7
Oct
2016

აეროპორტისკენ “მიმავალი” კომპიუტერები – ორგანიზაცია Computers 4 Africa–ს კამპანია

7 Oct 2016



ინტერნეტ სივრცე და კომპიუტერი ის მაცდური ფაქტორებია, რომლებიც დროის ნახევარზე მეტს უაზროდ გვაკარგვინებს. რას ვაკეთებთ რეალურად მთელი დღის განმავლობაში კომპიუტერთან?! “ვსქროლავთ” სოციალურ ქსელებს, ვწერთ და ვკითხულობთ უამრავ სისულელეს, რომელიც არათუ სასარგებლო, არამედ მავნებელიც კია ჩვენი ტვინისთვის. ამ დროს ორ საქმეს ვაფუჭებთ, ერთი მხრივ, ჩვენს ნიჭსა და შესაძლებლობებს ასეთ უმნიშვნელო რაღაცებზე ვფანტავთ და მეორე მხრივ, კომპიუტერულ რესურსებს არამიზნობრივად ვიყენებთ. სანამ ჩვენ ძვირფასი დროის ფლანგვაში ვართ, არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ძალიან საჭიროებენ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და კომპიუტერს, რათა განათლების მისაღებად სათანადო პირობები შექმნან. მაგალითად, აფრიკის ქვეყნებისთვის კომპიუტერი თანამედროვე სამყაროს შეცნობისა და გაზიარების საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ სამწუხაროდ ეს ფუფუნება მათთვის ჯერჯერობით მიუღწეველია.

Computers 4 Africa ორგანიზაციაა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აგროვებს ძველ კომპიუტერებს, მწყობრში მოჰყავს ისინი და გზავნის პირდაპირ აფრიკაში. ორგანიზაციის მიზანია, დაეხმაროს აფრიკას განათლების დონის ამაღლებაში. მიზნის მისაღწევად და საზოგადოების ყურადღების მისაქცევად, ორგანიზაციამ სულ ცოტა ხნის წინ ვიდეორგოლიც გამოუშვა.

 

მართალია, კომპიუტერი ვერ მოახერხებს აეროპორტში დამოუკიდებლად მისვლას, მაგრამ გზავნილი გასაგებია. იქ, აფრიკაში, ათასობით ბავშვია, რომლებსაც კომპიუტერი იმაზე გაცილებით მეტად სჭირდებათ და უფრო მნიშვნელოვანი საქმისთვის, ვიდრე ბევრ ჩვენგანს.

განხილვა