6
Jan
2020

ადგილზე მიტანის მომავალი – ორფეხა კურიერი რობოტების გაყიდვა დაიწყო

6 Jan 2020

Alta
Alta


რამდენიმე თვის წინ, ამერიკულმა სტარტაპმა Agility Robotics, ორფეხა კურიერი რობოტის შექმნაზე მუშაობა დაასრულა. უფრო კონკრეტულად, რობოტის შესახებ 2019 წლის მაისში, Ford-თან თანამშრომლობის ფარგლებში გახდა ცნობილი. დღეს კი, The Verge-ის ცნობით, კურიერი რობოტი სახელად Digit-ის გაყიდვა იწყება. თუმცა, რობოტის ფასი, ჯერჯერობით უცნობია. როგორც Agility Robotics-ის CEO – დამიონ შელტონი The Verge-თან მიმოწერისას ამბობს, მისი ფასი ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი არ იქნება. გარდა ამისა, ცნობილია, რომ Digit-ის მოხმარების ერთი საათი, მის მფლობელს, 25$ დაუჯდება. 

Digit ადამიანის საშუალო სიმაღლეზე დაბალი რობოტია, რომელსაც 18 კილოგრამამდე ამანათის გადატანა ავტონომიურად შეუძლია. გადაადგილებისას, მას შეუძლია სხვადასხვა წინაღობის დაძლევა, მათ შორის, კიბეზე ასვლაც. მიუხედავად იმისა, რომ რობოტს სხვადასხვა ოპერაციის ავტონომიურად შესრულების უნარი აქვს, ის მაინც, ვერც ისე მარტივად ადაპტირდება უცხო გარემოში. აღსანიშნავია ისიც, რომ ინტერვიუში, Agility Robotics-ის წარმომადგენლები რობოტს სრულად ავტონომიურს უწოდებენ, თუმცა, ქვემოთ მოცემულ ვიდეოში, მას ადამიანი მართავს. 

 

Digit-ს აქვს პოტენციალი არამხოლოდ კურიერული მომსახურების კუთხით. მაგალითად, ლოგისტიკის, შიდა სამუშაოს, კონტეინერების გადაზიდვის, ან ქალაქების ინფრასტრუქტურის მონიტორინგის მხრივაც. თუმცა, ყველაზე შთამბეჭდავი გამოყენება მაინც ადგილზე მიტანის სერვისს უკავშირდება. Digit-ის მყიდველმა, მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით, თვითონ უნდა გადაწყვიტოს როგორ და რაში გამოიყენებს მას. მაგალითად, „ფორდმა“ ის ადგილზე მიტანის სერვისს დაუკავშირა და შემოგვთავაზა შესაბმისი ხედვაც – ამანათი და რობოტი დამკვეთის სახლამდე თვითმართვად მანქანას მიაქვს, მისი საბარგულიდან კი გადმოდის Digit, რომელსაც ყუთი დამკვეთის კარის ზღურბლამდე მიაქვს.

 

რაც შეეხება შესაძლო კითხვას – რა მოხდება, თუ Agility Robtics რობოტს სამხედრო მიზნების მქონე ორგანიზაციას მიყიდის. კომპანიის CEO-ს თქმით, ისინი ყიდიან რობოტებს, თუმცა არა სამხედრო ფუნქციების მქონე კომპანიებზე. ესეც რომ არა, ამ ეტაპზე, რობოტი საკმაოდ მცირე რაოდენობითაა წარმოებული. ჯერჯერობით, არსებობს რობოტის 6 მოდელი. 2020 წლის განმავლობაში, Agility Robotics 20-დან 30-მდე Digit-ის წარმოებას გეგმავს. 2021 წლისთვის კი, კომპანიის თქმით, ასეთი რობოტების რიცხვის გაორმაგება იგეგმება. თუმცა, ესეც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ადგილზე მიტანის პრაქტიკა შეიცვალოს. ჯერჯერობით.

 

Digit-ის კომერციულ ბაზარზე გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ისევე, როგორც Boston Dynamics-ის ოთხფეხა რობოტის – Spot-ის გაყიდვის დაწყება. თუმცა, Digit-ის მნიშვნელობა მაინც სხვაა, რადგან ეს არის პირველი ამ ზომის ორფეხა რობოტი, რომელიც კომერციულ ბაზარზე, დიდი კომპანიებისთვის, ხელმისაწვდომი გახდა. ეს ნიშნავს, მან აკადემიური და სამეცნიერო ტესტირების პერიოდი წარმატებით დაძლია. შემდეგი გამოწვევა არის იმის დანახვა, თუ რამდენად სარგებლისმომტანი და ეფექტურია რობოტების მუშაობა არაპროგნოზირებად სამუშაო სივრცეებში.

განხილვა