როგორც იცით, Agile ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი ფრეიმვორკია მენეჯმენტის მეთოდოლოგიებიდან, ამაზე ჩვენ სტატიაც გვაქვს შემოთავაზებული თქვენთვის, თუმცა ის ფართო თემაა და დღეს ვეცდებით, მისი სხვა მხარეებიც განვიხილოთ და ეს არის დროის ციკლი, რომლისთვისაც ეჯაილის გამოყენებაა შესაძლებელი.
დიდი დრო გჭირდებათ იმისთვის, რომ ნამუშევარი კლიენტთან მივიდეს?
ეს ნიშნავს, რომ თქვენს გუნდში დრო ისე ვერ არის გათვლილი, როგორც საჭიროა. გუნდი ერთობლივად არის პასუხისმგებელი დროითი ციკლის გაუმჯობესების გზების განხილვაზე. როცა ლიდერები გუნდს ცვლილებების განხორციელების საშუალებას აძლევენ, ეს სწორ ბიზნეს კულტურაზე მიუთითებს.
იციან თუ არა ლიდერებმა რა აფერხებს გუნდს?
როცა თანამშრომლებს პროექტის გამო ზეგანაკვეთურად უწევთ მუშაობა, კომპანიის მენეჯმენტმა უნდა იფიქროს, რაშია პრობლემა. ხშირ შემთხვევაში, თავად ლიდერებიც სცოდავენ, რადგან არ იციან, რეალურად რატომ ფერხდება საქმე. ძირეულ პრობლემას კი არავინ წყვეტს.
ყველაზე ხშირად შეფერხებას ქმნის ის, რომ თითოეული მონაწილე თავის სამუშაოს ხედავს მხოლოდ და არა პროექტის მთელ სურათს. იმისთვის, რომ გაარკვიოთ, სად იჭედება პროცესი, საჭიროა, რომ ყოველი ნაბიჯი თავიდან ბოლომდე განიხილოთ.
ავიღოთ მარტივი მაგალითი, როგორიცაა ელ.ფოსტის გაგზავნა რამდენიმე კლიენტთან. ხშირად დრო არასაჭირო თემებზე იკარგება და ის, რაც ერთ დღეში შეიძლება გაკეთდეს, კვირაზე იწელება. როცა გასაგზავნია კონკრეტული შინაარსის მეილები რამდენიმე ადამიანთან, დროულად უნდა მომზადდეს ყველა ერთად, შემდეგ კი ერთ ადამიანს დაევალოს მათი გადაგზავნა შესაბამის მისამართებზე.
როგორ გავზომოთ დროითი ციკლი
სანამ კონკრეტულ რჩევებზე გადავიდოდეთ, პირველ რიგში, ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანია გუნდის ყველა წევრთან საუბარი და მათი პრობლემების გაგება.
ახლა კი მივუბრუნდეთ ელექტრონული ფოსტის მაგალითს. გუნდთან ერთად ჩამოწერეთ დაფაზე ყველა ის საჭიროება, რაც ამ მეილების გაშვებას გაამარტივებს.
- ძირითადი აუდიტორიის გაგება
- მონაცემთა ბაზიდან სიის სეგმენტირება
- ელ.ფოსტის შემუშავება
- დიზაინის დამტკიცება
- კრეატიული მიმოხილვა
- რევიზია #1
- კრეატიული რედაქტირება
- ქოფის დაწერა
- ქოფის გადახედვა
- საბოლოო პროექტი
- გაგზავნა
სია საკმაოდ ვრცელია, არა? თითოეულ ამ ნაბიჯს უნდა გამოეყოს კონკრეტული დედლაინი და, რაღა თქმა უნდა, შემსრულებელი პირი, რომელსაც ასევე ეყოლება ადამიანი, ვისაც კითხვებისთვის მიმართავს ან საბოლოო დასტურისთვის გაუგზავნის. გავითვალისწინოთ, რომ ზოგჯერ დამტკიცებასაც დიდი დრო მიაქვს, ამიტომ ეს მხარეც მობილიზებული უნდა იყოს. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ სწორი დედლაინის განსაზღვრა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რამდენი დრო სჭირდება მაგალითად დიზაინის გაკეთებას? 2 სამუშაო დღე თუ 3? ამ კითხვებზე ზუსტი პასუხის გაცემის შემდეგ დროითი ციკლი უფრო მარტივად ასაწყობი გახდება. ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდში იყოს გამჭვირვალობა. ეს არის მთავარი ნაბიჯი თქვენი გუნდის უფრო ეფექტურად მუშაობისა და სწრაფი მარკეტინგული მიღწევისთვის.