in

„იდეით შეპყრობილობის სენი“ და სააგენტო „მეტას“ ფარგლებში შექმნილი სტარტაპების სხვა #შეცდომები

„შენი, როგორც ენტრეპრენერის, სტარტაპერისა და თანამშრომლის პასუხისმგებლობა და წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ  მარცხს ღირებულება შესძინო და ეს შეძენილი გამოცდილება მომავალი წარმატებისთვის გამოიყენო“.

Startauperi
Startauperi

მარკეტერი წარმოგიდგენთ რუბრიკას – #შეცდომები, რომლის ფარგლებშიც, ქართველი სტარტაპერები მოჰყვებიან ბიზნესის კეთებისას/დაწყებისას დაშვებული ყველაზე დიდი და გამოცდილების თვალსაზრისით, ღირებული შეცდომ(ებ)ის შესახებ. ამ შემთხვევაში, სააგენტო „მეტას“ დამფუძნებელი მერაბ გოცირიძე გვიზიარებს სააგენტოს ფარგლებში შექმნილი სტარტაპების გამოცდილებას:

მერაბ გოცირიძე

მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთ აქსელერატორში, Startup Wise Guys-ში,  ინვესტორებთან შეხვედრისას ასეთი რამ გვკითხეს: „სტარტაპების კეთების დროს მარცხი თუ გქონიათ?“ რომ დავფიქრდი, რა ვუპასუხო-მეთქი, პირველი გაელვება იყო, ამხელა ინვესტორ კაცს ჩემს მარცხზე რომ ველაპარაკო, რა უხერხულია, რას იფიქრებს-მეთქი და საუბარი ყოყმანით დავიწყე, თითქოსდა არაფერი განსაკუთრებული შეცდომა არ მქონდა დაშვებული, თუმცა პასუხი შემაწყვეტინეს და მითხრეს: „როგორ, მარცხი არ გახსენდება? განა, პრაქტიკაში შეცდომები არ გქონია, რომელმაც გამოცდილება მოგცა?! თუ ასეა, მაშინ არ გვსურს მსგავს ადამიანთან პარტნიორობა, ვინაიდან არ გვინდა, ის შეცდომები, რომელიც მანამდე უნდა გამოეცადა, ჩვენთან ერთად დაუშვას“.

სწორედ ამის მერე გავაცნობიერე, რომ შეცდომებზე არა მხოლოდ ხშირად სჯობს ვიფიქრო, არამედ მათზე ხმამაღლაც ვისაუბრო.

როგორც წესი შეცდომების აღიარებას საკუთარ თავთანაც კი ვერიდებით ხოლმე და ამის მიზეზი შეიძლება, იყოს ის, რომ მარცხი ძვირად დაგვიჯდა, წარუმატებლობა გამოგვაცდევინა, ჩვენი წინსვლა შეაჩერა, უკან დაგვხია და სხვ. და ხშირად სწორედ შეცდომების მიუღებლობა და არაღიარება ხდება ხოლმე იმის საფუძველი, რომ მარცხი ჩვენთვის გაკვეთილი კი არ გახდეს, არამედ მხოლოდ უსიამოვნო გამოცდილებად დარჩეს. თავადვე გამომიცდია, მთელი ძალისა და სითამამის მოკრებაა საჭირო, რომ შეცდომასა და წარუმატებლობაზე იფიქრო და თან მასზე ხმამაღლა ილაპარაკო. ასეთი მიდგომით კი, შეიძლება, იმ დასკვნამდეც მიხვიდე, რომ ამ შეცდომის დაშვება, ალბათ, ღირდა კიდევაცო.

„შეცდომის დაშვება ღირდა“, ერთი შეხედვით, სასაცილოდ და ცოტა უაზროდაც ჟღერს, მაგრამ სტარტაპში ამის გაცნობიერება ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან შენი, როგორც ენტრეპრენერის, სტარტაპერისა და თანამშრომლის პასუხისმგებლობა და წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ  მარცხს ღირებულება შესძინო და ეს შეძენილი გამოცდილება მომავალი წარმატებისთვის გამოიყენო.

მინდა, ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი „ღირებულებები“ გაგიზიაროთ:

მაგარია, საღამოობით შევიკრიბოთ
პირველად საქართველოში, პლატფორმა შევქმენით, რომელიც მატარებლის, ავტობუსებისა და რეგიონული სამარშრუტო ტაქსების ბილეთებს აერთიანებს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ის ონლაინ, ადგილებისა და განრიგების ჯავშნით შეიძინოს.

