„მინდოდა, შემექმნა ისეთი გარემო, სადაც მთელი დღე იქნებოდა ჩართული ქალაქური სიმღერები და მეტიც, სტუმრებს შეეძლებოდათ ბაფთიან გიტარაზე დაკვრა. თან მინდოდა, გარემოც ყოფილიყო არა საქეიფო, არამედ სუფთა და დახვეწილი. ქუთაისი იმიტომ გადავწყვიტე, რომ თავად ვარ ქუთაისიდან და ძალიან მინდა, ჩემს ქალაქში ბევრი კარგი ადგილი იყოს, ნელ-ნელა გამოცოცხლდეს“, – ალექსანდრე მშვილდაძე „აგერარის“ დამფუძნებელია, რომელმაც 2 წლის წინ გადაწყვიტა, სარესტორნე ბიზნესში ბედის ცდა. დღეს, ქუთაისში 2 ბარ-რესტორანს ფლობს და ასევე, არის ორი კომპანიის პარტნიორი, რომელიც ემსახურება ჰორეკას. როგორია რესტორნის კონცეფცია? ვინ იმუშავა ბრენდინგზე? და რა არის „აგერარის“ უპირატესობა ბაზარზე? – მარკეტერს ალექსანდრე მშვილდაძე ესაუბრა:
M: როგორია რესტორნის კონცეფცია და ვინ იმუშვა ბრენდინგზე?
სახელი და ლოგო შეარჩია სტრატეგიული ბრენდინგის სააგენტო Live-მა, „აგერარის“ მენიუსაც შეავლო ხელი და ქუთაისური კოლორიტულობით გააჯერა ის. იყო კიდევ რამდენიმე ძალიან კარგი ვერსია, თუმცა ვფიქრობ, ცოტა იუმორი ყველაზე მეტად მოუხდა ჩვენს რესტორანს. სახელი „აგერარი“ თავად გამოხატავს მის გარემოს. ადგილი, სადაც მიხვალ, ხალისითა და იუმორით სავსე პერსონალი მოგემსახურება, დატკბები მონატრებული მუსიკის მოსმენითა და უგემრიელესი კერძებით, დადებითად დაიმუხტები და ისე წახვალ. თან ეს ყველაფერი ძალიან დახვეწილ გარემოში, რომლის შექმნაშიც კომპანია „დიზაინერატორი“ დაგვეხმარა.
M: რაც შეეხება პერსონალს – ჩემიძმა, კაიკაცი, გეხუტუნე, სახელებიც ბრენდინგის ნაწილია?
ქუთაისში ძალიან ხშირია მსგავსი მიმართვა მომსახურე პერსონალისადმი, ამიტომ გადავწყვიტეთ, გავუადვილოთ საქმე ჩვენს მომხმარებელს და ყოველდღიურად, ჩვენი მომსახურე პერსონალი თავად შეარჩევს, რომელი გულსამაგრით მოემსახურებიან ჩვენს სტუმრებს. გვყავს, ასევე, ბარმენი, სახელწოდებით, ოქრო, მოლარე – არიჩქარო და ა.შ. სახელების შერჩევაშიც ალექს ჩიქოვანი და შოთა ჩინჩალაძე, სააგენტო ლაივიდან დაგვეხმარნენ.
M: რით იქნება „აგერარი“ გამორჩეული ბაზარზე?
ლუდის რესტორანში „აგერარი“ მოსულ სტუმრებს ძირძველი იმერული ოჯახის მიერ შექმნილი რეცეპტებით დამზადებული ქართული კერძებით გაუმასპინძლდებიან. ოჯახური რეცეპტების საიდუმლოებების გამო, ჩვენი საფირმო კერძები განუმეორებელი ხელწერით გამოირჩევა. შესაბამისად, ასეთი გემოსა და არომატის მქონე კერძების დაგემოვნება მხოლოდ ჩვენთან შეიძლება. მთავარი განმასხვავებელი ნიშანიც ჩვენი კერძებია. ყველაზე დიდი დრო და ენერგია ჩავდეთ იმაში, რომ საუკეთესო მზარეულები მოგვეყვანა. მაგალითად, ერთ-ერთი მცხობელი ნუნუ დეიდაა, რომლის ხაჭაპური დიდი პოპულარობით სარგებლობს ქუთაისში.
M: როგორია თქვენი ამჟამინდელი და სამომავლო გამოწვევები?
ახლო მომავალში ვაპირებ, დავამატო მიტანის სერვისი. ასევე, თბილისშიც ვგეგმავ რესტორნის გახსნას.





















