გონებაში სურათების ვიზუალიზაცია ჩვენს ტვინს მრავალი ფუნქციის შესრულებაში ეხმარება. იქნება ეს ასოებისა და სიმბოლოების დამახსოვრება, ენის სწავლა თუ გადაადგილება. თუმცა აფანტაზიის მქონე ადამიანებს ეს არ შეუძლიათ. აქამდე ამ მდგომარეობას ჩვენს გამოცდილებებზე დაყრდნობით ხვდებოდნენ, ახლა კი ამბობენ, რომ ამას თვალებზე დაკვირვებით დაადგენენ.
უფრო კონკრეტულად რომ განვიხილოთ, ახალი კვლევის მიხედვით, შესაძლოა, აფანტაზია თვალის გუგის გაფართოების მიხედვით დადგინდეს — როცა თვალში შუქი გვხვდება, გუგები იკუმშება, სიბნელეში კი ფართოვდება ისე, რომ ბადურაში მეტი სინათლე შეუშვას. ამ მოსაზრების დასადასტურებლად, ავსტრალიელი მკვლევრები მონაწილეთა ორ ჯგუფს დააკვირდნენ, პირველი ჯგუფი 48 წევრისგან შედგებოდა და მათ ჩვეულებრივი ვიზუალური წარმოსახვის უნარი ჰქონდათ, მეორე ჯგუფში კი აფანტაზიის მქონე 18 წევრი იყო. მათ ნაცრისფერ ფონზე არსებული ღია და მუქი ფერის სურათები აჩვენეს. თუმცა აქ შედეგები თანაბარი იყო…
სწორედ ამიტომ, მკვლევრებმა მონაწილეებს სურათების წარმოდგენა სთხოვეს, აქ კი საინტერესო რამ აღმოაჩინეს — ჩვეულებრივი წარმოსახვის მქონე ადამიანების თვალების გუგები იკუმშებოდა და ფართოვდებოდა, აფანტაზიის მქონეთა თვალის გუგები კი ფორმას არ იცვლიდა.
„ახლა ჩვენ ახლოს ვართ ობიექტურ ფიზიოლოგიურ ტესტთან, როგორიცაა, მაგალითად, სისხლის ანალიზი და მსგავსად, მალევე შევძლებთ დავინახოთ, აქვს თუ არა ვინმეს აფანტაზია“, — ამბობს ჯოელ პირსონი, კვლევის წამყვანი ავტორი და ფსიქოლოგი.
თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც კვლევისას დასვეს, არის: როგორ მიიღება გონებაში ვიზუალური გამოსახულება? ავტორების მიერ შემოთავაზებული ერთი ინტერპრეტაცია ვიზუალურ გამოსახულებასა და აღქმას შორის არსებულ მექანიზმთან არის დაკავშირებული — ტვინის ის რეგიონები, რომლებიც ვიზუალურ ინფორმაციას აღიქვამს, წარმოსახვით ვიზუალურ მონაცემებსაც ამუშავებს. ამ შემთხვევაში კი კვლევის მონაწილე რეალურ სინათლესა და წარმოსახვით სინათლეზე თანაბრად რეაგირებდა.
ამასთან, კვლევის ავტორებს სურდათ დარწმუნებულიყვნენ, მონაწილეები ნამდვილად ცდილობდნენ თუ არა კონკრეტული გამოსახულებების წარმოდგენას. ამიტომ, მათ ერთი ფორმის ნაცვლად 4 ფორმის წარმოდგენა სთხოვეს. როგორც ამბობენ, ამ დროს აფანტაზიის მქონე ადამიანთა გუგები გაფართოვდა…