in

როგორ ჩაერთვება „აგენტური AI“ საქმიან რუტინაში და რა როლი ექნება ადამიანს

Lenovo
Lenovo

გაყიდვების სფერო ყოველთვის იყო ახალი ტექნოლოგიების ნამდვილი საცდელი პოლიგონი. CRM სისტემებს, პროგნოზულ ანალიტიკასა თუ მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევის ინსტრუმენტებს თავიანთი ეფექტურობის დამტკიცება სწორედ აქ უწევდათ. ახლა კი ასპარეზზე ახალი მოთამაშე – აგენტური ხელოვნური ინტელექტი გამოდის, რომელიც გაყიდვების ყველაზე მასშტაბურ ტრანსფორმაციას მოახდენს ამ საუკუნეში. ტრადიციული მოდელებისგან განსხვავებით, ის დამოუკიდებლად მოქმედებს, ისახავს მიზნებს, ერგება კონტექსტს და გაყიდვების ციკლის განმავლობაში ადამიანებთან თანამშრომლობს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ადმინისტრაციულ საქმეებში ხელოვნური ინტელექტი გუნდს დღეში ორ საათზე მეტს უზოგავს, თუმცა აგენტური მოდელი ამ შედეგს სრულიად ახალ ნიშნულზე აიყვანს.

გაყიდვების პროცესი, რომელიც აქამდე ადამიანის მიერ მართულ ცალკეულ დავალებებს ეყრდნობოდა, სრულად ავტომატიზებულ ციკლად გარდაიქმნება. დღეს, გუნდები უზარმაზარ დროს ხარჯავენ პოტენციური კლიენტების მოძიებაზე, ე.წ. ლიდების კლასიფიკაციაზე, ზარების დაგეგმვასა და ცივი მეილების გაგზავნაზე. მომავალში ამ ყველაფერს აგენტური AI ადამიანის მინიმალური ჩართულობით შეასრულებს. ამ ახალ რეალობაში გაყიდვების სპეციალისტი, ფაქტობრივად, AI აგენტის მენეჯერი ხდება. მას შეეძლება, თავის პერსონალურ ასისტენტს დაავალოს კონკრეტულ ინდუსტრიაში ან გეოგრაფიულ არეალში იმ ბიზნესების მოძიება, რომლებიც მათი პროდუქტით დაინტერესების ნიშნებს ავლენენ. როცა AI ამ კომპანიებს იპოვის და გადაამოწმებს, სპეციალისტი მას პირველად კომუნიკაციას (მაგალითად, მეილების გაგზავნას) დაავალებს, რათა ნიადაგი მოამზადოს მანამ, სანამ თავად ჩაერთვება პროცესში. ეს სტრატეგიას ბევრად დინამიკურს ხდის – კამპანიები მყიდველის ქცევის მიხედვით რეალურ დროში იცვლება, ხოლო დაგეგმარება და პროგნოზირება კვირაში ერთხელ განხილვის ნაცვლად, რეგულარულად ოპტიმიზდება.

ტექნოლოგიურ აგენტებს ბევრი უპირატესობა აქვთ. ისინი ადამიანებზე სწრაფები და თანმიმდევრულები არიან, შეუძლიათ შეუსვენებლად მუშაობა და არასდროს ეშინიათ უარის ან უპასუხოდ დატოვებული შეტყობინების. დღევანდელი გადმოსახედიდან, გაყიდვების მენეჯერის ყოველდღიური დავალებების 57%-ის ავტომატიზება უკვე შესაძლებელია. მიუხედავად ამისა, თავად პროფესია არსად გაქრება. გაყიდვების ციკლის ბოლოს ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებმაც შეთანხმებას უნდა მიაღწიონ. დიდ, კომპლექსურ გარიგებებსა და მოლაპარაკებებში გადამწყვეტი კვლავ ნდობა, ემპათია, კრეატიულობა და სტრატეგიული აზროვნებაა. AI რაოდენობასა და ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს, მაგრამ ჩვენ კვლავ იმ ადამიანებთან გვსურს თანამშრომლობა, ვიცნობთ, მოგვწონს და ვენდობით.

