საზოგადოებას, რომელიც ძველ ნახატებსა და ანტიკვარულ ნივთებს დიდ პატივს სცემს, ასევე ასაკოვანი ადამიანები ავიწყდება ხოლმე… Age UK-ის საქველმოქმედო ორგანიზაციას კი სწორედ ამის შეცვლა სურს — Let’s Change How We Age-ით საუბრებს ასაკისა და იმ გადაუდებელი საჭიროების შესახებ იწყებენ, რომელიც მოხუცი ადამიანებისადმი დამოკიდებულების შეცვლას მოიაზრებს.
სტრატეგიაზე ერთი წელი იმუშავეს, ამ პროცესში კი არაერთი ორგანიზაცია იყო ჩართული. Age UK-ის მისია მკაფიოა: იმის გამო, რომ ასაკში შესულ ადამიანთა რიცხვი მეტად მრავალფეროვანი ხდება და ისინი უთანასწორობის მზარდი პრობლემების წინაშე არიან, საზოგადოებაც შესაბამისად უნდა განვითარდეს, რათა მოხუცებმა სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვრონ. კამპანიის ფარგლებში კი საზოგადოებისგან მხარდაჭერის მოპოვება სურთ, რათა მოემზადონ ასაკში შესვლასთან დაკავშირებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, თუმცა ეს მხოლოდ ამჟამინდელ თაობას კი არა, მომავალსაც ეხება…
კამპანიას შთამბეჭდავი ფილმით გვაცნობენ, რომლის რეჟისორიც Academy Award-ის ჯილდოს მფლობელი ჯეიმს მარში გახლავთ. იგი, თავის მხრივ, The Theory of Everything და Man on Wire-ით არის ცნობილი. ფილმში კი მთავარ როლს რიჩარდ დურდენი ასრულებს და მწარე სიმართლესაც გვეუბნება საზოგადოების ნაკლოვანი ღირებულებების შესახებ:
ფილმთან ერთად სამი პოსტერი გამოუშვეს, რომლის ფოტოები James Day-მ გადაიღო. აქ სამხატვრო გალერეებში მყოფი ადამიანებია გამოსახული, როცა AI-ის მიერ გენერირებული ნამუშევრები ისეთ საკითხებს უსვამს ხაზს, როგორებიცაა იზოლაცია, ჯანდაცვის პრობლემები და ფინანსური სიდუხჭირე, პრობლემები, რომელთა წინაშეც დღეს ბევრი მოხუცი დგას…
„ვეღარ უარვყოფთ ფაქტს, რომ საზოგადოება სწრაფად ბერდება, ხოლო მათი მხარდამჭერი რესურსები უკან რჩება. თუ არ შევცვლით ჩვენს დამოკიდებულებას ასაკის მიმართ, შევაბიჯებთ მომავალში, რომელთან გასამკლავებლად საზოგადოება მზად არ იქნება“, — აცხადებს ლოლა ნევესი, Neverland-დან.