22
Feb
2019

Agroface – მულტიფუნქციური სოციალური პლატფორმა აგროსექტორისთვის

22 Feb 2019

Startauperi
Startauperi


Agroface მულტიფუნქციური სოციალური პლატფორმაა აგროსექტორში დასაქმებული ან ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის. მისი ერთ-ერთი ავტორი და ხელმძღვანელი ნიკოლოზ ზაზაშვილი ამბობს, რომ პროექტი ფერმერებსა და ექსპერტებს შორის კომუნიკაციის გასამარტივებლად, ასევე, სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმნა.

 

 

„ბოლო რამდენიმე წელიწადში, ადამიანის ცხოვრების სტილი იმაზე მეტად შეიცვალა, ვიდრე ეს მანამდე ხდებოდა. ყველაზე ძლიერ გავლენა, ალბათ, საკომუნიკაციო ტექნოლოგიებმა მოახდინა. დღეს კომუნიკაცია, ფართო გაგებით, ადამიანური ცხოვრებისა და საქმიანობის ერთ-ერთი საფუძველია. თანამედროვე მსოფლიოში, კომუნიკაციის მხარეებს შორის ხომ ელექტრონული კავშირისა და ინტერნეტის გამოყენებით შემცირებულია მანძილი და დრო. საკომუნიკაციო სისტემის ასეთი მნიშვნელოვანი როლის აუცილებლობა დავინახეთ, ჩვენს ქვეყანაში, აგრარული სფეროს განვითარებისათვისაც. სოფლის მეურნეობაში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მიზნად დავისახეთ დარგისა და მასთან დაკავშირებული ყველა ადამიანის გამაერთიანებელი სისტემის შექმნა – გაჩნდა აგროპლატფორმის იდეა, რომელიც, მრავალფუნქციური სისტემის საფუძველზე, განავითარებს და განავრცობს აგრარულ სექტორს, მარტივად ხელმისაწვდომს გახდის მომხმარებლებისთვის ინფორმაციას დარგში არსებული საუკეთესო გამოცდილების და სერვისების შესახებ. ასე შეიქმნა აგრარული პლატფორმა და სოციალური ქსელი – Agroface“.

M: რა არის Agroface ?

ნიკოლოზ ზაზაშვილი : ეს არის თანამედროვე საკომუნიკაციო აპარატი, პირველი და ჯერჯერობით, ერთადერთი მულტიფუნქციური სოციალური პლატფორმა აგროსექტორში. აქ ყველაფერია, რაც ფერმერებსა და სოფლის მეურნეობაში ჩართულ ადამიანებს აინტერესებთ.

M: ანუ, Agroface -ის სეგმენტი აგრარული სექტორის წარმომადგენლები არიან?

პლატფორმა ორიენტირებულია ფერმერებზე და მათთან დაკავშირებული პოტენციური მომხმარებლების ინტერესებზე. მომხმარებლები და ვიზიტორები არიან არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები. რეგისტრაციის მარტივი პროცედურის შემდეგ, შესაძლებელია საკუთარი პროფილის მართვა – ნებისმიერ დროს სასურველი ინფორმაციის დამატება, რედაქტირება, წაშლა, სიახლეების გამოქვეყნება.

M: დღეს ასეთ პლატფორმაზე მოთხოვნა არსებობს?

ნ.ზ. :  ჩვენ, წინასწარი კვლევა ჩავატარეთ და ანალიზის შედეგად აღმოჩნდა: ფერმერებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია და ცოდნა, რის გამოც დაბალია სასოფლო – სამეურნეო საწარმოების ეფექტურობა; ინოვაციებისადმი იჩენენ ინერტულობას, ვიდრე არ ნახავენ სხვა წარმატებულ მაგალითს; აქვთ პროდუქციის გაყიდვის პრობლემა; არ გააჩნიათ საკმარისი ფინანსები; ვერ თვლიან დანახარჯებს და ვერ ინახავენ პროდუქციას; გადამყიდველების ჩართულობით, იზრდება ფასები, ძვირია მექანიზაციის მომსახურება, თუნდაც, ტრაქტორის მიყვანა ადგილზე სახნავ – სათესი ოპერაციების შესასრულებლად; უჭირთ პროდუქციის ხარისხის თანამედროვე სტანდარტებთან მისადაგება და სხვა შეზღუდვებთან დაკავშირებული სახელმწიფო რეგულაციების ყოველდღიურ საქმიანობაში ასახვა. არის სპეციალისტების – აგრონომების, ვეტერინარებისა და სხვათა სერიოზული დეფიციტი.

M: Agroface, რეალურად აძლევს მომხმარებლებს ამ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობას? 

