in

ბათუმში აფრო-ამერიკული მრავალხმიანობის კვირეულს კატი ბულოკი გაუძღვება!

ბათუმი აფრო-ამერიკული მრავალხმიანობის კვირეულს მასპინძლობს, რომელიც 29 აგვისტოდან 9 სექტემბრამდე გაიმართება. პროექტი ქართველი მსმენელისთვის აფრო-ამერიკული პოლიფონიური მუსიკის გაცნობასა და, ამასთან, მუსიკალური კულტურების გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. კვირეულს კი თავად აფრო-ამერიკული მუსიკის ექსპერტი, დოქტორი კატი ბულოკი გაუძღვება.

კვირეული პროექტის „პოლიფონია: განსხვავებული ფესვები, საერთო ღირებულებები“ ფარგლებში ჩატარდება, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ფოლკლორული საქართველო“ (Folklife Georgia) აშშ-ს ელჩის მცირე საგრანტო პროგრამის დაფინანსებით ახორციელებს. ჩვენ კი პროექტის ხელმძღვანელსა და „ფოლკლორული საქართველოს“ თანადამფუძნებელ ნანა მჟავანაძეს გავესაუბრეთ:

M: ნანა, მოგვიყევით, რა გზა გაიარეთ იმისათვის, რომ ბათუმში კატი ბულოკი ჩამოგეყვანათ? 

კატი ბულოკს პირველად 2015 წელს შოტლანდიაში მულტი-კულტურული ვორქშოფების კვირეულზე შევხვდით, სადაც ქართული ტრადიციული მუსიკის მასტერკლასებიც ტარდებოდა. ბულოკი აფრო-ამერიკული მუსიკის ვორქშოფებს უძღვებოდა. კვირეულის ბოლოს გაიმართა ვორქშოფის მონაწილეთა კონცერტი, რომელსაც განსაკუთრებული ხიბლი შესძინა აფრო-ამერიკული მუსიკის ბლოკმა, რომელმაც, თავის მხრივ, კატი ბულოკი მსმენელს გააცნო, როგორც მრავალმხრივი მუსიკოსი, მომღერალი, მენტორი, პიანისტი და, ზოგადად, მუსიკოსი, რომელიც თვითონაა გენეტიკურად აფრო-ამერიკული კულტურის, კერძოდ, მუსიკის მემკვიდრე და მატარებელი. სწორედ ამ კვირეულზე მიღებულმა შთაბეჭდილებებმა შთაგვაგონა და გაგვიჩინა ნატვრა, ოდესმე საქართველოშიც მოგვეწვია და ქართველი მსმენელი იმის თანაზიარი გაგვეხადა, რისი მოწმეც ჩვენ გავხდით. 

M: ვისაუბროთ ამ პიროვნებაზე — ვისთვის და რატომაა საინტერესო მისი ვიზიტი საქართველოში? 

კატი ბულოკი პედაგოგი, მკვლევარი, მომღერალი, აკომპანიატორი, არანჟორი და საგუნდო დირიჟორია. Berea-ს კოლეჯის (კენტუკის შტატი) ემერიტუს პროფესორი. არაერთი საერთაშორისო სასწავლო კურსის ავტორი და ხელმძღვანელი, მრავალი, მათ შორის, Seabury Award-ის მფლობელი. ამჟამად ბულოკი კენტუკის უნივერსიტეტში აფრო-ამერიკული მუსიკის მასტერკლასებს უძღვება და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა საერთაშორისო მასშტაბით. 

საქართველო, რომელსაც გამორჩეული ადგილი უჭირავს მსოფლიო მუსიკის რუკაზე, ტრადიციული მუსიკის მოყვარულთა, პროფესიონალთა და მკვლევართა ცხოველი ინტერესის საგანს წარმოადგენს. ხშირად და, უმეტესადაც კი, ქართული კულტურული იდენტობა სწორედ მისი უნიკალური მრავალხმიანობით განისაზღვრება. ქართული მუსიკა, შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ექსპორტის საგანია საერთაშორისო მასშტაბით. თუმცა, მსოფლიო მუსიკალური პალიტრა მდიდარი და მრავალფეროვანია… ქართველი მსმენელისთვის, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია თვალსაწიერისა და ცოდნის გაღრმავება ამ მიმართულებითაც. მით უფრო, რომ თანამედროვე ეთნომუსიკალური ფორმები, რომლებიც ე.წ. ნეოტრადიციონალიზმის ერთ-ერთი მიმართულებაა, მნიშვნელოვნად არის დავალებული მსოფლიო და, კერძოდ, დასავლური მუსიკის, მათ შორის, ისეთი პოპულარული ჟანრებისაგან, როგორებიცაა ჯაზი, ბლუზი და ა.შ., რომლებიც, თავის მხრივ, სწორედ აფრო-ამერიკული მუსიკის გავლენის შედეგია. 

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტის ეპოქაში ნებისმიერი, მათ შორის, ხმოვანი და, კერძოდ, აფრო-ამერიკულ მუსიკასთან დაკავშირებული ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, ცოცხალი ურთიერთობა აფრო-ამერიკულ მუსიკასთან, მისი მოსმენის, შესწავლისა და შესრულების შესაძლებლობა ქართველებისთვის მნიშვნელოვანი და ახალი იმპულსების, იდეების და ინსპირაციის წყაროდ, ან, უბრალოდ, დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა.

