in

აღმოაჩინე ნამდვილი ანტალია – გზამკვლევი მოგზაურებისთვის

ამ სტატიის წერას ანტალიის ოქროსფერ სანაპიროზე ვიწყებ, სადაც სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის ჩამოვედი. თურქეთის ამ უდიდესი, საკურორტო ქალაქის შესახებ ყველა ჩვენგანს გვსმენია, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ხშირად ანტალია მხოლოდ ზღვასთან, ლამაზ სასტუმროებთან და ე.წ. all inclusive მომსახურებასთან ასოცირდება, რომელიც ამ ზღვისპირა ქალაქში მართლაც 10-დან 10 ქულას იმსახურებს, თუმცა გარდა ამისა, ანტალიაში უფრო მეტი სანახაობა გელით, უფრო მეტი ადგილის დალაშქვრა და მონახულება შეგიძლიათ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. დღევანდელ სტატიაში ვეცდები, მეგზურობა გაგიწიოთ და ჩამოგითვალოთ ყველა ძირითადი ადგილი თუ აქტივობა, რომელიც დამერწმუნეთ, ძალიან მოგეწონებათ, როდესაც აქაურობას ესტუმრებით…

როდის ვესტუმროთ ანტალიას?

მოდი, უპირველეს ყოვლისა, თქვენთვის სასურველი დრო შევარჩიოთ. ანტალიაში ტურისტული სეზონი უკვე გაიხსნა – 21 მაისიდან კურორტი აქტიურად იღებს დამსვენებლებს. სეზონი სექტემბრის ბოლომდე, მაქსიმუმ ოქტომბრის პირველ რიცხვებამდეა. შემოდგომა ის პერიოდია, როცა ძალიან დიდი ხალხმრავლობა აღარ არის, მზე იდეალურად თბილია, ზღვა მშვიდი და კარგი, ფასებიც მისაღები – ერთი სიტყვით, იდეალური დროა, თუმცა, თუკი შვებულების აღება გეჩქარებათ, ახლავეც შეგიძლიათ ბილეთების ყიდვა და მთელი ზაფხულიც წინ გაქვთ მის საუკეთესოდ გასატარებლად! 

ანტალიაში მთელი ზაფხულის განმავლობაში სიხარულით იღებენ დამსვენებლებს. ივლისი და აგვისტო აქ შედარებით ცხელია, ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, თუმცა გასაგრილებლად კამკამა ზღვა და აუზები ყოველთვის გექნებათ, რომლის სიახლოვესაც შეგიძლიათ ცივი სასმელებიც დააგემოვნოთ.

ბავშვებთან ერთად მივდივარ და როგორ გავერთოთ?

თუკი დასასვენებლად მთელი ოჯახით გადაწყვიტეთ წასვლა და მცირეწლოვანი წევრებიც მიგყავთ, თქვენთვის ანტალია ნამდვილი სამოთხეა, რადგან აქ თვითონ სასტუმროს ტერიტორიაზეც უამრავ გასართობს ნახავთ თქვენი პატარებისთვის. ბიუჯეტი თუ გყოფნით, რომ 4-5-ვარსკვლავიანი სასტუმროები დაჯავშნოთ, დღის განმავლობაში თავად პერსონალს ჰყავს თავისი ანიმატორები, რომლებიც ათამაშებენ ბავშვებს და ცდილობენ, მათი ანტალიაში ვიზიტი უფრო გაახალისონ.

თუმცა, დროა, სასტუმროს ტერიტორიას გავცდეთ და გეზი ქვეყნის ყველაზე დიდი გასართობი პარკის – The land of legends-ისკენ ავიღოთ. თვითონ სახელწოდებაც უკვე რაღაც ჯადოსნურისკენ გვამზადებს, თუმცა დაგვერწმუნეთ, რამდენიც არ უნდა ათვალიეროთ ფოტოები ინტერნეტში, მაინც ბოლომდე ვერ შეიგრძნობთ ამ ადგილის შთამბეჭდავ ძალას, თუკი არ ესტუმრებით. 

მას ხშირად დისნეი ლენდსაც ამსგავსებენ. აქ ნახავთ ყველანაირ გასართობს: ატრაქციონებს, აკვაპარკს, ადგილს შოპინგისთვის, კაფეებსა და პატარ-პატარა კვების ობიექტებს. აქვე ნახავთ ცალკე განყოფილებას, სადაც ცნობილი ანიმაციური გმირების მაშა და დათვის პატარა სამყაროა მოწყობილი გმირებით, თემატური შენობებით, მატარებლით და სხვა.

პარკში მეტი კომფორტისთვის გამოსაცვლელი ოთახები და სათავსო კაბინები დაგხვდებათ, რათა შეძლოთ აკვაპარკისთვის გამოცვლა და საკუთარი ნივთების სუფთად და უსაფრთხოდ შენახვა.

Tazi kanyonu

თაზის კანიონი ანტალიის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, რომელსაც მეორენაირად არწივების კანიონსაც უწოდებენ. ის ბუნებრივი კანიონია, რომელსაც ნაკადულები წარმოქმნის. ბოლო წლებში ის საკმაოდ პოპულარულ ადგილად იქცა კემპინგის მოყვარულებისთვის, თუმცა საერთო ჯამში, აქ ბევრად მეტი საინტერესო თავგადასავალი გელით, ვიდრე მხოლოდ დაბანაკებაა. 

