წელს უკვე მეორედ ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორი კომპანია „აგროსფერო“ „ეროვნული აგრარული ოლიმპიადის“ ერთ-ერთი მთავარი სპონსორი იყო. ამასთან ერთად, მან აგრონომიის დარგის 3 გამარჯვებულ სტუდენტს სპეციალური ჩემოდანი გადასცა, რომელშიც მათთვის საჭირო საზომი ხელსაწყოები მოათავსა.
„მოხარულნი ვართ, რომ „აგროსფერო“ წელსაც უწევს პარტნიორობას ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას, როგორიც აგროოლიმპიადაა. შარშან აქცენტი თანამედროვე აგროგანათლებაზე გვქონდა და პრიზებიც შესაბამისი შევარჩიეთ. თუმცა წელს აქცენტის გაკეთება პრაქტიკაზე გადაწყვიტეთ და ამ იდეაზე დაყრდნობით მოვამზადეთ სასაჩუქრე ჩემოდნები, რომელშიც პროფესიონალური ხელსაწყოების ნაკრები მოვათავსეთ. ჩემოდანი პორტატულია, ამიტომ მისი გადატანა და გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ ადგილზე. თითოეული მათგანი იდენტურია და მათი ღირებულება 3000 ლარს შეადგენს“, – ამბობს კომპანია „აგროსფეროს“ ტრენინგ-ცენტრის, „აგრარიუმის“ ხელმძღვანელი, მარიამ მერაბიშვილი.
აგროოლიმპიადა 2023-ში 870 კონკურსანტი მონაწილეობდა, რომელთაგანაც ორეტაპიანი ტესტირების შედეგად 39 გამარჯვებული გამოვლინდა. პრიზიორები ოთხ კატეგორიაში (სპეციალისტი, სტუდენტი, ფერმერი და მოსწავლე) და ექვსი საკონკურსო მიმართულებით (აგრონომია, ვეტერინარია-მეცხოველეობა, მევენახეობა-მეღვინეობა, სასურსათო ტექნოლოგია, მექანიზაცია და სატყეო საქმე) დასახელდნენ.
აგრარული ეროვნული ოლიმპიადა 2021 წლიდან ტარდება, „აგროსფერო“ კი მეორე წელია მას პარტნიორობას უწევს. გასულ წელს კომპანიამ 9 გამარჯვებული სტუდენტი დააჯილდოვა და მათ აუდიო და ელექტრონული წიგნები, ონლაინკურსი, JBL-ის უსადენო ყურსასმენები, Amazon Kindle და Samsung Galaxy Tab გადასცა.
[პარტნიორის კონტენტი]