ამ ტექნოლოგიის წარმატებით დანერგვის მთავარი ბარიერი არა თავად ინსტრუმენტი, არამედ ორგანიზაციული მზაობაა. გუნდების უმეტესობა ჯერ კიდევ ისეა მოწყობილი, რომ ადამიანი პროცესის თითოეულ ნაბიჯს აკონტროლებს. აგენტური მოდელისგან მაქსიმალური უკუგების მისაღებად, სტრუქტურების გადაწყობა და ავტომატიზაციისთვის მეტი ნდობის გამოცხადებაა საჭირო. გარდა ამისა, როგორც ნებისმიერი ახალი ტექნოლოგიის შემთხვევაში, აქაც მთავარი მონაცემებია. ფრაგმენტული CRM ბაზები და სისტემების ცუდი ინტეგრაცია პროცესს აუცილებლად დააზიანებს. ამასთან, კომპანიებმა მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ უფლებამოსილებისა და პასუხისმგებლობის საზღვრები, რათა პროცესი კონტროლიდან არ გამოვიდეს და ბრენდის რეპუტაცია არ დაზარალდეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია თანამშრომელთა შიშების მართვა. ლიდერებმა ღია დიალოგით უნდა აუხსნან გუნდს, რომ AI მათი ჩამანაცვლებელი კი არა, მათი შესაძლებლობების გამაძლიერებელი და გაყიდვების მაჩვენებლის გამზრდელი ინსტრუმენტია.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში ინდუსტრიაში კიდევ უფრო საინტერესო ძვრებია მოსალოდნელი. აგენტური AI-ის ყველაზე მნიშვნელოვანი განვითარება კონტექსტური და ემოციური ინტელექტის მიმართულებით მოხდება. სისტემები უკეთ შეძლებენ ტონისა და განწყობის ამოცნობას როგორც წერილობით, ისე ზეპირ კომუნიკაციაში, რის შემდეგაც მესიჯის სტილს ისევე დაარეგულირებენ, როგორც ამას ადამიანი იზამდა. ასევე, წინ მიიწევს მულტი-აგენტური თანამშრომლობაც, სადაც ერთი ამოცანის ნაცვლად, სპეციალიზებული აგენტების ქსელი ერთობლივად იმუშავებს: ერთი მოიძიებს ინფორმაციას, მეორე დაწერს ტექსტს, მესამე შეიმუშავებს საფასო სტრატეგიას, მეოთხე კი ფინანსებს დააპროგნოზებს.

ამ სიახლეებთან შესახვედრად მზადება კი პირველ რიგში აზროვნების შეცვლით იწყება. გაყიდვების ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ ფიქრი იმაზე, თუ როგორ დაეხმარება AI უკვე არსებულ პროცესებს და ამის ნაცვლად, მათ პროცესები ხელახლა უნდა ააწყონ ისე, რომ ტექნოლოგიის პოტენციალი მაქსიმალურად გამოიყენონ. ეს როლების ძირფესვიანად შეცვლას, სუფთა მონაცემებში ინვესტირებასა და სისტემების სრულყოფილ ინტეგრაციას მოითხოვს. საბოლოოდ კი, მთელმა გუნდმა მუდმივად უნდა ისწავლოს. ეს არ არის ტექნოლოგია, რომელსაც ერთხელ ჩართავ და დაივიწყებ. აგენტური AI მომავალი აღარ არის – ის უკვე ცვლის მოწინავე კომპანიების ოპერირების სტილს. მთავარი კითხვა ახლა ისაა, ვინ შეძლებს დროულად ადაპტირებას და ახალი რეალობიდან მაქსიმალური შემოსავლის მიღებას.

წყარო: Fastcompany

17 მარტს პროკრედიტ ბანკი ქალ მეწარმეებს უმასპინძლებს

მიიღეთ გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკში ნებისმიერ დროს, უკეთესი კურსით