in

Agile SCRUM-ის ქართულენოვანი კურსის გავლა უკვე Udemy-ზეც შეგიძლიათ

რას აკეთებს კარგი პროექტების მენეჯერი იმისთვის, რომ სწორად მართოს გუნდი, საქმე და არ ინერვიულოს მოულოდნელ შედეგებზე? ის ეცნობა და სწავლობს პროექტმენეჯმენტის ცნობილ მეთოდოლოგიებს, შემდეგ კი არჩევს მათ შორის ყველაზე მოხერხებულს. ასევე კარგმა მენეჯერმა იცის, რა სჭირდება გუნდს, პროექტს, კომპანიას და, პირველ რიგში, თვითონ იმისთვის, რომ სამუშაო პროცესი ყველასთვის მისაღები და სასიამოვნო იყოს, ბოლოს კი კმაყოფილებას ერთხმად გამოთქვამდნენ დამკვეთები, კომპანიის ხელმძღვანელებიცა და გუნდის წევრებიც.

ბოლო დროის ყველაზე რეიტინგული მეთოდოლოგია არის Agile და Scrum. ისინი ერთმანეთს ჰგავს, რადგან Scrum ეჯაილის ფრეიმვორკადაა ცნობილი. მისი შესწავლა სულ უფრო პოპულარული ხდება და უფრო მეტი კომპანია უსვამს მომავალ პროექტების მენეჯერს გასაუბრებაზე კითხვას: იცნობთ ეჯაილის პრინციპებს?

ალბათ სწორედ ამ მიზეზებმა შთააგონა ჩვენი რესპონდენტი, მსოფლიოში აღიარებულ სასწავლო პლატფორმაზე Udemy, თავისი კურსი განეთავსებინა. მარია ღლონტი, კურსის ავტორი, უკვე 10 წელზე მეტია, პროექტების მართვის სფეროში მუშაობს და დიდი გამოცდილება აქვს. არის ასევე ლექტორიც და ხშირად ატარებს კორპორაციულ ტრენინგებს agile scrum-ის შესახებ. იგი ასევე SCRUM CLUB Georgia-ს თანადამფუძნებელი გახლავთ, სადაც ამ სფეროს პროფესიონალები გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობენ.

როგორც მარიამ გვითხრა, ეს agile scrum-ის პირველი ქართულენოვანი კურსია Udemy-ზე და მისი საფასური $19.99-ია, პირველი ორი ვიდეო ლექცია კი უფასოა.

უფრო ვრცლად კურსის შესახებ თავად ავტორი, მარია ღლონტი მოგვიყვება:

M: მარია, როგორ გადაწყვიტეთ, რომ თქვენი კურსი Udemy-ზე განგეთავსებინათ და რა პროცესებთან იყო დაკავშირებული ეს?

იდეა საკუთარი გამოცდილებიდან დაიბადა.

ჩემი პროფესია, ისევე როგორც ალბათ ნებისმიერი საქმე “კომპეტენციურ ფორმაში” ყოფნას და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე მუდმივ ზრუნვას მოითხოვს.

დროის დეფიციტის პირობებში, ამ ამოცანის შესრულებაში ონლაინ სწავლების პლატფორმა udemy და ასევე სხვა მსგავსი პლატფორმები ძალიან მეხმარება, რადგან სწავლების ფორმატი გულისხმობს წინასწარ ჩაწერილი  და აპლიკაციაში ატვირთული, სტრუქტურირებული ლექციებისა და გამოცდების შენთვის მოსახერხებელ დროს მოსმენას (თუნდაც ლისზე სეირნობის დროს).

ჩემ გარშემო არაერთი წარმატებული ადამიანი სარგებლობს Udemy-ის კურსებით, თუმცა ხშირად მსმენია მათი მხრიდან საჭიროება, რომ კარგი იქნებოდა ეს ვინმეს ქართულად, მარტივად და “ადამიანურად” აეხსნა.

სწორედ აქედან გამიჩნდა იდეა, რომ ჩემი კურსი მარტივ პლატფორმაზე განმეთავსებინა და მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომი გამეხადა პროექტების მართვით დაინტერესებული ადამიანებისთვის თანამედროვე მიდგომა Agile Scrum.

პროცესი საკმაოდ შრომატევადი იყო და დატვირთული გრაფიკის პირობებში საკმაოდ დიდი გამოწვევაც, თუმცა  Udemy-ის გუნდთან თანამშრომლობა ძალიან კომფორტულია, დროულად პასუხობენ ყველა კითხვას, გაწერილი ინსტრუქციები, მოთხოვნები და რჩევები აქვთ, რაც კურსის სწორად აწყობაში დამეხმარა. „იუდემის” მხრიდან მათი ქართველი პარტნიორის მიერ ჩატარდა ე.წ აუდიტი და რამდენიმე იტერაციის შემდეგ ოფიციალურად მივიღე თანხმობა კურსის საჯაროდ განთავსებაზე.

M: agile და scrum დღეს პროექტების მართვის ყველაზე ცნობილი მეთოდოლოგიებია, რა არის ამის მთავარი მიზეზი?

ტრადიციული პროექტების მართვა ცვლილებების მიმართ მოქნილობის მცირე შესაძლებლობას იძლევა. მზარდი კონკურენციის პირობებში და ასევე კომპლექსურ პროექტებზე მუშაობისას, სადაც სიცხადეს მხოლოდ კეთების პროცესში ვაღწევთ, მუდმივი ცვლილებები ძალიან ხშირია, ხოლო Agile Scrum მიდგომის მთავარი ხიბლი სწორედ გაუკვალავში გავლის, ქაოსში წესრიგის შემოტანის, მაქსიმალური ღირებულების გუნდურად შექმნისა და გაურკვევლობის მართვის საშუალებაა. სულ უფრო მეტი ქართული კომპანია მიმართავს მართვის ამ გზას და სულ უფრო მეტი სტუდენტი მყავს, ვისაც Agile Scrum მიდგომით მუშაობის პროცესთან სხვადასხვა როლით, დოზით აქვს შეხება და სურს მეტი გაიგოს და უკეთ ჩაერთოს ამ პროცესში.

M: რა არის საჭირო დაინტერესებული პირისგან, რომ გაიაროს თქვენი კურსი Udemy-ზე და როგორია კურსის ფორმატი?

საჭიროა, გაიაროს მარტივი რეგისტრაცია და ავტორიზაცია Udemy.com ვებგვერდზე, ჩაწეროს კურსის სახელი და ნებისმიერი ViSa/Mastercard  ბარათის მონაცემების გადახდის დაცულ გვერდზე შეყვანით შეიძინოს კურსი. კურსს სიმბოლური ფასი აქვს (ყველაზე დაბალი udemy-ის პოლიტიკით გათვალისწინებულ ფასთა კატეგორიაში).

კურსი 18 ლექციისგან და შესავალი ნაწილისგან შედგება. ლექციების გარდა სტუდენტს თითოეული თემის ბოლოს შეხვდება კითხვები, საკუთარი ცოდნის შესამოწმებლად. ასევე სტუდენტმა უნდა წაიკითხოს ქართულ და ინგლისურ ენაზე ატვირთული მასალა.

M: რამდენი ხანია, რაც განთავსდა კურსი და უკვე თუ ჰყავს სტუდენტები ან კურსდამთავრებულები?

კურსმა სულ რამდენიმე დღეა, რაც იხილა დღის სინათლე და უკვე 40-ზე მეტი სტუდენტი ჰყავს, რაც ძალიან მახარებს და ასევე ძალიან სასიამოვნოა ყოველდღიურად მზარდი ამ რიცხვის თვალის დევნება. რაც მთავარია, სრულიად უცხო ადამიანების მხრიდან დადებითი უკუკავშირისა და მადლიერების წერილების მიღება სხვადასხვა სოციალურ ქსელში.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორ გარემოში იმყოფებიან ცნობილი ნამუშევრების პერსონაჟები? — DALL-E-ს ახალი შესაძლებლობა

5 მიზეზი, თუ როგორ გეხმარებათ Martech-ის გააზრება კარიერულ წინსვლაში