სალომე ბიბილაშვილი ელექტროლუქსის ჯგუფის მზის ენერგიის მიმართულების გუნდს (Solar Solutions GmbH) შეუერთდა, საერთაშორისო მარკეტინგისა და პიარის ხელმძღვანელის პოზიციაზე. ეს უკანასკნელი უამრავ ბრენდს მოიცავს, სალომეს უშუალო მოვალეობა და პასუხისმგებლობა კი გერმანული AEG და შვედური Electrolux-ის მზის ენერგიის პროდუქტებისათვის მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება იქნება — ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში.
„ჩემთვის უდიდესი პატივია AEG-სა და Electrolux-ის ბრენდებთან მუშაობა, ვინაიდან ორივე 100-ზე მეტი წლის ისტორიას მოითვლის და მათი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება არის მდგრადი განვითარება და zero carbon foot print!“, — აღნიშნავს სალომე.
უკვე ოთხ წელზე მეტია, სალომე მზის ენერგიის დარგში მუშაობს და როგორც თავად ამბობს, ეს სწორედ ის ინდუსტრიაა, რომელიც ნამდვილად „მისია“. „მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები მაქვს დამთავრებული, პირველივე კურსზე მარკეტინგის საბაზისო ლექციებზე დასწრებისთანავე გავიაზრე, რომ არც დიპლომატი და არც ეკონომისტი არ დადგებოდა ჩემგან და მარკეტინგი და კომუნიკაციები იყო ზუსტად ჩემი სფერო. მზის ენერგია კი არის ინდუსტრია, სადაც ვემსახურები ჩემს საყვარელ პროფესიას, ამასთანავე, წვლილი შემაქვს მდგრადი, ეკომეგობრული მომავლის განვითარებაში“.
ცხადია, ამ სიახლეს უამრავი წარმატება უძღოდა წინ. აქ არა მხოლოდ აღნიშნული ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიები, არამედ სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები იგულისხმება — ომეგა ჯგუფი, ვისოლ ჯგუფი, ლიტვური პური, be unique group, თს ჰოლდინგი…
უშუალოდ მზის ენერგიაზე ორიენტირებულ კომპანიების კუთხით კი, AE Solar-ში, გერმანული მზის პანელების მწარმოებელ კომპანიაში იკავებდა გლობალური მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას. აქ მისი მოვალეობა და პასუხისმგებლობა 95 ქვეყანაში მარკეტინგული და საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავებას თუ განხორციელებას მოიცავდა. ამას მოჰყვა ბელგიური პრემიუმ ხარისხის მზის ენერგიის პანელებისა და ბატარეების მწარმოებელ კომპანია Belinus, სადაც საერთაშორისო მარკეტინგისა და პიარის პოზიციაზე მუშაობდა.
„უდიდესი პასუხისმგებლობაა, ვემსახურო ისეთ ცნობად ბრენდებს, როგორებიცაა ელექტროლუქსი და AEG. თანაც, ამ ბრენდებისათვის შედარებით ახალი დარგია მზის ენერგია, რაც ასევე კიდევ ერთი დამატებითი გამოწვევაა ჩემთვის. მომიწევს, ელექტროლუქსისა თუ AEG-ის სამაზარეულოსა და სახლის ინვენტარების ცნობადობას გავუტოლო ამავე ბრენდების მზის ენერგიის პროდუქტები. რაც შეეხება მენეჯმენტსა და გუნდს, ბედნიერი ვარ, რომ აღმოვჩნდი არაჩვეულებრივ კოლექტივში, ვისთვისაც მნიშვნელოვანია პირადი ცხოვრებისა და სამსახურის ბალანსი და დასაქმებულის სამსახურს მიღმა არსებული ღირებულებები“, — გვიყვება სალომე.
გარდა ამისა, სალომე აღნიშნავს, რომ საქართველოში მზის ენერგიის დარგი ნაკლებად პოპულარულია და სურს, უახლოეს მომავალში ეს სიტუაცია საპირისპიროდ შეიცვალოს.