აქვე ჩამოედინება ქოფრუჩაის მდინარე, სადაც შეგიძლიათ ჯომარდობაში, იგივე რაფტინგში მიიღოთ მონაწილეობა. ნავისა და აღჭურვილობის დაქირავება ადგილზევე შეგიძლიათ და თუ ჯომარდობა არ იცით, არ ინერვიულოთ, აუცილებლად გამოგყვებათ პროფესიონალი, რომელიც დაგეხმარებათ. მდინარე ძალიან მღელვარე და სახიფათო არ არის, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ აქ დაახლოებით 12 კმ მანძილის გავლა მოგიწევთ, გზადაგზა კი პატარ-პატარა წინააღმდეგობებიც შეგხვდებათ. აუცილებლად უნდა იქონიოთ გამოსაცველი სამოსი, რადგან წყალი ზოგჯერ ძალიან ფარავს ნავს და არაა გამორიცხული, რომ თავიდან ფეხებამდე დასველდეთ. რასაკვირველია, ეს ყველაფერი მცირე რისკებსაც შეიცავს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მეგზურის მითითებები ზედმიწევნით შეასრულოთ. 

მდინარის შემდეგ შეგიძლიათ ჯიპის დაქირავება, რომელიც თაზის მთის მწვერვალამდე აგიყვანთ. აქედან ულამაზესი სანახაობა იშლება, უზარმაზარი სივრცე, რომლიდანაც შესანიშნავი ხედებია. თუ ფოტოების ლამაზ ბუნებაში გადაღება გიყვართ, ეს ადგილი თქვენთვისაა ზედგამოჭრილი! შეიძლება აქვე იკითხოთ – “რატომ უნდა ვიქირავო მანქანა, ფეხით მომწონს სიარული”. ნება თქვენია, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ბარიდან დაახლოებით 11 კილომეტრის გავლა მოგიწევთ ფეხით, თანაც ციცაბო ადგილებზე, საკმაოდ დიდ სიმაღლეზე. 

Tahtali 

ტაჰტალის მთა, რომელსაც მეორენაირად ოლიმპოს მთას უწოდებენ, ქემერში, ანტალიის ცნობილ პროვინციაში მდებარეობს. მართალია, მთას სახელი ანტიკური ბერძნული მითოლოგიის ინსპირაციით ჰქვია, თუმცა ესეც რომ არ იცოდეთ, როდესაც აქ ადიხართ, თავისთავად გეუფლებათ შეგრძნება, რომ სადღაც ღრუბლებში, ღმერთებს უახლოვდებით, რადგან მთა არც მეტი არც ნაკლები, ზღვის დონიდან 2365 მეტრზე მდებარეობს. მასზე მოხვედრა მხოლოდ საბაგიროთია შესაძლებელი, რომელიც ყოველ ნახევარ საათში ერთხელ სადგურიდან გადის. მთა ბეიდაღლარის სანაპირო ეროვნული პარკის ნაწილია.

Fire of Anatoly

ეს ლეგენდარული თურქული ცეკვების სახელწოდებაა, ცეცხლოვანი შოუ, რომელიც 120-მდე მოცეკვავისა და დრამერისგან შედგება. შოუზე როგორც ტრადიციულ თურქულ და კავკასიურ, ისე თანამედროვე ცეკვებსაც იხილავთ. შოუ გაფორმებულია შთამბეჭდავი დეკორაციებით, თემატური ჰოლოგრამებითა და მუსიკით, რომელიც ადგილზე მჯდომსაც აგაცეკვებთ. თურქეთში ამ შოუს მეორენაირად თურქულ რივერდანსსაც უწოდებენ ხოლმე. ეს არის სხეულისა და მუსიკის ენით გადმოცემული ამბავი, რომელშიც მრავალი პერსონაჟი მონაწილეობს, სიკეთე ბოროტებაზე იმარჯვებს და ამ ყველაფერს მაყურებელი ვიზუალურად, ულამაზესი ქორეოგრაფიის ყურებით შეიგრძნობს.

ჩვენი სტატია ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მცირე, თუმცა ფრიად მნიშვნელოვანი სიაა, თუ რით შეიძლება დაკავდეთ ანტალიაში ვიზიტისას. თუ გსურთ, რომ ეს ზღვისპირა ქალაქი თავიდან ბოლომდე შეიგრძნოთ, აუცილებლად გამობრძანდით სასტუმროს კომფორტის ზონიდან და დღეში რამდენიმე საათი ამ აქტივობებსაც დაუთმეთ. თუ აქაური ნუგბარის, სუვენირებისა და საჩუქრების შეძენაც მოგინდებათ, ანტალიაში ბევრგან შეგხვდებათ საშოპინგე ადგილი. ყველაზე გამორჩეული ცენტრი კი მაინც Mall of Antalya-ა. 

თუკი ამ სტატიის კითხვისას ჯერ კიდევ არ გქონდათ გადაწყვეტილი, სად გაგეტარებინათ შვებულება, ვფიქრობ, ბევრი აღარ უნდა იყოყმანოთ. თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკურორტო ადგილი თქვენს განკარგულებაშია…

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

წყნარ ოკეანეში „ზვიგენების ვულკანი“ ამოიფრქვა

რას გთავაზობთ გამომცემლობა ინტელექტი თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის