1
Feb
2019

საქართველოში პირველი აგროდრონი დაარეგისტრირეს

1 Feb 2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საქართველოს სამოქალაქო უპილოტო საჰაერო ხომალდების რეესტრში პირველი აგროდრონი დაარეგისტრირა.

აგრარული უპილოტო საჰაერო ხომალდის გამოყენება შესაძლებელია საჰაერო შეწამვლის, თხევადი სასუქის გაფრქვევისა და საჰაერო თესვის განხორციელებისთვის. ამასთან, სპეციალური სენსორის საშუალებით, დრონს შეუძლია გადაიღოს სპექტრული სურათები, რაც მიწისა და მცენარეთა სტრუქტურის ანალიზისა და მონიტორინგის საშუალებას იძლევა.

აგროდრონს შეუძლია, უფრო სწრაფად განახორციელოს 1 ჰექტარი ნაკვეთის შეწამვლა, ვიდრე ეს ტრაქტორს შეუძლია, ანუ ვიგებთ დროში და ამასთანავე, ვზოგავთ ენერგიას იმიტომ, რომ მას ავტომატიზებული სისტემა აქვს, სასურველი ნაკვეთის მონიშვნით ის თავადვე ასრულებს სამუშაოს. გარდა ამისა, დამატებითი პლუსია დახვეწილი გაფრქვევის სისტემა, რაც ნიშნავს, რომ თხევადი სასუქის გაფრქვევისას, დანაკარგები თითქმის არ აქვს. ასევე, ეკოლოგიურად სუფთაა, ვინაიდან არ სჭირდება, ბენზინი, ელემენტზე მუშაობს. ჯერჯერობით, ჩვენ „აგრიკოპტერი“, ტექნიკით უზრუნველვყოფთ კომპანიებს, – ლუკა ჯაჯანიძე, აგრიკოპტერის პროექტ მენეჯერი.

DJI Agras MG-1P (Octocopter) ტიპის უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი კომპანია „აგრიკოპტერია“, რომელიც თავის მხრივ Copter • კოპტერის სტარტაპ გაერთიანებაა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დისტანციურად მართვადი საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა 24,8 კგ-ს, ფრენის მაქსიმალური სიჩქარე 15 მ/წმ-ს, ხოლო ფრენის ზღვრული სიმაღლე – ზღვის დონიდან 2000 მეტრს შეადგენს. აგროდრონი აღჭურვილია ჩამოვარდნისგან თავდაცვის, მაღალი სიზუსტის რელიეფის ამომცნობი რადარის მოდულის, საფრქვევი და შესაწამლი სისტემებით.შეგახსენებთ, რომ უპილოტო საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა 5 კილოგრამს აღემატება, რეგისტრაციას ექვემდებარება. რეგისტრაციის პირობებისა და მოწმობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდის შესაბამის ბმულზე მიიღოთ: http://www.gcaa.ge/geo/upiloto.php

აგრიკოპტერი“ მაღალკვალიფიციური აგრონომებისა და დრონის პილოტების გაერთიანებაა, რომლის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების, კერძოდ, დრონების გამოყენების დანერგვა აგროსფეროში, რაც ხელს შეუწყობს ფერმერების საქმიანობას და განავითარებს ამ დარგს საქართველოში.

განხილვა