებთან, რეგულარულად შეაფასოს მიღწეული შედეგები და იმოქმედოს თანხვედრაში საკუთარ ღირებულებებთან.
თვითმოტივირებული ადამიანი მუდმივად ეძებს ახალ გამოწვევებს, ანვითარებს უნარებს და ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის მიზნისკენ. მიზანმიმართულობა და მოტივაცია წარმატების ორი უმთავრესი კომპონენტია. ჩემი მთავარი მიზანია შევქმნა ისეთი გარემო, სადაც მოტივაცია მოდის შიგნიდან და სწორედ ეს ხდება პროფესიული და პიროვნული ზრდის საწყისი წერტილი.

M: როგორ ეხმარებით ადამიანებს თვითმოტივაციის სწავლაში?
მე არ ვარ მხოლოდ ტრენერი. ვარ ადამიანი, რომელმაც ეს გზა თავად გაიარა. 20-წლიანმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ მოტივაციას თეორიით ვერ ასწავლი. ჩემი მთავარი მიზანია ადამიანებს დავეხმარო არა მხოლოდ პროფესიულ ზრდაში, არამედ საკუთარ თავთან უკეთესი კავშირისა და შინაგანი მოტივაციის პოვნაში.
ჩვენს ტრენინგებში ვიყენებთ რეალურ სიტუაციებზე დაფუძნებულ სიმულაციებს, თვითშეფასების ტექნიკებს, რომ მონაწილემ უკეთ გაიცნოს საკუთარი თავი და დაინახოს მასში არსებული ინდივიდუალიზმი, ასევე გუნდურ აქტივობებს ნდობისა და კომუნიკაციის გასაძლიერებლად.
ერთ დღეს ჩემთვის ძალიან კომფორტული და სტაბილური კარიერა დავტოვე, რომ შემექმნა ისეთი ღირებული რამ, რაც რეალურად დაეხმარებოდა სხვებს. მინდოდა, შემეთავაზებინა ტრენინგი, რომელიც მხოლოდ ცოდნას კი არ გადასცემს, არამედ ენერგიას, ემოციას და შთაგონებასაც აძლევს ადამიანს.

M: გვიამბეთ თქვენს გუნდსა და პროფესიულ გამოცდილებაზე…
ჩემი პროფესიული გზა 20 წლის წინ ეგვიპტეში ანიმატორობით დავიწყე – პოზიციით, სადაც ყოველდღე სხვის ემოციებზე ვზრუნავდი. 20 წლის შემდეგ კი უკვე ერთ-ერთი თანამედროვე სასტუმროს “Gudauri Lodge”-ის გენერალური მენეჯერი გავხდი, პოზიცია, რომელიც თითოეული გუნდის წევრზე უდიდეს პასუხისმგებლობას და ზრუნვას საჭიროებდა.
წლების განმავლობაში ვმუშაობდი ისეთ ბრენდებში, როგორიცაა Radisson Blu, Accor Windham. ვიმუშავე როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო პროექტებზე – მათ შორის FIFA World Cup 2022-ის პროექტზე კატარში, სადაც პასუხისმგებელი ვიყავი 13 ობიექტზე, რომელიც აერთიანებდა 1200 ოთახს და 300 თანამშრომელს.
საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის პერიოდში არაერთხელ ვიყავი როგორც თვის, ასევე წლის საუკეთესო თანამშრომელი. Radisson Blu-ში მოვიპოვე “Young Leader of the Year” ჯილდო, რაც ჩემთვის პროფესიული განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.
მომსახურებისა და სერვისის ტრენინგის სასერთიფიკატო კურსი გავიარე სტამბულში, რის შემდეგაც ლონდონში წარმატებით ჩავაბარე რესერტიფიცირება. ამ გამოცდილებამ შესაძლებლობა მომცა, რომ მიღებული ცოდნა და პრაქტიკა ქართულ ბაზარზე გადმომეტანა და ადგილობრივ რეალობაზე მომერგო.
ცხოვრების ამ ეტაპზე მივხვდი – ჩემი მიზანია შევქმნა ისეთი ტრენინგ-პლატფორმა, რომელიც ერთდროულად არის პროფესიული განვითარება და ემოციური გაძლიერება. ამიტომ დავიწყე ჩემი ტრენინგების შექმნა ემოციურად ჩართული, რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული, ადამიანის მოტივირებაზე მორგებული ფორმატით.
ჩვენი გუნდი შედგება ტრენერებისა და ფსიქოლოგებისგან, რომლებიც მიზნად ისახავენ ადამიანებს დაეხმარონ იგრძნონ თავი უფრო ბედნიერად და სრულფასოვნად თავიანთ საქმეში.
M: ვისთვის არის თქვენი სასწავლო-სატრენინგო სისტემა განკუთვნილი?
ჩემი ტრენინგი განკუთვნილია ყველა იმ ორგანიზაციისთვის, სადაც მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობა, გუნდური თანამშრომლობა და მოტივაცია. ეს იქნება სასტუმროები და რესტორნები, ოფისები და სერვის ცენტრები, კლინიკები, ბანკები და სადაზღვევო კომპანიები – ნებისმიერი კომპანია, რომელიც აცნობიერებს, რომ საკუთარი გუნდის შინაგანი მოტივაცია პირდაპირ აისახება მომხმარებლის კმაყოფილებასა და ბიზნესის შედეგებზე.
ტრენინგი განსაკუთრებით ეფექტურია იმ გუნდებისთვის, რომლებსაც სურთ გააუმჯობესონ შიდა კომუნიკაცია, შეამცირონ სტრესი და ემოციური გადატვირთვა, დააჩქარონ თანამშრომლების ზრდა, არა მარტო პროფესიულად, არამედ პიროვნულადაც. ეს არის ემოციურად ჩართული ტრენინგი, რომელიც რეალურად გადააქცევს გუნდს უფრო მოტივირებულ, ემპათიურ და პასუხისმგებელ გუნდად.
M: როგორია საერთაშორისო პრაქტიკა ამ კუთხით?
საერთაშორისო კომპანიები წლებია აცნობიერებენ, რომ გუნდის ფსიქოლოგიური კლიმატი და მოტივაცია პირდაპირ აისახება მომხმარებლის კმაყოფილებაზე და საბოლოო შედეგზე.
საერთაშორისო ბრენდებმა დიდი ხანია გააცნობიერეს, რომ შინაგანი მოტივაცია უფრო მდგრადია, ვიდრე გარეგანი. ამიტომ წამყვანი კომპანიები ქმნიან employee well-being პროგრამებს. არაერთი მათგანი ყოველდღიურ სამუშაო გარემოში ნერგავს ემოციური ინტელექტის, mindfulness-ის და თვითმართვის მიდგომებს.
M: თქვენთვის რას ნიშნავს ეს საქმე და როგორ გეგმავთ მის განვითარებას?
ჩემთვის ეს საქმე არის არა მხოლოდ კარიერა, არამედ გზა, რომელიც ჩემი ცხოვრების აზრს უკავშირდება. როგორც უკვე ავღნიშნე, ჩემი მიზანია შევქმნა ისეთი ტრენინგ-პლატფორმა, რომელიც ერთდროულად არის პროფესიული განვითარება და ემოციური გაძლიერება, რადგან მოტივირებული და შინაგანად ძლიერი ადამიანი, საბოლოოდ, ქმნის არა მხოლოდ კარგ სამსახურეობრივ გარემოს, არამედ იუმჯობესებს საკუთარ ცხოვრებასაც.
უახლოეს მომავალში ვგეგმავ ჩემი პროგრამების გაფართოებას მენეჯმენტის მიმართულებით, თემებზე, რომლებიც დღეს რეალურად ცვლიან გუნდურ კულტურას და სამუშაო გარემოს. ესენია: ლიდერობა და დელეგირება, კრიზისული სიტუაციების მართვა, ემოციური ინტელექტი და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება.
გეგმაში გვაქვს ასევე ონლაინ პლატფორმის გაშვება და კურსების კორპორატიული ვერსიების განვითარება.
M: თქვენი ხედვითა და ჩართულობით, როგორ შეცვლის ქართულ შრომით ბაზარს თვითმოტივირებული თანამშრომლების არსებობა?
თვითმოტივირებული თანამშრომელი ქმნის ჯანსაღ ურთიერთობებს, იღებს პასუხისმგებლობას და აღვივებს მოტივაციას სხვებშიც. თუ ქართულ შრომით ბაზარზე გვეყოლება მეტი ასეთი ადამიანი, ბიზნესი გახდება უფრო ადამიანური, შედეგზე ორიენტირებული და ინოვაციური.
და რაც მთავარია, ისინი საკუთარი მაგალითით აჩვენებენ, რომ სამსახური შეიძლება იყოს ადგილი, სადაც თავს კარგად გრძნობ. ეს კი საბოლოოდ არა მხოლოდ ბიზნესებს, არამედ მთლიანად საზოგადოებას ცვლის უკეთესობისკენ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი











