Agile Summit — ეს არის ეჯაილის მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება, რომელიც 31 ოქტომბერს Agile Mentor-ის ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით გაიმართება. ამჯერად ორგანიზატორების მთავარი აქცენტია Heart of Agile, ანუ როგორ შეიძლება ეჯაილ იდეები და ტექნიკები ყველა ინდუსტრიის თუ ნებისმიერი სახის ინიციატივებს მოვარგოთ.
საგულისხმოა, რომ ადამიანთა დიდი ნაწილისთვის მუშაობის ეს კონკრეტული მიდგომა, რომელსაც ეჯაილის სახით ვიცნობთ, უმეტესად ტექნოლოგიურ სფეროსთან ასოცირდება. რეალურად კი, ის გაცილებით ფართო ჭრილში უნდა განვიხილოთ, რადგან ყველა ინდუსტრიას თანაბრად ეხება. „ორგანიზაციები, რომლებმაც საკუთარ საქმიანობაში წარმატებით დანერგეს ეჯაილი, საგრძნობლად გააუმჯობესეს სამუშაო პროცესები. მისი მეშვეობით, იზრდება გუნდებს შორის კოლაბორაცია, უკეთ აანალიზებენ ბიზნესსაჭიროებებს, ქმნიან უკეთეს სამუშაო გარემოს, მომხმარებლებთან ეფექტურ კომუნიკაციას ამყარებენ და ა. შ.“, — განმარტავს მარია ღლონტი, ეჯაილ ქოუჩი და Agile Mentor-ის დამფუძნებელი.
სწორედ მარია გვიზიარებს ზემოხსენებულ სამიტთან დაკავშირებულ დეტალებს და გვიყვება, რას უნდა ელოდონ სტუმრები ამ ღონისძიებაზე.
M: ალბათ, საუბარი იმით უნდა დავიწყოთ, საერთოდ როგორ გაჩნდა სამიტის ჩატარების იდეა და როგორ მოხვედით ამ ეტაპამდე…
ყველაფერი პანდემიის პერიოდში დაიწყო, როდესაც Agile Mentor შევქმენით. მანამდე საქართველოს ბაზარზე მსგავსი პლატფორმა არ არსებობდა და მეც კი ყველაფერი ინგლისურ ენაზე მაქვს თავის დროზე ნასწავლი. თავიდან ონლაინ რეჟიმში დავიწყეთ ქართული თვითმასწავლებელი კურსი, რომელიც ახლა უკვე მსოფლიოში აღიარებულ სასწავლო პლატფორმა Udemy-ზეა განთავსებული.
მას შემდეგ კომპანია მეტად გაიზარდა და მომხმარებლებს ბევრ სერვისს სთავაზობს. თუმცა ამ შემთხვევაში განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ონლაინ შეხვედრებიდან სამიტამდე მოვედით… თან ეს უკვე მეორე ეჯაილ სამიტია, პირველი მიმდინარე წლის 4 ივლისს ჩატარდა და იქვე მივხვდით, რამდენად დიდი იყო დაინტერესება. გულწრფელად გითხრათ, სტუმართა რაოდენობამ ყველანაირ მოლოდინს თუ გათვლას გადააჭარბა — შესაბამისად, ახლა მასშტაბებიც გავზარდეთ.
M: ამ სამიტზე რას უნდა ელოდონ სტუმრები? რა განსაკუთრებულ გამოცდილებას სთავაზობთ?
წინასგან განსხვავებით, AgileXchange Vol2 სამიტზე უცხოელი სპიკერებიც გვყავს მოწვეული, თითოეული მათგანი განსაკუთრებული გამოცდილებით და პროფესიონალიზმით გამოირჩევა.
თუმცა ცალკე უნდა გამოვყო ის ფაქტი, რომ თიბისის მხარდაჭერით, მთავარი გამომსვლელი „ეჯაილ მანიფესტოს“ თანაავტორი, დოქტორ ალისტერ ქობერნი იქნება, რომელიც ღონისძიებას დისტანციურად ჩაერთვება. აღნიშნული მანიფესტი მოიცავს 4 ღირებულებას და 12 პრინციპს. სწორედ ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ეჯაილის პრინციპებსა და ღირებულებებს — ასე ვთქვათ, ეჯაილ მიდგომის მუშაობის მთავარ დოკუმენტად ითვლება.
თანაც ალისტერ ქობერნი 2020 წელს დასახელდა „ყველა დროის 42 უდიდეს სოფთვეარ პროფესიონალს“ შორის, როგორც მსოფლიო დონის ექსპერტი მეთოდოლოგიებში, პროექტების მენეჯმენტში, სოფთვეარ არქიტექტურაში, ე. წ. use case-ებსა და ეჯაილ დეველოპმენტში. შესაბამისად, სამიტის სტუმრებისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მათ შეეძლებათ, ლაივ რეჟიმში დაუსვან ალისტერს კითხვები და ამომწურავი პასუხები მიიღონ დარგის წამყვანი პირისგან.
გარდა ამისა, გვეყოლება მეორე უცხოელი სპიკერი, რომელიც უშუალოდ ფიზიკურ რეჟიმში წარდგება სტუმრების წინაშე. საუბარია ანტონ მარკზე, ეჯაილის საერთაშორისო კონსორციუმის მიერ სერტიფიცირებულ ტრენერსა და ქოუჩზე. ის უფრო დეტალურად ჩაშლის, ორგანიზაციებში პრაქტიკულად როგორ გამოიყენება ეჯაილი, რა წინააღმდეგობები გვხვდება, როგორ უნდა დავიწყოთ, რა უნდა გავითვალისწინოთ, რა არის მნიშვნელოვანი და ა. შ. ასე ვთქვათ, ალისტერს მეტად ინსპირაციული გამოსვლა ექნება — საიდან დავიწყეთ, როგორ განვითარდა, ვისთვის არის ეს ყველაფერი… მარკი კი უფრო პრაქტიკულ ნაწილზე გადავა მეტი თვალსაჩინოებისთვის და შესაძლებლობების რეალური ხელშესახებლობისთვის.
რა თქმა უნდა, უცხოურ გამოცდილებასთან ერთად, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ქეისების განხილვაც. ამიტომაც, ღონისძიების მესამე ბლოკი სწორედ ქართულ კომპანიებს დაეთმობა. მათ შორისაა თიბისი — ის და სხვა ორგანიზაციები, რომელთაც სათანადო გამოცდილება აქვთ, მოგვიყვებიან განვლილ გზაზე, როგორ გაიარეს ეჯაილ ტრანსფორმაცია, რას და როგორ აკეთებენ. ამ სესიის მოდერატორი თავად ვიქნები და ვეცდებით, სრულად დავფაროთ ყველა დაკავშირებული საკითხი. ზოგადად, თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ეჯაილ პროცესების და მასზე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების მხარდაჭერა — შესაბამისად, საინტერესო იქნება თიბისის გამოცდილების ფართო ჭრილში განხილვა.
ამავდროულად, დამსწრეებს საშუალება ექნებათ, ჩაერთონ ნეთვორქინგში, გაიცნონ ეჯაილ პრაქტიკოსები და დაინტერესებული პროფესიონალები სხვადასხვა ინდუსტრიიდან. ღონისძიების დასკვნითი ნაწილი კი დაეთმობა პანელურ დისკუსიას, რომელზეც ქართული ტექნოლოგიური კომპანიები დანერგილ ეჯაილ გამოცდილებას გააზიარებენ. აქვე რამდენიმე გათამაშება და სიურპრიზიც იქნება, რაც ყველაფერს მეტად სახალისო სახეს მისცემს.
M: როგორ ფიქრობთ, ვისთვის იქნება საინტერესო სამიტზე დასწრება იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც იქ დახვდებათ?
ერთი მხრივ, სამიტი საინტერესო იქნება პროექტის მენეჯერებისთვის, ეჯაილ ქოუჩებისთვის, სქრამ მასტერებისთვის, პროდუქტის მფლობელებისთვის; ასევე, მათთვის, ვინც გარკვეულ პროდუქტს ქმნის, რაიმე პროექტზე მუშაობს და კომპლექსური პრობლემების გადაჭრა უწევს. ყველა ასეთი ტიპის ადამიანს, განურჩევლად იმისა, ტექნოლოგიებს ეხება თუ არა საქმე, აუცილებლად დააინტერესებს AgileXchange Vol2.
მთლიანობაში, ეჯაილი ყველასთვის აუცილებელია, თუკი კომპანია გარკვეულ რუტინას არ მიჰყვება — სხვა სიტყვებით, მუდმივი დინამიკურობა, პროგრესი და გაუმჯობესება აუცილებლად მოითხოვს ეჯაილის დანერგვას, რათა ორგანიზაციამ მაქსიმალურ წარმატებას მიაღწიოს.
M: ალისტერზე საუბრისას ეჯაილ მანიფესტი ახსენეთ და საინტერესოა, კონკრეტულად რას გულისხმობს, რაზე გადის მისი ძირითადი იდეა?
პირველ რიგში, მანიფესტის ხელმომწერებს სჯერათ, რომ პიროვნებასა და ურთიერთობები პროცესებსა და ინსტრუმენტებზე წინ დგას. ასევე, მომუშავე პროგრამულ უზრუნველყოფას ამჯობინებენ ამომწურავ დოკუმენტაციას. დამკვეთთან თანამშრომლობისას კი კონტრაქტის პირობები უნდა შეთანხმდეს. ბოლოს კი ცვლილებაზე რეაგირება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გეგმის ზედმიწევნით დაცვა.
ეჯაილ მანიფესტის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ორგანიზაციებმა შეიმუშაონ ის მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც ყოველთვის საუკეთესო შედეგებს მიაღწევენ. ასევე, მნიშვნელოვანია გზადაგზა ცვალონ დამოკიდებულებები და უფრო ეფექტური გახადონ მუშაობა. შედეგად, კომპანიებს განსხვავებული მიდგომების ჩამოყალიბების საშუალება ეძლევათ — ადამიანების, ურთიერთობებისა და არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.
აი, ასეთი მრავალფეროვანი და ინფორმაციულად დატვირთული იქნება AgileXchange Vol2 სამიტი. ღონისძიება დასწრების მსურველებმა კი რეგისტრაცია ამ ბმულზე უნდა გაიარონ.
ღონისძიების მხარდამჭერები: TBC, Lineate, Apeople, GPI Holding, PSP.
ღონისძიების პარტნიორები: GITA, HRPA, Dev.ge, EduTech, EPAM, Tallium Digital.