რობოტების განვითარება სულ უფრო ამწვავებს ჩვენს შიშებს, ვაი და არ ჩაგვანაცვლონო, მაგრამ ამაზე Aescape-ის დამფუძნებლებს მშვენიერი პასუხი აქვთ მომზადებული… თუმცა ჯერ თავად Aescape-ის რობოტი მასაჟის სისტემა უნდა გაგაცნოთ, რომელიც სან-ფრანცისკოში არსებულმა დიზაინის სტუდია Whipsaw-მ შემოგვთავაზა.
ხელოვნურ ინტელექტს უახლეს რობოტიკასთან აერთიანებს, რათა მომხმარებლებს პერსონალიზებული მასაჟის გამოცდილება შესთავაზოს. ასე კი სურთ, რევოლუცია მოახდინონ მასაჟის თერაპიაში, დააკმაყოფილონ მომხმარებელთა მოთხოვნები და გადაჭრან პრობლემები, რომლებიც დღეს ინდუსტრიაში არსებობს.
როგორც ხედავთ, Aescape-ს მეტალის კიდურები აქვს, რომელიც ჩვენი ხელის ფუნქციასა და შეგრძნებებს ბაძავს ისე, რომ ადამიანის მიერ გაკეთებულ მასაჟს მიემსგავსოს. ზუსტად ამიტომ, მეტალის მკლავებზე სილოკონის პადებია დამაგრებული. ვეგანური ტყავითაა გაწყობილი და მომხმარებელზე მორგებული ეკრანიც აქვს ქვემოთ, რათა ინდივიდმა მასაჟის სეანსებით კონკრეტულ საჭიროებებს უპასუხოს.
ინოვაციური დიზაინის ავტორი ერიკ ლიტმენია, რომელსაც Whipsaw-სთან თანამშრომლობის დაწყებამდე, რობოტის პროტოტიპი ჰქონდა, თუმცა საბოლოო პროდუქტი ერთად განავითარეს. როგორც ამბობს, ეს არც ისე მარტივი პროცესი იყო, რადგან ახალი ტექნოლოგიების ინტეგრირებისთვის უნდა გაერთვათ თავი, ფერებით, მატერიებითა და თითოეული დეტალით Aescape-ის ბრენდი უნდა ჩამოეყალიბებინათ ისე, რომ მეგობრული და ხელმისაწვდომი ყოფილიყო. თანაც ნებისმიერი ზომის, ფორმისა თუ ასაკის ადამიანს უნდა მორგებოდა…
აი, ამ უკანასკნელისთვის კი სისტემა მასაჟის დაწყებამდე 3D სკანირებას მიმართავს. ოღონდ სენსორები მრგვალ სინათლეებშია მოქცეული, რათა მომხმარებელს ნებისმიერი დისკომფორტი შეუმსუბუქოს. მიღებული მონაცემები შემდგომ AI პროგრამით მუშავდება, რომელიც თითოეული სესიის შემდეგ ახალი ინფორმაციებით გამუდმებით ახლდება.
Aescape მომხმარებლებს 15-დან 120-წუთამდე ხანგრძლივობის მასაჟს სთავაზობს, სესიების დაჯავშნა კი მათ პირდაპირ აპლიკაციიდან შეუძლიათ, რითაც პერსონალიზებულ მიდგომაზე აკეთებენ აქცენტს.
თუმცა არ გეგონოთ, რომ აქ გადაწყვეტილებებს რობოტი ბრმად იღებს — მისი თითოეული ქმედების უკან ლიცენზირებული პროფესიონალი მასაჟისტები, პროტოტიპის მრავალი ექსპერიმენტი და კვლევა დგას. ამასთან, Aescape ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ტექნოლოგიასაც ეყრდნობა, რითაც მუდმივად განახლებულ მონაცემთა ბაზას გვთავაზობს.
რობოტები რომ მალე ჩაგვანაცვლებს, თუ ეს ფიქრიც გიტრიალებთ თავში, გეტყვით, რას ფიქრობენ ამაზე Aescape-ის გუნდში. მათი თქმით, მასაჟის სპეციალისტი რობოტი იმისთვის კი არაა შექმნილი, რომ ადამიანები ჩაანაცვლოს, არამედ იმისთვის, რომ ინდუსტრიაში კვალიფიციური პროფესიონალების დეფიციტი აღმოფხვრას. თუ მათ დავუჯერებთ, ეს რობოტი ბევრად ეფექტურადაც მუშაობს და არც ის ჯანმრთელობის დაზიანებები ემუქრება, რომლებსაც ხშირად იღებენ ადამიანები სამუშაო ადგილზე… ფაქტია, ეს უკანასკნელი მას კონკურენტულ უპირატესობას აძლევს, მაგრამ Whipsaw მაინც არ მიიჩნევს მას ადამიანების ჩამნაცვლებლად.