ვახ, როგორ ჟღერს. რა კარგი იდეაა. დავცხოთ.

საიტი სრულად ავაწყვეთ – ადგილების ჯავშნის სისტემით, ასევე, ბილეთების წინასწარი ჯავშნის შესაძლებლობით როგორც მატარებლის, ასევე ავტობუსისა და სამარშრუტო ტაქსებისთვის. ოკრიბასა და ორთაჭალის ავტოსადგურებში ბილეთების ჯავშნის სისტემა დავაყენეთ, თანამშრომლები დავატრენინგეთ და ვებგვერდისა და ამ თანამშრომლების მიერ შეყვანილი ინფორმაციის (როგორც დროების, ასევე ადგილების) სინქრონიზაციაც უზრუნველვყავით. დიახ, ოკრიბისა და ორთაჭალის, ასევე სხვა რეგიონალურ ავტოსადგურებში ეს მოვახერხეთ. არ გვჯეროდა.

ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა, მაგრამ გზად ერთ პრობლემას გადავაწყდით: პროექტის ხელმძღვანელობა თუ ამავე პროექტის განვითარებაში ჩართული ადამიანები Advertwise -ის, ჩვენივე სააგენტოს თანამშრომლები ვიყავით. შესაბამისად, ამ პროექტის იდეა და აღსრულება ჩვენს პასუხისმგებლობაში იყო. თუმცა პრიორიტეტი მაინც სააგენტოს დავალებები იყო და პროექტი imgzavre.ge კეთდებოდა მხოლოდ „საღამოობით“ და განწყობით – „სააგენტოს ტასკებს ჩავამთავრებ და „იმგზავრეს“ მერე მივხედავ“ და დაგვემართა ეს:

1 წლის შემდეგ რაც მოხდა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი შეცდომა, რომელიც სტარტაპერმა ან ენტრეპრენერმა შეიძლება, დაუშვას: თუ პროექტს აკეთებ, მას საკუთარი თავი ბოლომდე უნდა მიუძღვნა. არავითარი „ჯერ სხვა ტასკები“, არავითარი „სამსახურის მერე შევიკრიბოთ“. ძალიან რთულია ასეთი დამოკიდებულებით საქმის ბოლომდე მიყვანა. თუ გინდა, რაღაც გამოგივიდეს, ყველაფერი გადადე, ამ „რაღაცით“ იცხოვრე, დილიდან გვიანობამდე აკეთე ისე, რომ პარალელურად, სხვა რამეზე არ იფიქრო.

სწორედ ამ მარცხის შემდეგ, თუ რაიმე სტარტაპი დაგვიწყია, ახლა ასე ვართ – ვისაც პროექტის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა აქვს, ის ადამიანი და მასთან ერთად მომუშავე თანამშრომლებიც თავს, აბსოლუტურად, 100%-ით ამ კონკრეტულ პროექტს უძღვნიან.

რასაკვირველია, წარმატებისთვისაც მხოლოდ ასეთი მიდგომით მიგვიღწევია.

ვახ კაია, ესეც დავამატოთ
ვირტუალური კინოთეატრი, სადაც მთელი მსოფლიოდან შემოსული აუდიტორია ახალ გამოსულ ფილმებს სინქრონში უყურებს, კადრი კადრში. ფილმის ყურებაზე მორგებული ჩეთიც ჩაშენებულია და ადამიანებს საუბრის, თეგების გაკეთებისა და სენსის დაწყებამდე, მსვლელობისას თუ დასრულების შემდეგ, აზრის გამოხატვის საშუალება აქვთ.

ძალიან დიდი ამბიციები გვქონდა, მსოფლიოს მასშტაბით.

ონლაინ სტრიმინგიც კი აეწყო სინქრონში, იდეალურად მუშაობდა ყველაფერი, ისე, როგორც დაგეგმილი იყო, თუმცა – „მოიცა, სანამ დავიწყებთ ონლაინ ბილეთების გაყიდვასა და ტრეფიკის შემოყვანას, მოდი სოციალური ქსელიც გავაკეთოთ და მომხმარებლებს, ვინც ფილმს უყურებენ, მხოლოდ ჩეთი კი არ ჰქონდეთ, არამედ პირადი პროფილებიც გავუკეთოთ და ერთმანეთთან დამეგობრების შესაძლებლობა მივცეთ. გადასარევი იდეაა, ვქნათ და გაყიდვაც უფრო მარტივი იქნება.