M: რას მოიცავს კატი ბულოკის ვიზიტი და რას უნდა ელოდნენ დაინტერესებული პირები?

ბულოკმა უკვე ჩაატარა აფრო-ამერიკული მუსიკის შესახებ ორი ონლაინ ლექცია და სექტემბრის დასაწყისში მასტერკლასებს აფრო-ამერიკული მუსიკით დაინტერესებული ყველა მსურველისთვის გამართავს, როგორც მოყვარულთათვის, ისევე მუსიკოსებისათვის. ლექციების მიზანია აფრო-ამერიკული მუსიკის შესახებ საბაზისო საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა კატი ბულოკთან და ძალიან მოკლედ და, ზოგადად, მსმენელებისა და პრაქტიკული ვორქშოფების პოტენციური მონაწილეებისთვის აფრო-ამერიკული მუსიკის ისტორიის გაცნობა. 

სექტემბერში გამართული ვორქშოფების მონაწილეები შეისწავლიან წინასწარ შემუშავებული პროგრამის საფუძველზე აფრო-ამერიკული მუსიკის ნიმუშებს. ვორქშოფების ბოლოს ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება კონცერტი, სადაც ფართო მსმენელს ექნება საშუალება, მოისმინოს აფრო-ამერიკული მრავალხმიანობის ნიმუშები კატი ბულოკისა და ვორქშოფების ქართველი მონაწილეების შესრულებით.

პრაქტიკული ვორქშოფების პირველ ეტაპზე ჩართული იქნება ქართველი პედაგოგი, ანსამბლ თუთარჩელას” ხელმძღვანელი თამარ ბუაძე, რომელიც მოამზადებს ჯგუფებს ქალბატონი ბულოკის ჩამოსვლამდე. ვორქშოფის მონაწილეები დაიყოფიან ორ ჯგუფად: ა) ახალბედა და გამოუცდელი მოყვარულები, რომელთათვის შემუშავდება მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი პროგრამა ბ) გამოცდილი მუსიკოსები, რომლებიც უფრო რთულ რეპერტუარს შეისწავლიან.

M: ვისაუბროთ პროექტის მიზანსა და მნიშვნელობაზეც…

გარდა ზემოთ აღწერილი მიზნებისა და მნიშვნელობისა, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ორი მრავალხმიანი კულტურის შეხვედრა და გამოცდილების გაზიარება. შოტლანდიაში, ზემოთ ნახსენები კვირეულის დროს, კატი ბულოკი განსაკუთრებით დაინტერესდა ქართული ვოკალური მრავალხმიანობით და გამოხატა ჩვენი ტრადიციული მუსიკის უფრო ახლოს გაცნობის სურვილი.

Oh, my God! — იყო მისი რეპლიკა კვირეულის განმავლობაში ქართული სიმღერების ყოველი გაგონებისას და მასზე საუბრისას.

შესაბამისად, ბათუმის ვორქშოფების მონაწილეები ქართველი მენტორის თამარ ბუაძის ხელმძღვანელობით ასევე შეისწავლიან რამდენიმე ქართულ სიმღერასაც, რომლებიც ფინალურ კონცერტზე შესრულდება. 

ამასთან, როგორც აფრო-ამერიკული მუსიკის წარმომადგენელი და მატარებელი, კატი ბულოკი ვორქშოფის მონაწილეებს გააცნობს და შეასწავლის იმ ვოკალურ ტექნიკებს, რომლებიც დამახასიათებელია აფრო-ამერიკული საშემსრულებლო ხელოვნებისათვის და რომელიც განსაკუთრებული ხელწერასა და ხასიათს სძენს ამ მუსიკას. შესაბამისად, ამ ტექნიკების ცოდნა და მათი პრაქტიკული დაუფლება ხელს შეუწყობს ქართველი მუსიკოსების საშემსრულებლო ოსტატობის დახვეწასა და ამაღლებას. ეს განსაკუთრებით სასარგებლო იქნება იმ მუსიკოსებისათვის, რომელთაც კარიერის გაგრძელება ამ მიმართულებით სურთ. 

M: სამომავლოდ გეგმავთ თუ არა ამ პროექტის განვითარებას სხვა პირების ჩამოყვანით?

ძალიან გვინდა საქართველო, რომელსაც მეტაფორულად მრავალხმიანობის აკვნადაც იხსენიებენ, გახდეს ერთგვარი ჰაბი და მსოფლიო მუსიკის შეხვედრის ადგილი. ჩვენი ორგანიზაციისთვის ეს პირველი მცდელობაა ამ გზაზე. საკმაოდ ამბიციური სურვილია და დიდ ტექნიკურ თუ ფინანსურ რესურსს მოითხოვს, თუმცა მცირე ნაბიჯი უკვე გადავდგით და კიდევ რამდენიმე იდეის მონახაზი გვაქვს. სანამ ეს მონახაზი კონკრეტული პროექტის ფორმას არ მიიღებს, ალბათ, არ ღირს გახმოვანება. თუმცა როგორც კი ეს მოხდება, აუცილებლად შეგატყობინებთ. 

That Smell! ეტიკეტზე სუნით გამოწვეულ უხერხულობას ასახავს

თიბისი კონცეპტი თეატრის „სახელოსნო 42“ ახალი სეზონის წარმდგენია