www.aghadgine.ge – „ბიზნეს საინფორმაციო სააგენტოს“ – „ბიას“ ინციატივით, სატყეო სააგენტო კომპანია „თრიფექსთან“ ერთად, ბორჯომის ტყის გადარჩენის პროექტის ფარგლებში შექმნილი ვებგვერდია, სადაც კომპანიები და ფიზიკური პირები შეძლებენ ონლაინ რეჟიმში შეიძინონ და დარგონ ხეების სასურველი რაოდენობა და თვალი ადევნონ პროცესს – რამდენი ხე დაირგო კამპანიის ფარგლებში, რამდენი ჟანგბადი გამოიმუშავა მათ მიერ დარგულმა ნერგმა და თვალყური ადევნონ ხეების ზრდისა და მოვლა–მონიტორინგის პროცესს, 5 წლის განმავლობაში. კამპანიის ფარგლებში, 25 აპრილიდან 8 აგვისტომდე, ბორჯომის ხეობის ტერიტორიაზე, მისი პირვანდელი სახის აღსადგენად, საჭიროა, დაირგოს, ჯამში, 750 000 ხე. პროექტის ნაწილი, სიმბოლურად, 8 აგვისტოს მთავრდება, თუმცა დარგვის პროცესი, სექტემბერ-ოქტომბერშიც გაგრძელდება. კამპანიის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი დაფიქსირდება ტყის ხელოვნურად სრულად აღდგენის პირველი პრეცედენტი საქართველოში. მარკეტერი ესაუბრა „ბიას“ წარმომადგენელს – თამარ ზამთარაძეს:
M: რატომ გადაწყვიტეთ, რომ კამპანიისთვის მასშტაბური სოციალური სახე მიგეცათ?
კვლევების შედეგად, დადგინდა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გადამწვარი ბორჯომის ტყეები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას და ტერიტორიის ბუნებრივად აღდგენა შეუძლებელია, რაც ადამიანის ჩარევის აუცილებლობას წარმოადგენს, ტყის სრული რეაბილიტაციისთვის, მხოლოდ სახელმწიფო კი ამას ვერ მოახერხებდა. წლების შემდეგ, ეკოლოგიური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია, ვერ ხერხდება დაზიანებული უბნების ბუნებრივი განახლება, დამძიმებულია ეროზიული ფონი და ტყის მასივი კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას.
M: როგორ უნდა დავრგოთ ხე ონლაინ რეჟიმში ?
ვებგვერდზე, „აღადგინეზე“ დაკლიკვის შემთხვევაში, ეკრანზე ჩნდება ორი ველი -„ბიზნესისთვის“ და „შენთვის“. იურიდიული პირის შემთხვევაში (ბიზნესისთვის), დასარგავი ხეების რაოდენობა არის 100-დან და 50 000-მდე და თითო ხის საფასური შეადგენს 10 ლარს. რაც შეეხება ფიზიკური პირების ველს (შენთვის) – სულ მცირე, 1 ხის დარგვა შეუძლია მსურველს, რომლის ფასიც 5.00$-ია, მაქსიმალური ოდენობა კი 100-ია, რომელიც 500$-ს შეადგენს. გადახდა ხდება საგადახდო სისტემის Stripe-ის მეშვეობით – Visa, Mastercard, American Express, JCB, Discover. M: უშუალოდ, დარგვის პროცესში ჩართულობა თუა აუცილებელი?
კომპანიის/ფიზიკური პირის მხრიდან ჩართულობის მოთხოვნა შემოიფარგლება თანხის გადმორიცხვით. დარგვის პროცესში მონაწილეობის მიღება, აბსოლუტურად, სურვილზეა დამოკიდებული. დარგვაში მონაწილეობენ კვალიფიციური კადრები და სურვილის და არა ვალდებულების გამო, კამპანიაში ჩართული ადამიანები ან მიიღებენ დარგვაში მონაწილეობას, ან – არა. ჩვენ, ჩართულობის შესაძლებლობას ვაძლევთ და ვეუბნებით, რომ მაგალითად, 6 მაისს არის თქვენ მიერ შეძენილი ხეების დარგვის პროცესი. უბრალოდ, შევსებისას, შესაბამის ველში მონიშნავენ, რომ უნდათ, დაესწრონ საკუთარი ხეების დარგვის პროცესს.
M: რას გულისხმობს საკუთარი ხისთვის სახელის დარქმევა და თუ განსხვავდება იურიდიული პირისა და ფიზიკური პირის შემთხვევაში, ეს პროცესი?
კომპანიების შემთხვევაში, როდესაც ტრანზაქციებს განახორციელებენ და ინვოისის საფუძველზე, თანხას გადარიცხავენ, მათ მიუვათ სერტიფიკატი, რომ ამ კომპანიამ ბორჯომის ტყის აღდგენის კამპანიაში შეიტანა წვლილი, დარგო, ვთქვათ, 1000 ხე, ასევეა ფიზიკური პირის შემთხვევაშიც. ამ სერტიფიკატის სოციალურ ქსელში გაზიარება შესაძლებელია. რაც შეეხება სახელს, კომპანიის შემთხვევაში, სახელი დაერქმევა ტერიტორიას, მაგალითად, „მარკეტერის“ ტერიტორია, კომპანიის ლოგოთი, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში, საკუთარი სურვილით შერჩეულ სახელს დაარქმევენ კონკრეტულ ხეს.