in ,

„აგრო სოლუშენსი“ – მარტივი გადაწყვეტა აგრო ბიზნესის წარმატებისთვის

ირაკლი ჩიქავა

Agro Solutions აგროსაკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც აგრო ბიზნესით დაინტერესებულ პირებს ბიზნესის დაგეგმვაში ეხმარება. აგრარულ სფეროს თავისი სპეციფიკა აქვს და ამ თავისებურებების გათვალისწინება აუცილებელია ბიზნესის წარმატებით ფუქციონირებისთვის. კომპანიის მიზანი სწორედ აღნიშნულის  გათვალისწინებით კვალიფიკაციური რჩევების გაცემაა. „აგრო სოლუშენსის“ დამფუძნებელმა და კომერციულმა დირექტორმა ირაკლი ჩიქავამ მარკეტერთან ისაუბრა, თუ რას წარმოადგენს ეს კომპანია, რა სირთულეების წინაშე დგანან ფერმერები და როგორ ეხმარება „აგრო სოლუშენი“ ფერმერებს არსებული პრობლემების გადაჭრასა და წარმოების განვითარებაში.

bog
bog-mob

M: რას წარმოადგენს აგრო სოლუშენსი და რა არის თქვენი მიზანი?

ჩვენი კომპანია აგრობიზნესით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს ეხმარება წარმატებით დაგეგმოს უკვე არსებული, თუ მომავალი ბიზნესი. სერვისის არეალი ფართოა, – ბიზნეს იდეის გენერირებიდან Turn Key პროექტის ჩაბარების ჩათვლით. ამ სფეროში წარმატების მისაღწევად მხოლოდ ფული და სურვილი არ არის საკმარისი, რადგან სპეციფიკიდან გამომდინარე, მთავარი ცოდნა და  პროფესიონალი კადრებია. ჩვენი მიზანი სწორედ აღნიშნულის  გათვალისწინებით კვალიფიკაციური რჩევების გაცემაა.

M: როგორ გაჩნდა კომპანიის დაარსების იდეა და როგორ წამოიწყეთ ეს ბიზნესი?

რამდენიმე წელია, რაც აგრო ბიზნესით დავინტერესდი. თავდაპირველად დავიწყე იმის სწავლა, თუ სად უნდა მეპოვა კითხვებზე პასუხი. ძიებამ მაჩვენა სფეროს უნიკალურობა და  აქტუალურობა, ხოლო შემდეგ ინტერესი გატაცებაში გადაიზარდა. თავდაპირველად, ძირითადად ნაცნობები მიკავშირდებოდნენ, ვისაც გარკვეული დახმარება უნდოდა აგრობიზნესში. ზოგი დამწყები იყო, ზოგიც, – მოქმედი ბიზნესმენი. ვაძლევდი  რჩევებს სამოყვარულო დონეზე, ვწერდი ბიზნეს გეგმებს, ვაკავშირებდი სფეროს პროფესიონალებს, ვეხმარებოდი დაფინანსების მოპოვებაში და ა.შ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ურთიერთობა მიწევდა აგრო სფეროს ექსპერტებთან, სპეციალისტებთან, უცხოურ კომპანიებთან, სახელმწიფო სამსახურებთან, საფინანსო ინსტიტუტებთან. ამ ყველაფერს უკვე ბევრი დრო დასჭირდა და პასუხისმგებლობამაც იმატა. ვხვდებოდი, რომ ამ თემით ბიზნესის კეთება შეიძლებოდა, ამიტომ, შემოვიკრიბე სფეროს პრაქტიკოსი სპეციალისტები (ქართველი და უცხოელი) და დავაფუძნე კომპანია. მოთხოვნამ მოლოდინს გადააჭარბა, ამას კი მაშინ მივხვდი, როცა პირველად ვუთხარი უარი  კლიენტს შეკვეთის მიღებაზე.

M: რა არის ის ძირითადი პრობლემები, რასაც ფერმერი აწყდება?

სფეროში პრობლემები მრავლადაა, თუმცა გამოვყოფდი 2 ძირითად პრობლემას:

  1. ვაწარმოებთ პროდუქტს, რომლის სიჭარბეცაა ბაზარზე, შესაბამისად, მისი ფასი დაბალია, ან საერთოდ არ იყიდება.
  2. ვაწარმოებთ დეფიციტურ პროდუქტს, თუმცა ვერ მოგვყავს სათანადო (დაგეგმილი) რაოდენობით. შესაბამისად, მისი თვითღირებულება მაღალია და ფერმერი კონკურენციას ვერ უწევს იმპორტირებულს. ამის გამო კი, იძულებულია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდოს პროდუქცია და ზარალდება.

საბოლოოდ, ორივე ერთ პრობლემაში ერთიანდება, – კვალიფიციური კადრების ნაკლებობა და თანამედროვე აგრო მიღწევების არცოდნა. ცოდნის დეფიციტი ჩვენს ქვეყანაში მთავარი პრობლემაა.

M: რა გადაჭრის გზებს სთვაზობთ ფერმერებს?

მთავარი, უნივერსალური რჩევა ისაა, რომ თავიანთი საქმიანობა გადააწყონ იმ მიმართულებით, რომელიც თანამედროვე ცოდნაზეა დაფუძნებული. ასევე, უმნიშვნელოვანესია, რომ ცოდნისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების საფუძველზე შეამცირონ რისკები და პროდუქციის თვითღირებულება.

