14
Feb
2017

თამაში „აფორიზმობანა“ უსინათლოთათვის – „თამაშობანასა” და თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პროექტი

14 Feb 2017

თამაშობანამ“ თიბისი სტატუსთან ერთად „აფორიზმობანას” მეორე, უსინათლო ბავშვებისთვის ადაპტირებული ვერსია შექმნა. იმისათვის, რომ უსინათლო ბავშვებმა თავიანთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად გართობა შეძლონ, საჭიროა ხის დაფებზე ბრაელის შრიფტის დაბეჭდვა. პროექტი „აფორიზმობანა” თიბისი სტატუსის ახალი საქველმოქმედო პლატფორმის – www.statusdonates.ge – ვიდეოისტორიებიდან ერთ-ერთია, რომელიც ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით, სასურველი თანხა ჩარიცხოს და დაეხმაროს ისეთ პროექტებს, ადამიანებსა თუ ორგანიზაციებს, ვისაც დახმარება სჭირდებათ. ამ შემთხვევაში, საქართველოში მცხოვრებ 300-მდე ოჯახს, რომელშიც უსინათლო წევრია, „აფორიზმობანა” საჩუქრად გადასცეს. მარკეტერს ესაუბრა „თამაშობანას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნონა სონღულაშვილი „აფორიზმობანას“ადაპტირებული ვერსიის შექმნის იდეაზე, სათამაშოს დიზაინსა და ამ ინიციატივაში  საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობაზე.


M:
რატომ გადაწყვიტეთ „აფორიზმობანას“ ახალი ვერსიის შექმნა?

მოვიკვლიეთ სათამაშოების ბაზარი და აღმოჩნდა, რომ ძალიან ცოტა პროდუქტი არის უსინათლო ბავშვებისთვის, რომლებიც ითამაშებენ ასეთ თამაშებს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა „აფორიზმობანას“ ახალი ვერსია, პირველი ვერსია იყო თიბისი ბანკის პროექტში – #წერექართულად, ეს მეორე ვერსია კი იქნება ადაპტირებული უსინათლო ადამიანებისთვის.

M: როგორ მოხვდით თიბისი სტატუსის საქველმოქმედო პროექტში?

„თამაშობანას“ ძალიან გვინდოდა, რომ რაიმე საქველმოქმედო გაგვეკეთებინა შშმ პირებისთვის. გაგვიმართლა, რადგან თიბისი სტატუსმა ზუსტად იმ დროს შემოგვთავაზა თანამშრომლობა, როცა ჩვენც ვმუშაობდით ამ თემაზე. რაღაც დაემთხვა და საბოლოოდ, ერთად დავიწყეთ „აფორიზმობანას“ ახალი ვერსიის დამზადება.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=ydTGzALwELs[/embedyt]
M: როგორი იქნება „აფორიზმობანას“ მეორე ვერსია?
„აფორიზმობანა“ იქნება დამზადებული მყარ ზედაპირზე, ერთი მხრიდან, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი, ანუ თითით აღსაქმელი, ხოლო მეორე მხრიდან კი სიტყვები ისე იქნება დატანილი, რომ  ბავშვებმა შეძლონ ერთმანეთთან თამაში.

M: ამჟამად, რა ეტაპზე ხართ?
ნიმუშები გვაქვს გაკეთებული, რომელმაც ასე ვთქვათ, იმუშავა და წარმატებული გამოდგა, ბავშვებს მოეწონათ ძალიან. ახლა მთავარია, პროექტის განხორციელებისთვის, საზოგადოებამ მხარი დაგვიჭიროს და ერთად მოვაგროვოთ 6000 ლარი იმისათვის, რომ ეს თამაშები საჩუქრად გადავცეთ იმ ოჯახებს, რომელთაც უსინათლო წევრი ჰყავთ.


M: სათამაშოებს ვინ ამზადებს?

„აფორიზმობანას“ ნიმუშების დამზადებაში ტექნოპარკი დაგვეხმარა, ხოლო თამაშის დასამზადებლად, სპეციალურ სტამბასთან ვაპირებთ თანამშრომლობას, რომელსაც ბრაელის შრიფტით ბეჭდვა შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ „აფორიზმობანას“ სათამაშო ნაკრებში შედის აფორიზმების ბარათები, რომელზეც დიდი ქართველი მწერლებისა და პოეტების აფორიზმებია დატანილი, ასევე, ტომარა სავსეა სიტყვებით,  რომლითაც მოთამაშეებმა მათს ბარათებზე დატანილი აფორიზმები უნდა შეავსონ. მოგებული არის ის, ვინც პირველი ააწყობს საკუთარ ბარათზე დაწერილ აფორიზმს.

განხილვა