„მოიცა, აპლიკაციაც ხომ გვინდა? – როგორ არა, აუცილებლად. გავაკეთოთ, ეგ საერთოდ გაამარტივებს პროდუქტის გაყიდვას“ და ასე „უსასრულოდ“ გრძელდებოდა დეველოპმენტი და პროექტი ვერ ეშვებოდა.

ამ ყველაფერს ემატებოდა ზემოთ ხსენებული „საღამოობით შევიკრიბოთ“ და აქაც, 1 წლის შემდეგ: პროექტი შეჩერდა ისე, რომ გაყიდვამდე ვერც მივიდა. 

დაიწყე შენი სტარტაპის პროდუქტის/სერვისის გაყიდვა იმ დროს, როდესაც პირველად იდეას ააწყობ. ძალიან დიდი ცდუნებაა მუშაობის პროცესში დაბადებული კარგი იდეების დაშენების სურვილების მართვა. ყოველთვის გსურს, რომ ახალ-ახალი ე.წ. „ფიჩერები“ დაამატო და ეს გაყიდვებზე ბევრად უფრო სასიამოვნოა. შესაბამისად, ამ ცდუნების მსხვერპლი ხდები და გაყიდვებზე ზრუნვას სულ უფრო და უფრო გვიან იწყებ. მსგავსი შეცდომა სხვა სტარტაპებშიც გვქონია და ეს არის ძალიან კრიტიკული რამ, რაც, ასევე, იწვევს მარცხს ან უკეთეს შემთხვევაში – სტარტაპის ნელი ტემპით განვითარებას. ეს უნდა შეწყვიტო. უნდა მოიკრიბო ძალა, შენი პირველადი პროდუქტი გაყიდო და განვითარებაზე ამის მერე იზრუნო.

კაი იდეაა, „უეჭველი“ საჭიროა ბაზარზე
ენტრეპრენერს, სტარტაპერს ან ამ ინდუსტრიაში მომუშავე თანამშრომელს იდეა რომ მოგდის, რომლისაც იმდენად გჯერა, რომ დარწმუნებული ხარ, იმუშავებს და გაამართლებს, მასზე ლაპარაკს ერიდები ხოლმე, შემთხვევით რომ არ „გაბაზრდეს“, ვინმემ არ „მოგპაროს“ და აღსრულება დაგასწროს.

იდეას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სად გაიყიდება შენი იდეის შედეგად შექმნილი პროდუქტი ან სერვისი!

ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა – როდესაც იდეაზე, მის უნიკალურობაზე, მის არაჩვეულებრივობაზე კონცენტრირდები, მაგრამ არ ფიქრობ მთავარზე! სად გაყიდო? რომელ წყაროში გაყიდო? ვის მიჰყიდო? ამ კითხვაზე თუ არ გაქვს 100%-იანი პასუხი, მაშინ შენი იდეა არც ისეთი არაჩვეულებრივია, როგორიც შენ გგონია.

ეს შეცდომა ბევრჯერ გვქონია და ბევრჯერაც გვიწვნევია მარცხი – გაყიდვის ადგილი და წყარო განსაზღვრული რომ არ გვქონდა.

თუმცა სწორედ ამ მარცხმა და შეცდომამ დაგვაძლევინა იდეით შეპყრობილობის სენი და დაგვანახა იმის აუცილებლობა, რომ პირველ რიგში, პროდუქტის ან სერვისის გაყიდვის წყაროზე გვეფიქრა, სადაც დავპოზიციონირდებოდით და გავყიდდით ჩვენს პროდუქტსა თუ სერვისს, მერე კი, ამაზე დავაშენებდით ისეთ წარმატებულ სტარტაპებს, როგორებიცაა: sesxebi.ge, dgiruad.ge, completeketodiet.org, starketo.ru

TikTok ასტონ მარტინის პარტნიორი გახდა და ფორმულა 1-ში პოზიციონირებისთვის ემზადება

ტყვიის სროლა ოლიმპიადაზე