M: მოგვიყევით რაიმე შემთხევა, რა პრობლემით მოსულა თქვენთან ფერმერი და როგორ დაეხმარეთ მას?

ერთ საინტერესო შემთხვევას გავიხსენებ, როდესაც მარნეულის რაონში, ერთ-ერთი სათბურისთვის საკონსულტაციო მომსახურება შეგვიკვეთეს. ნოემბერი იყო, სათბურში არსებული პომიდორი ფაქტიურად დამწიფებული იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით 10 დღეში კრეფა და რეალიზაცია უნდა დაწყებულიყო. ფერმერი პომიდვრის გაყიდვას მთელი ზამთრის განმავლობაში გეგმავდა. დავიწყეთ დათვლით, რომელიც, ძირთადად, ჩვენი საქმიანობის პირველი ნაბიჯია ხოლმე. დავიანგარიშეთ, რა რაოდენობის პომიდორი უნდა მოეყვანა ამ სათბურში და რა ფასად უნდა გაეყიდა. შემოსავლები დავუთვალეთ და შევუდარეთ საწარმოო ხარჯს.

დასკვნა ფერმერისთვის მოულოდნელი იყო, – თუ სათბურში პომიდვრის მოყვანას არ შეაჩერებდა, ყოველდღიური ზარალი 120-150 ლარი ექნებოდა, რაც სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 12 ათას ლარს შეადგენდა. ამიტომ მივეცით რეკომენდაცია, სასწრაფოდ აეჩეხა პომიდორი. თავდაპირველად მას გაუჭირდა ინფორმაციის აღქმა, თუმცა ჩვენთან ერთად დაითვალა და დაგვიჯერა. ეს ადამიანი დღემდე ჩვენი ერთგული კლიენტია.

გვქონია კურიოზული შემთხვევაც. ფერმერს ჰყავდა ტრაქტორი, თუმცა ნათესში ვერ დადიოდა, რადგან მისი ტრაქტორი იმ კონკრეტული ფართობისთვის “ზედმეტად დიდი იყო” და მცენარეს აფუჭებდა. მოგვმართა თხოვნით, მოგვენახა მისთვის შედარებით მცირე ზომის ტრაქტორი. დასკვნა კურიოზულად მარტივი იყო: ვურჩიეთ შეეცვალა ფართო საბურავები ვიწრო ზომით. ამ მარტივი გადაწყვეტილებით, დაახლოებით 7000$ დაზოგა. ასეთებიც ხდება…

M: თქვენი აზრით, დამატებით სხვა რა პირობებია საჭირო იმისთვის, რომ აგრო სფერო განვითარდეს?

პირველ რიგში, აუცილებელია განათლება. ცოდნის ნაკლებობა, ან არსებული ცოდნის მიმართ გაუაზრებელი შიში დღესდღეობით მთავარი პრობლემაა. საბოლოოდ, ეს პრობლემა ისახება პროდუქციის მაღალ თვითღირებულებაში, წარუმატებელ აგრო-პროექტებში და შესაბამისად, კონკურენტუუნარო პროდუქციის წარმოებაში. ჯერ კიდევ ძალიან  ბევრ მოქმედ ან დამწყებ ფერმერს უჭირს აგრო-საკონსულტაციო კომპანიის აუცილებლობის გააზრება. არსებობს “ვაზის მოყვანა ვინ უნდა მასწავლოს” მიდგომა, მაშინ, როდესაც თანამედროვე მსოფლიომ ძალიან ეფექტურ შედეგებს მიაღწია სოფლის მეურნოებაში.

გამოვყოფდი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს: სოფლის მეურნეობა მიიჩნევა სფეროდ, რომელიც მხოლოდ შუა ასაკს გადაცილებული ხალხისთვის არის მიმზიდველი და ახალგაზრდების დაინტერესება ამ მიმართულებით ძალიან მცირეა. მინდა მარტივი მაგალითი მოვიყვანო, რაც შეიძლება ბევრი მომავალი/არსებული სტუდენტისთვის მოტივაცია გახდეს:

პროფესიონალი აგრონომის ხელფასი თვეში დაახლოებით 5000 ლარია და კადრები დეფიციტურია; აგრეთვე დეფიციტურია, მაგალითად, პროფესიონალი ტექნოლოგი, რომლის საშუალო ხელფასი 3000-4000 ლარიდან იწყება. ბაზარზე აგრობიზნეს მენეჯერების მნიშვნელოვანი დეფიციტა. მათ უნდა იცოდნენ სფეროს სპეციფიკა და ისე მართონ ეს ბიზნესი. რთული საქმეა, მაგრამ ანაზღაურებაც შესაბამისია.

“მარკეტერის” საშუალებით, იმედია ბევრი ახალგაზრდა შეიტყობს ამ შესაძლებლობების შესახებ და დაინტერესდება სოფლის მეურნეობით. კომპანია “Agro Solutions” წარმატებას უსურვებს ამ სფეროში მოღვაწე ყველა ადამიანს.

ელექტრონულ მუსიკაზე “აცეკვებული” ნათურები – საახალწლო შემოქმედება

„ვაჩუქოთ ბავშვებს ახალი წელი“ – თბილისს ახალი საახალწლო კამპანია მოედო