იცოდით, რომ დღეს მილიონობით ადამიანი იყენებს ონლაინ პლატფორმა Koko-ს, რათა ანონიმურად ესაუბრონ თავიანთი მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და სრულიად უცხო ადამიანებისგან მიიღონ მხარდაჭერა? თავდაპირველად საკმაოდ კარგ პასუხებსაც იღებდნენ, თუმცა შემდგომში გაიგეს, რომ ისინი ChatGPT-ის დახმარებით იყო გენერირებული, რამაც მათში მწვავე რეაქცია გამოიწვია, ზუსტად ხელოვნური ემპათიის (AE) გამო…
თუმცა AI რევოლუციამ ამ ტერმინთანაც „დაგვამეგობრა“, რომელმაც ადგილი დაიმკვიდრა ფსიქოთერაპიებში, ექიმისა და პაციენტის კომუნიკაციის დროს თუ ქოლ-ცენტრებთან ურთიერთობისას. 1941 წელს The Mask of Sanity-ში იმაზე საუბრობდნენ, რომ ფსიქოპათებს აქვთ უნარი, სხვა ადამიანებთან დაკავშირებულნი გამოჩნდნენ ისე, რომ რეალურად ამას არც გრძნობდნენ. ეს კი, კრიტიკოსების აზრით, AE-ს მსგავსი შეიძლება იყოს, უცნაურ შედეგებამდე მიგვიყვანოს, თუმცა უცნაურზე მეტად დისტოპიურამდეც კი, რადგან აქ მანიპულაციები იჩენს თავს.
როგორც ფსიქიატრი ჰერვი კლერკი ამბობს, ფსიქოპათები დიდ ყურადღებას ამახვილებენ სხვების სურვილებსა და შიშებზე, რათა ისეთებად იქცნენ, როგორიც ამ ადამიანს სურს, შემდეგ კი აიძულებენ მას, გააკეთოს ის, რაც თავადვე უნდა… მსგავსად, ბოტებს AE-ს გამოყენება საკუთარი მიზნებისთვის კი არა, არამედ იმ კომპანიებისთვის შეუძლია, რომლებიც მათ ქმნიან — მილიონობით ადამიანმა შეიძლება დაამყაროს ძლიერი ემოციური კავშირი აგენტთან, რომელიც ემპათიური ჩანს, მაგრამ რეალურად უბიძგებს მათ, იყიდონ კონკრეტული ნივთი ან დააკლიკონ სასურველ ბმულზე.
ხოლო ის, რასაც ადამიანურ ემპათიას უწოდებენ, ამ უკანასკნელისგან დაცლილია და რეალურადაც სხვის კეთილდღეობას ისახავს მიზნად. ამ დროს ადამიანები საკუთარ დროს, ენერგიასა და ემოციებს გითმობენ. მზრუნველი მეგობრები არიან, რომლებიც პარტნიორთან დაშორებისას გამშვიდებენ, ხოლო „მსხვერპლი“, რომელსაც ამ დროს იღებენ, თანაგრძნობას კიდევ უფრო აძლიერებს. აი, რაც შეეხება AE-ს, მას ჩვენთან დაკავშირება უფრო ზედაპირულ დონეზე შეუძლია. სწორედ ამიტომ, ხელოვნურმა აგენტებმა ადამიანური კავშირების მხარდაჭერაზე უნდა იზრუნონ და არა, მათ ჩანაცვლებაზე.
მორისიც, Koko-ს დამფუძნებელი სწორედ ამას ცდილობდა… ამბობდა, რომ პლატფორმა მხარდაჭერის პროვაიდერებს ჩეტბოტებით კი არ ჩაანაცვლებს, არამედ დაიხმარებს პასუხების გენერირებაში. აქ შეგიძლიათ ქოლ-ცენტრები წარმოიდგინოთ, სადაც ბოტები ნაკლებად მნიშვნელოვან ინტერაქციულ ამოცანებს უმკლავდება, იღებს ადამიანებისგან ძირითად ინფორმაციებს და არკვევს, რა ტიპის მოთხოვნა აქვთ. ასე კი თანამშრომლებს უტოვებს დროს, ფოკუსირდნენ საუბრებზე, რომლებიც ადამიანების ჩართვას მოითხოვს. შესაბამისად, ისინი მომხმარებლებთან მეტი დროის გატარებას შეძლებენ, საუბრებში სიღრმისეულად ჩართვასა და მეტი თანაგრძნობის გამოხატვას.
გამოდის, ხელოვნური ემპათია ზუსტად ისე შეცვლის ჩვენს ცხოვრებას, როგორც გამოვიყენებთ. თქვენ კი უნდა ეცადოთ ტექნოლოგიებით უფრო მეტი სივრცე გამოათავისუფლოთ ჰუმანურობისთვის და არა, პირიქით. სწორედ ეს დაგეხმარებათ AI-ისა თუ AE-ისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებაში…