შესაძლოა, ბოლო პერიოდში შეამჩნიეთ, რომ ისე სწრაფად ვეღარ კითხულობთ, როგორც ადრე. ამის მიზეზი შეიძლება მხედველობის დაქვეითება ან კოგნიტიური ცვლილებები იყოს… თუმცა კიდევ ერთ საინტერესო და, შეიძლება ითქვას, უჩვეულო საკითხს ე. წ. „ასაკობრივი შრიფტები“ წარმოადგენს.
ახლად ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ შრიფტებს დიდი გავლენა აქვს ადამიანის კითხვის ტემპზე. ეს გავლენა კი კიდევ უფრო იზრდება, თუ 35 წელზე მეტის ხართ. შონ უოლასის, ბრაუნის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების დოქტორანტის თქმით, კითხვის ეფექტურობის გაუმჯობესება შრიფტის მანიპულირებით შეიძლება.
უოლასის გუნდმა 18-დან 71 წლამდე ასაკის 352 ცდისპირი შეკრიბა. მათ ერთი ტექსტის 16 სხვადასხვა შრიფტით წაკითხვა დაევალათ: Avenir Next, Arial, Avant Garde, Calibri, Franklin Gothic, EB Garamond, Helvetica Neue, Lato, Montserrat, Noto Sans, Open Sans, Oswald, Poynter Gothic Text, Roboto, Times და Utopia.
მთელი ამ ჩამონათვალიდან არ არსებობს ერთი უნივერსალური შრიფტი, რომლის შემთხვევაშიც ყველა ადამიანი უფრო სწრაფად კითხულობს… ზოგიერთის კითხვის ტემპს Arial აჩქარებს, ზოგიერთისას კი — Avant Garde. შესაბამისად, ინდივიდუალური განსხვავებები უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ნებისმიერი საერთო ეფექტი. საინტერესოა, რომ ის შრიფტები, რომლებსაც თავად ანიჭებდნენ უპირატესობას, სულაც არ ეხმარებოდათ სწრაფად კითხვაში. მაგალითად, შეიძლება, Helvetica-ს ვიზუალი მოგწონდეთ, მაგრამ Open Sans-ით უფრო სწრაფად კითხულობდეთ.

ამასთან, ერთი დასკვნა ნათელი იყო: 35 წელზე დიდი ასაკის მონაწილეები ყველა შრიფტით, საშუალოდ, უფრო ნელა კითხულობდნენ ახალგაზრდა მონაწილეებთან შედარებით. გამონაკლისს მხოლოდ EB Garamond და Montserrat წარმოადგენდა. ამის მიზეზად კი ის დასახელდა, რომ Monsterrat-ში ყველაზე მაღალი x-ია გამოყენებული. წარსულში კი ტიპოგრაფები შრიფტებში მაღალი ზომის x-ს იყენებდნენ, რათა წაკითხვა უფრო ადვილი ყოფილიყო.
რაც შეეხება EB Garamond-ს, მას ისეთი სერიფები აქვს, რომლებიც კლასიკურს იერს უზრუნველყოფს. ეს კი ხანდაზმულ მკითხველს ტექსტის უკეთ აღქმაში ეხმარება.
რეალურად, კვლევის შედეგები დიზაინის დიდ პრობლემას განაზოგადებს — საშუალო მომხმარებელი არ არსებობს, ვერ შეიქმნება უნივერსალური, ყველაზე მორგებული პროდუქტი.










