5
Jun
2018

როგორ გავიტანოთ ქართული პროდუქტი მსოფლიოს უმსხვილეს ბაზარზე – Amazon Export Hub

5 Jun 2018

Startauperi
Startauperi


Amazon ერთ-ერთი უმსხვილესი ელექტრონული კომერციის პლატ­ფორ­მაა, მას იყენებენ საქართველოშიც, როგორც სხვადასხვა ნივთის გამოწერის საშუალებას, თუმცა, რა თქმა უნდა, გარდა ამ ფუნქციისა, მასზე შესაძლებელია პროდუქციის განთავსება და გაყიდვაც. 4 თვეა, რაც ქართულ ბაზარზე ახალი კომპანია – Amazon Export Hub ოპერირებს, რომელიც ლევან მოლაშვილმა, Amazon-ზე საკუთარი მაღაზიის დარეგისტრირების შემდეგ, გამოცდილების გაზიარებისა და ქართველი მეწარმეებისთვის (და არამხოლოდ) მსოფლიო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობის მიცემის მიზნით შექმნა. დღეისათვის, Amazon Export Hub სამი მიმართულებით: კონსულტაციის, სწავლებისა და შუამავლობის კუთხით ფუნქციონირებს, ანუ, ატა­რებს ტრე­ნინ­გებს ამა­ზონ­ზე ვაჭ­რო­ბის შე­სას­წავ­ლად, ასე­ვე, ას­რუ­ლებს სა­შუ­ა­მავ­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბას დამ­კვე­თე­ბისთვის. რა არის საჭირო იმისათვის, რომ გააგზავნოთ მომგებიანი პროდუქცია ამაზონის საწყობში, გაყიდოთ ახალი პროგრამის, Amazon FBA დახმარებით და მიიღოთ მოგება ამერიკულ ვალუტაში? ამ და სხვა კითხვებზე Amazon Export Hub-დამფუძნებელ – ლევან მოლაშვილთან ინტერვიუს გზით გიპასუხებთ:

M: რა გამოცდილება გქონდათ ელექტრონული კომერციის მიმართულებით და რამ მიგიყვანათ გადაწყვეტილებამდე, შეგექმნათ Amazon Export Hub?
გერმანიაში ვსწავლობდი, ფინანსების მიმართულებით. იქ მქონდა პირველი შეხება „ამაზონთან“, როდესაც აღმოვაჩინე, რომ იაპონელი სტუდენტები ყიდდნენ ნივთებს „ამაზონზე“ და საკმაოდ კარგ თანხას გამოიმუშავებდნენ, მაგრამ, ამის შესახებ დუმდნენ. ამან გამიჩინა სურვილი, რომ შემესწავლა ეს საკითხი. გარდა ამისა, უკრაინაში მქონდა იმ ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილება, რომლებიც საქმიანობდნენ ამ მიმართულებით. რეალურად დანახულმა შედეგებმა, საქართველოში ჩამოსვლისას, მომცა უფლება, დამეწყო ეს საქმიანობა. რამდენიმე პროექტის წარმატებულად დასრულების შემდეგ, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა პატარა ჰაბი, სადაც მოხდებოდა ინფორმაციის გაცვლა/ მიწოდება ადამიანებისთვის და შესაძლებელი იქნებოდა, დაინტერესებული პირებისთვის, ამაზონის, როგორც პროდუქტის სარეალიზაციო პლატფორმის გაცნობა.

M: როგორია ქართული კომპანიებისა თუ კერძო პირების დაინტერესება თქვენი სერვისით და რა მაჩვენებლები/შედეგები გაქვთ ფუნქციონირების 4 თვის განმავლობაში?
დაინტერესება ძალიან დიდია. ბევრი კომპანია ჩაერთო და მათი პროდუქტები უკვე გაგზავნის პროცესშია. ვფიქრობთ, რომ საკმაოდ კარგ შედეგებს მივიღებთ. პირველ ნაკადს უკვე აქვს გარკვეული წარმატება, უკვე იღებენ შედეგებს, თუმცა მკაფიო მაჩვენებელი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ გვაქვს. ჯერ ძალიან ადრეა ამაზე საუბარი, რადგან ძალიან ახალგაზრდა კომპანია ვართ, თუმცა, ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში უკვე გვექნება ისეთი მაჩვენებლები, რომლითაც ჩვენც ვიამაყებთ და სხვასაც გაუხარდება. ჩვენ კომპანიას უკვე აქვს ქართული პროდუქტი ამაზონზე და ვფიქრობთ, რომ პროდუქციის ასორტიმენტი მალე გაიზრდება.

M: კონკრეტულად, რას მოიცავს Amazon Export Hub-ის სასწავლო, საშუამავლო და საკონსულტაციო მიმართულებები?
სტარტაპებს ყველა ეტაპზე ვეხმარებით, სასწავლო, საშუამავლო, საკონსულტაციო მიმართულებით. ძირითადად კი, ვაკეთებთ „ამაზონის“ ბაზრის ანალიზს. ძალიან მნიშვნელოვანია ერთი ფაქტორი, ამაზონის ბაზარზე მომგებიანია შემდეგი მიდგომა – გავყიდოთ არა ის, რაც ჩვენ გვსურს, ან გვაქვს, არამედ, ის, რაც მოთხოვნადია. იმისათვის, რომ პროდუქტი ამ ბაზარზე წარმატებული აღმოჩნდეს, მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია მოთხოვნის არსებობა და გრძელვადიანობა. დაინტერესებულ პირებს ბაზრის ანალიზს ვთავაზობთ, რა თქმა უნდა, უფასოდ და შემდგომში, თუ სტარტაპი/პირი აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომლებიც მოცემულია ამაზონის მხრიდან, დიდი სიამოვნებით ვეხმარებით შემდეგი ნაბიჯების გადადგმაში.

M: როგორია Amazon Export Hub-ის განვითარების ხედვა და მისია, რომელიც მან ქართულ ბაზარზე უნდა შეასრულოს?
პირველი გეგმა ის გახლავთ, რომ მთლიანად საქართველოს გადავცეთ ეს ინფორმაცია. გვქონდა შეხვედრები ქუთაისში, საკმაოდ დიდი ინტერესია ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადსხვა ქალაქში. გარდა ამისა, ვგეგმავთ ელექტრონული წიგნების მიმართულების აქტუალიზებას, რადგან მას შედარებით მცირე საწყისი კაპიტალი სჭირდება და ბევრი ადამიანი არჩევს სწორედ ამ მიმართულებით დაიწყოს საკუთარი ბიზნეს საქმიანობა. ეს შესაძლებლობა კი ეძლევათ არამარტო სტარტაპებს. პროდუქტის დამზადება დღეს პრობლემა არ არის, მთავარი ბაზრის სწორი ანალიზია.

განხილვა