Design Bridge and Partners-მა ოჯახის საკუთრებაში არსებული იტალიური ზეითუნის ზეთის მწარმოებლისთვის ახალი ვიზუალური იდენტობა და შეფუთვა შეიმუშავა. ორივე შემთხვევაში ამოსავალი წერტილი წარსულის პატივისცემა, ბუნებასთან მჭიდრო კავშირი იყო — შედეგად, ახალი ბრენდი „მთავარი წინაპრის“ ისტორიას ეხება, რომელიც ფერმის ბუნებრივ რიტმებთან ჰარმონიაში ცხოვრობდა, დროს ზეთისხილზე ზრუნვაში ატარებდა.
შეფუთვის ეტიკეტი ხელით დახატულ პრინტს მოიცავს, ასევე მწარმოებლის ნიშანს. ვიზუალური ენის მთავარ სახასიათო ნიშანს კი ფანქრის ესკიზი წარმოადგენს — მიწაზე შრომისგან გაუხეშებული ხელი, რომელიც ზეთისხილის რტოს ეხება. მთლიანობაში კომპოზიცია სიმბოლურად გამოხატავს იდეას, რომ ბრენდი ზეითუნის ზეთს ხელით ამზადებს. გაუხეშებული ხელიდან ლამაზ რტოზე გადასვლა კი შრომის მშვენიერ შედეგზე მიანიშნებს… რაც შეეხება ფერთა პალიტრას, ის ბუნებრივ ტონებს ეყრდნობა — მუქი ზეთისხილის, ღია მწვანე და ნაცრისფერი.
„ეს გამოშვება, სახელწოდებით Padre, ჩემთვის პირადი ვნების პროექტი იყო. პარტნიორებსაც ესმოდათ, რომ მამის სიყვარულის ვიზუალურ იდენტობაში ჩართვა ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. მჯერა, საბოლოო პროდუქტი იდეალურად ასახავს ბრენდის მუშაობის მთელ პროცესს“, — ამბობს Agricola Dargenio-ს აღმასრულებელი დირექტორი, ემანუელა დარჯენიო.