in

AdvertWise – Google-ის კიდევ ერთი პარტნიორი კომპანია საქართველოში

Startauperi
Startauperi

საქართველოს კიდევ ერთი Google-ის პარტნიორი კომპანია ჰყავს. კომპანია AdvertWise ონლაინ მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც სრულ ციფრულ მარკეტინგულ მომსახურებას სთავაზობს, როგორც ქართულ, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ კომპანიებს. 2015 წელს AdvertWise-მა მიიღო Google-ის პარტნიორობის სტატუსი, რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს მსოფლიო ციფრულ მარკეტინგულ რუკაზე მოსახვედრად.

კომპანიის შესახებ Marketer-ს მისი დამფუძნებლები, მერაბ გოცირიძე და ნიკა გაბუნია ესაუბრნენ.

Merab Gotsiridzeმერაბ გოცირიძე, კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი:

M: გვიამბეთ კომპანიის შესახებ, რას სთავაზობს AdvertWise მომხმარებელს?

AdvertWise ციფრული მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობს. მომხმარებელს ვთავაზობთ სრულ ონლაინ მარკეტინგულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს: Google AdWords-ს, ვებ-გვერდის საძიებო სისტემაში ოპტიმიზაციას (SEO) , სოციალურ მედია მენეჯმენტს, რეკლამას სოციალურ მედიაში, ვებ დიზაინს, ვებ-დეველოპმენტს და ა.შ.

M: რამდენი ხანია რაც ქართულ ბაზარზე ხართ?

ერთი წელია რაც AdvertWise – ის სახელით ვარსებობთ, თუმცა მანამდე, მე, ჩემი პარტნიორი – ნიკა გაბუნია და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი, რამდენიმე წლის განმავლობაში კერძო მომსახურეობას ვუწევდით უცხოურ და ქართულ ბაზარზე არსებულ კომპანიებს.

M: კომპანიის პირველი ნაბიჯები გაგვიზიარეთ. რატომ დაინტერესდით ამ სფეროთი, რა იყო თქვენი მიზანი?

დაახლოებით 7 წლის წინ მე და ნიკა, რომლებიც ჯერ კიდევ ESM – ის ბიზნეს სკოლის სტუდენტები ვიყავით, დავინტერესდით ონლაინ მარკეტინგით. გავიარეთ სხვადასხვა ონლაინ კურსები, დიდი ხნის განმავლობაში ვსწავლობდით და ვიკვლევდით ბაზარს და თავდაპირველად დავიწყეთ უცხოურ ბაზარზე მუშაობა. ჩვენი ერთ-ერთი პირველი დამკვეთი იყო “სინგაპურ ვიზა”, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში ვემსახურებოდით. შემდგომ, მიღებული გამოცდილებისა და წარმატების ფონზე, გადავწყვიტეთ საქართველოშიც შეგვეთავაზაებინა იგივე სერვისი მომხმარებლისთვის. საკმაოდ მცირე დროში რამდენიმე ქართულ კომპანიასაც გავაცანით თავი და დავიწყეთ თანამშრომლობა.

M: Google-ის პარტნიორი ხართ საქართველოში. ეს რას გულისხმობს?

Google-თან პარტნიორობისთვის კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ სტანდარტებს. კერძოდ, კომპანიას ჩაბარებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 გამოცდა Google AdWords-ში და ფლობდეს AdWords-ის სერთიფიკატს. სავალდებულო ორი გამოცდის ჩაბარებაა, ფუნდამენტალის და Advanced Display-ს ან Advanced Search-ის. კომპანია AdvertWise-ს სამივე ეს გამოცდა წარმატებით აქვს ჩაბარებული.

certificatesპარტნიორის ყველა სარეკლამო კამპანია უნდა აკმაყოფილებდეს Google-ის Best Practice – ს , რაც გულისხმობს ყველა სარეკლამო კამპანიის სწორად მართვას, ბიუჯეტის ეფექტურად გახარჯვას და სხვა მრავალ ფაქტორს, რომელიც განსაზღვრავს სარეკლამო კამპანიის ეფექტურობას. სწორედ ამით აფასებს Google რამდენად მზად არის მისი პოტენციური პარტნიორი ეფექტურად მოემსახუროს კომპანიებს Google Adwords-ში.

Nika Gabunia pngნიკა გაბუნია, კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი:

M: რომელია თქვენთვის საამაყო პროექტი, რომელიც იგივე Google- თან პარტნიორობაში დაგეხმარათ?

ჩვენთვის ერთ-ერთი საამაყო პროექტი არის ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სუპერმარკეტების ქსელის “Sears”-ის საკრედიტო ბარათების პოპულარიზაცია ინტერნეტ სივრცეში. ჩვენ შევძელით კომპანიის ვებ-გვერდის გაყვანა Google-ის საძიებო სისტემის მოწინავე პოზიციებზე და წარმატებულად ვმართავდით მათი ციფრული მარკეტინგის კამპანიას, რამაც ინტერნეტში გაყიდული საკრედიტო ბარათების ზრდა განაპირობა.

advertwise 6M: რა პრივილეგიას და პასუხისმგებლობას გულისხმობს google- თან თანამშრომლობა?

