20
Nov
2018

კომპანია Agri Copter სოფლის მეურნეობაში დრონით მომსახურებას ნერგავს

20 Nov 2018

ქართულმა კომპანია Agri Copter-მა აგრო დრონი DJI Agras MG 1P წარადგინა. როგორც თავად ამბობენ, მთელს აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, მათი პროდუქტი ერთადერთი მოდელია.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, „აგრიკოპტერი” მაღალკვალიფიციური დრონის პილოტებისა და აგრონომების გაერთიანებაა. მისი მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდ, დრონების გამოყენების დანერგვა აგრო სფეროში, რაც ხელს შეუწყობს ფერმერების საქმიანობას და განავითარებს ამ დარგს საქართველოში.

„მაღალი რეზოლუციის მქონე კამერების, სენსორებისა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, დრონს შეუძლია სხვადასხვა კულტურებისა და ლანდშაფტის სრული ანალიზი, გეგმიური და ზუსტი საჰაერო თესვა, პესტიციდის, ჰერბიციდისა და თხევადი სასუქების საჰაერო შეფრქვევა, მცენარის ვეგეტაციის მონიტორინგი, ირიგაცია და მცენარის ჯანმრთელობის შეფასება. უნარი, სრულად და დანაკარგის გარეშე დაფაროს სხვადასხვა ტიპის არათანაბარ ზედაპირიანი ნაკვეთი, აქცევს დრონს საუკეთესო სასოფლო სამეურნეო ხელსაწყოდ. „აგრიკოპტერის“ გუნდი აქტიურად მუშაობს ტექნოლოგიების განვითარებასა და დრონების ინტეგრაციაზე სოფლის მეურნეობაში, რათა მომხმარებლებს ახალი სეზონიდანვე შესთავაზოს მრავალი ინოვაციური სერვისი და უამრავ ფერმერს გაუმარტივოს საქმიანობა“.

 

კომპანიამ აგრო დრონი Agro Expo-ზე, „ექსპო ჯორჯიას“ სივრცეში წარადგინა. გამოფენა 20 ნოემბერს გაიხსნა და მასში, სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული, 11 ქვეყნის 100-მდე კომპანია მონაწილეობს.

განხილვა