წარმოიდგინეთ, დილით სამსახურში მისულს უფროსი გეუბნებათ, რომ დათხოვნილი ხართ, თუმცა, მხოლოდ იმ პოზიციიდან, რომელზეც აქამდე მუშაობდით. კომპანიაში, რომელშიც თქვენთან ერთად ასობით ადამიანია დასაქმებული, თქვენი სურვილის, მისწრაფებების, ინტერესებისა თუ უნარების გათვალისწინებით, თვითონ შეგიძლიათ აირჩიოთ, სად, რომელი მიმართულებით, რა პოზიციაზე გინდათ მუშაობა. შეიძლება ითქვას, რომ კონსულტანტობიდან ლიდერად ქცევაც კი შეგიძლიათ. თუმცა, უნდა დაამტკიცოთ, რომ ამას თავს გაართმევთ… არა, თქვენ არ ხართ გამონაკლისი და ამ სიტუაციაშიც, თქვენ მარტო არ ხართ. კომპანიაში მომუშავე ასობით ადამიანიც თქვენს დღეშია – არ იცის, ან იცის რა უნდა. არა, ეს ქაოსს არ გამოიწვევს… პირიქით. ეს არის ეჯაილი, მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციების (Google, Amazon, Netflix) მიერ ნაცადი მუშაობის სისტემა, ერთგვარი ექსპერიმენტი, თანამედროვე მიდგომა, რომელსაც, როგორც ამბობენ, მოაქვს დიდი კმაყოფილება და დადებითი ეფექტი როგორც კომპანიისთვის, ასევე, თანამშრომლებისთვის.
თანამედროვე სამუშაო გარემო სწრაფად ცვალებადია. წარმატებულ კომპანიებს სულ უფრო ახალი მიზნები უჩნდებათ, ხოლო სხვადასხვა ტიპის მიზნის მისაღწევად, ხანდახან, რადიკალური ცვლილებებია საჭირო. ცვლილებები, რა თქმა უნდა, სამუშაო სისტემაშიც. თანამშრომლის მხრივ კი, როგორც არ უნდა გიყვარდეთ თქვენი საქმე, თუ თავისუფალი და დამოუკიდებელი არ ხართ, მარტო თქვენ როდი წააგებთ. წააგებს ორგანიზაციაც, რომელშიც ასობით ადამიანი, თქვენს მსგავს სიტუაციაშია… ტრიალებს გორგოლაჭებიან სკამზე და ელოდება, როდის მოვა ნანატრი 6 საათი. ნანატრი „თავისუფლება“… ასეთია თანამედროვე მოცემულობა და შესაბამისად, ბრენდები ცდილობენ თანამშრომლებს ნატვრა სამსახურშივე აუსრულონ – მოგცეთ ახალი შესაძლებლობები და თავისუფლება, მეორე მხრივ კი, უპასუხონ ახალ გამოწვევებს. ეს ეჯაილია. ეჯაილი, ანუ ქართულ კონტექსტში ძალიან გაბედული ნაბიჯი კომპანიის მხრიდან. ნაბიჯი, რომელიც საქართველოში, ამ მასშტაბით პირველად თიბისიმ გადადგა. პროცესი ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ველოდებით შედეგს, ანუ იმის გაგებას, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს ამ სისტემამ საქართველოში.
მსოფლიოს მასშტაბით კი ეჯაილი ხელს უწყობს თანამშრომლების პროფესიულ ზრდას. ლოგიკურია, თანამშრომელი, რომელიც თქვენივე კომპანიაში სხვადასხვა კუთხით მოსინჯავს თავს, გამოცდის ალტერნატივებს, შეიტყობს მეტს მისთვის უცხო დეპარტამენტების ფუნქციონირებაზე, იქნება მეტად გაცნობიერებული საკუთარ შესაძლებლობებში და ექნება მეტად საფუძვლიანი პასუხი კითხვაზე – რას აკეთებს კომპანია, რომელშიც მუშაობთ? უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ კითხვაზე პასუხი ძალიან ხშირად იწყება იმაზე ფიქრით, თუ რას აკეთებს კომპანია კონკრეტული თანამშრომლისთვის, რომელსაც ზემოთ მოყვანილ კითხვას უსვამენ…
ბიზნეს ეჯაილი გულისხმობს კომპანიის სტრუქტურის სრულ ცვლილებას. კომპანია ორიენტირებულია მომხმარებელსა და მასთან დაკავშირებულ მიზნებზე. დეპარტამენტების ფუნქციონალური დაყოფის ნაცვლად, ვიღებთ სურვილისამებრ, კონკრეტული მიზნის გარშემო გაერთიანებულ გუნდებს, რომლებიც, შეძლებისდაგვარად, დაკომპლექტებულია განსხვავებული კომპეტენციის მქონე ადამიანებით. მაგალითად, ერთი მიზნის ქვეშ ერთიანდებიან IT სპეციალისტი, ადვოკატი, მარკეტერი, კოპირაიტერი და ა.შ. გუნდები, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, არჩევენ რომელი მეთოდოლოგიით იმუშაონ. ამ გზით, ეჯაილის თითოეული მონაწილე გადაწყვეტილებისუნარიანია, პასუხისმგებელია ამა თუ იმ მიზნის მიღწევაზე და ამისთვის, აქვს შინაგანი მოტივაცია. ეს არის იერარქიულიდან ნაკლებიერარქიულ სისტემაში გადასვლა. მუშაობა ნაკლები ბიუროკრატიის, მეტი დელეგირებისა და დამოუკიდებლობის პირობებში. მუშაობის ასეთ სტილზე გადასვლისას მცირდება რუტინული საქმეების რიცხვი და ბიუროკრატია. თითოეულ თანამშრომელს მეტი თვითგამოვლენისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ეძლევა. შესაბამისად კი, სამუშაო პროცესი უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი ხდება.
როგორი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ეჯაილ ტრანსფორმაციას კომპანიასა და თანამშრომლებზე ქართულ კონტექსტში? რას შეცვლის ეჯაილ მიდგომა? – ამ კითხვებთან დაკავშირებულ გამოცდილებას თიბისი დროდადრო, ეჯაილ ტრანსფორმაციის პროცესის მიმდინარეობის კვალდაკვალ გაგვიზიარებს. მანამდე კი, ჩვენი აღქმით, ეჯაილ ტრანსფორმაცია ნიშნავს ადამიანის, როგორც ღირებულების აღიარებას, თანამშრომელზე ზრუნვის მაღალ მაჩვენებელს, მზაობას ცვლილებებისა და ახალი გამოწვევების დასაძლევად. თუმცა, საგულისხმოა, რომ სანამ ეჯაილის დანერგვის გადაწყვეტილებას მიიღებთ, საჭიროა გაიაზროთ, რა მიზანი გაქვთ? რამდენად სიახლეებისადმი ღიანი არიან თქვენი თანამშრომლები? რამდენად შეუძლიათ ენთუზიაზმით შეეჭიდონ ახალ გამოცდილებას და რამდენად მრავალფეროვანი სამუშაოს შეთავაზება შეგიძლიათ მათთვის. თქვენ? გაბედავთ ეჯაილს საქართველოში?
ავტორი: ხატია თორდუა