დავიწყებ პასუხისმგებლობით: Google ყოველწლიურად გადახედავს პარტნიორების სიას, თუ ერთი წლის განმავლობაში კომპანია საუკეთესო სტანდარტებს ვერ ინარჩუნებს, ის ტოვებს Google-ის პარტნიორთა რიგებს. შესაბამისად, საჭიროა ხარისხზე მუდმივი ზრუნვა და კონტროლი, რომ Google-ის სტანდარტებს ვაკმაყოფილებდეთ, ეს კი იმას გულისხმობს რომ ჩვენი პარტნიორი კომპანიები გარანტირებულად მიიღებენ მაღალი ხარისხის სერვისს Google-ის სარეკლამო პლატფორმებში.

რაც შეეხება პრივილეგიას, Google-თან უშუალო ურთიერთობა გვაქვს, რომელიც გულისხმობს მათი თანამშრომლის ჩვენ კომპანიაზე მომაგრებას, მისგან ნებისმიერ დროს სწრაფ რეაგირებას და პრობლემების სწრაფ გადაწყვეტას.

advertwise 4M: თქვენ ასევე ხართ Yahoo, Yandex, და Bing-ის ერთადერთი პარტნიორი საქართველოში. მათთან თანამშრომლობა ისეთივე რთულია, როგორც Google-თან? და რატომ ხართ ქვეყნიდან მხოლოდ თქვენ პარტნიორები?

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ Google-ის პარტნიორები, ხოლო Yahoo-ს, Yandex-ის და Bing-ის ოფიციალური სააგენტო. ზემოთაღნიშნული კომპანიები საქართველოში ვერ სარგებლობენ ისეთივე პოპულარობით, როგორც Google, თუმცა დამატებითი მიზნობრივი ტრაფიკის (აუდიტორიის) მოსაზიდად ეს საძიებო სისტემებიც ძალიან კარგ საშუალებას წარმოადგენენ. ჩვენი მიზანი იყო მომხმარებლისთვის მომსახურების სრული სერვისის შეთავაზება, რაც გულისხმობს მიზნობრივი აუდიტორიის ეფექტურ მოძიებას, სწორედ ამიტომ დავიწყეთ google-ის გარდა სხვა ზემოთხსენებულ კომპანიებთან თანამშრომლობაც და წარმატებით ვახორციელებთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების სარეკლამო აქტივობებს ზემოთ ხსენებულ საძიებო სისტემებში.

M: როგორც აღნიშნეთ, თქვენი მიზანი იყო საქართველოში ციფრული მარკეტინგის შემოტანა და პოპულარიზაცია. რა შედეგები გაქვთ, დაინტერესებულია ქართველი მომხმარებელი ამ სერვისით?

ჩვენი მიზანია საქართველოში ონლაინ სფეროს პოპულარიზაცია. ონლაინ მარკეტინგი რეალურად არის კომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და შედეგიანი რეკლამირების საშუალება, რადგან ინტერნეტ სივრცეში შესაძლებელია, მიზნობრივი მომხმარებლის ზუსტი იდენტიფიცირება, მხოლოდ მათთვის რეკლამის ჩვენება და ამ ყველაფრის დეტალური რეპორტინგი, რომელზე დაყრდნობითაც, მომავალში უფრო ეფექტური სარეკლამო კამპანიის დაგეგმვაა შესაძლებელი.

advertwise 3M: როგორ შეაფასებთ საქართველოში არსებულ კონკურენციას ამ სფეროში?

ნამდვილად არის რამდენიმე კარგი კომპანია საქართველოში. კონკურენცია უკვე არსებობს და ეს ჩვენთვის სასიხარულოა, რადგან სფერო ვითარდება.

M: თქვენი კომპანიის სახელი და ლოგო რას უკავშირდება?

ლოგო სახელიდან გამომდინარე წამოვიდა, რადგან ის ასოებია გამოყენებული, რაც სახელში გვხვდება. სახელი კი უკავშრდება რეკლამას (Advert) და გონიერებას (Wise). შესაბამისად დავარქვით AdvertWise.

M: გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები 

როგორც უკვე გითხარით, გვსურს სრულად ავითვისოთ ქართული ბაზარი და ჩვენი სერვისის მეტი წილი გადმოვრთოთ საქართველოზე, თუმცა ეს არ გულისხმობს უცხოური ბაზრიდან გასვლას. ასევე ვგეგმავთ საკუთარი პროექტების განხორციელებას. ძალიან მალე იხილავთ ჩვენ მიერ გაკეთებულ პროექტს რომელიც ქართველ მომხმარებლებს გაუმარტივებს ყველა მიმართულებით მგზავრობას.

ავტორი: მანანა ნოდია

Tbilisi walking Tour – ახალი სერვისი ტურისტებისთვის

ბრენდინგის მასტერკლასი! Google-ს Alphabet-ის ბრენდირების ლოგიკა და სტარბაქსის და ვირჯინის გაკვეთილები