კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩატრებული ახალი კვლევის მიხედვით, ვარჯიში, კონკრეტულად კი აერობიკა აუმბჯობესებს ადამიანის აზროვნებას, რა ასაკისაც არ უნდა იყოს ის. მეცნიერებმა ამ დასკვნის მისაღებად ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომლის მონაწილეები იყვნენ როგორც ახალგაზრდები, ასევე ხანში შესული ადამიანები. შედეგების თანახმად, ფიზიკური აქტივობით გამოწვეული გულის კუნთების გახშირებული მოძრაობა ხელს უწყობს ტვინის გარკვეული უბნების გააქტიურებას. ეს, თავის მხრივ, ზემოქმედებს კოგნიტურ პროცესებზე პასუხისმგებელ უბნებზე და შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის მიზეზი, რის გამოც ფიზიკური აქტივობა გეხმარებათ ორგანიზებულობაში, სხარტ აზროვნებასა და პრობლემების სწრაფად გადაჭრაში.
აღსანიშნავია, რომ კვლევის ასაკოვან მონაწილეებში ეს ეფექტი უფრო თვალსაჩინო იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხანში შესული ადამიანებისთვის, აერობიკა გაცილებით ეფექტური გზაა აზროვნების სისხარტისა და მოქნილობის მისაღწევად.
„დაბერების პროცესთან ერთად, ადამიანებს უუარესდებათ აზროვნების უნარები. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ აერობიკას, ფიზიკურ აქტივობას შეუძლია წინ აღუდგეს ამ პროცესს. გარდა ამისა, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ აქტივობა არამხოლოდ აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, ის აისახება ტვინის გარსის სისქეზეც“, – ამბობს იაკობ სტერნი, ნეირომეცნიერი, რომელიც ამ კვლევის ხელმძღვანელი იყო.
კვლევის მონაწილეები ვარჯიშობდნენ კვირაში 4-ჯერ, მათთვის სასურველ დროს. დაკავებულები იყვნენ აერობიკის ტიპის აქტივობებით, მათ შორის, სარბენ ბილიკზე სირბილით. მათი აზროვნების უნარები მეცნიერებმა კვლევის დაწყებამდე, შუა პერიოდსა და მისი დასრულების შემდეგ გაზომეს. კვლევაში მონაწილეობდა 132 ადამიანი, 20-დან 67 წლის ასაკამდე.
სტერნი ამბობს, რომ ექვსთვიანი რეგულარული აერობიკის შემდეგ, ხანში შესული ადამიანები 10-20 წლით ახალგაზრდად გრძნობდნენ თავს, არამხოლოდ ფიზიკურად, არამედ, აზროვნების უნარების დონეზეც. ერთადერთი წუნი, რაც კვლევას შეგვიძლია დავადოთ არის მონაწილეთა მცირე რაოდენობა. თუმცა, კვლევამ დაამტკიცა, რომ ფიზიკური აქტივობა, ნებისმიერ ასაკში, დადებითად აისახება ტვინის ფუნქციონირებაზე.
წყარო: Inc