ნ.ზ. : თავდაპირველად საჭიროა, პლატფორმაში მითითებული როლების არჩევით, რეგისტრაციის გავლა და საკუთარი პროფილის შექმნა. დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია ყველა შემოთავაზებული სერვისით სარგებლობა. დავიწყებ დარგის სპეციალისტებისა და ექსპერტების ერთმანეთთან დაკავშირების ფუნქციით.  აგრარულ საკითხებში ონლაინ – კონსულტაციის მიზნით, ფერმერს ან მეურნე სუბიექტს შეუძლია, დაუკავშირდეს პორტალზე რეგისტრირებულ ექსპერტებსა და დარგის გამოცდილ სპეციალისტებს. „ერთი – ერთთან“ ან „ერთი-მრავალთან“ მიმოწერის გზით, საშუალება აქვთ, მიიღონ სასურველი რჩევები და თავის მხრივ შეაფასონ მათი მრჩეველები. ეს დიდ სარგებელს მოუტანს ყველა მხარეს, რეიტინგული სპეციალისტები გახდებიან მოთხოვნადი, საკონსულტაციო მომსახურების მიზნით, არამხოლოდ ფერმერების, არამედ სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის, მაგალითად, ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების მხრიდან. Agroface-ის დახმარებით, სპეციალისტებს საშუალება აქვთ, დაინტერესებულ მხარეს შესთავაზონ მათივე მომზადებული ვიდეო გაკვეთილები, ხოლო „ვებინარის“ მეშვეობით წაიკითხონ ლექციები სამიზნე ჯგუფებთან და სხვა. პლატფორმაზე დარეგისტრირების შემდეგ, საკუთარი პროფილით, ფერმერს შეუძლია, თავისი საქმიანობა სხვებს გააცნოს და პროდუქცია სამიზნე აუდიტორიას შესთავაზოს – სისტემა ავტომატურად მოუძებნის და შეურჩევს დაინტერესებულ პირთა კონტაქტებს. გარდა ამისა, ყიდვა – გაყიდვის ფუნქციონალით, საშუალება აქვთ, გაყიდონ ან იყიდონ სასურველი პროდუქტი, პლატფორმაში არსებული ავტომატური შეფასების სისტემით კი, შეარჩიონ და ააგონ გრძელვადიანი კვალიფიციური კავშირები, როგორც მომწოდებლებთან, ისე შემსყიდველებთან. პლატფორმას აქვს უნიკალური საძიებო სისტემ, რაც ასევე მოხერხებულად დააკავშირებს დასაქმების მაძიებელსა და დამსაქმებელს. გარდა ამისა, Agroface-ზე არის გააჩნია ბიბლიოთეკა, ვიდეოგაკვეთილები, ვიდეორგოლები, ყოველდღიური სიახლეები, სხვადასხვა ღონისძიებათა კალენდარი –  SMS ინფორმატორი და სხვა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოვახერხეთ და ყველა ეს შესაძლებლობა მსოფლიოს მასშტაბით განვავრცეთ. Agroface.com ემსახურება როგორც ქართველ, ისე უცხოელ მოქალაქეებს. პლატფორმასთან ურთიერთობა, ჯერჯერობით, შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

M: რა არის ამ პროექტის საბოლოო მიზანი? 

ნ.ზ. : სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობა; ფერმერებისა და ფერმერულ მეურნეობაში ჩართული ადამიანებისთვის ბიზნეს პროცესების გაუმჯობესება; გვინდა, პროფესიონალებს შესაძლებლობების გამოვლენის, ახალბედა სპეციალისტებს საკუთარი ძალების მოსინჯვისა და ცოდნის ამაღლების საშუალება მივცეთ –  „კითხვა – პასუხებში“ ფერმერებსაც შეუძლიათ ჩართვა და სხვებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება. დარგის შემაფერხებელი ფაქტორები ნამდვილად მრავლადაა, რომელთა აღმოფხვრაში, ჩვენი აზრით, Agroface ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს – მინიმუმ, პროვოცირებას გაუკეთებს ახალ წამოწყებებს, მნიშვნელოვანი და მასშტაბური მიზნებისთვის მოახდენს ინტელექტუალური და ტექნიკური რესურსების კონსოლიდაციას.

M: სამომავლოდ რას გეგმავთ?

ნ.ზ. : მალე დავასრულებთ პლატფორმაში არსებულ ავტომატურ შეფასების სისტემას, რომელიც დროის გარკვეულ მონაკვეთებში, მაგალითად, კვირის ან თვის მანძილზე, გამოარჩევს ყველაზე აქტიურ და პროფესიონალ სპეციალისტებს და რეიტინგის მიხედვით დაალაგებს მათ, ხოლო საუკეთესო პირველ გვერდზე, ნომინაციაში „კვირის სპეციალისტი“ გამოჩნდება. თითოეულ კულტურაზე, გვინდა შევქმნათ ბიზნეს გეგმის სტრუქტურა და შესაბამისი კალკულაციის ინსტრუმენტი, რაშიც ფერმერი თავისი მონაცემებსა და პარამეტრებს შეიყვანს და მიიღებს მისთვის პერსონალურად მორგებულ ბიზნეს გეგმას თავისივე გამოთვლებით. ეს ადვილად აღსაქმელი იქნება, როგორც ბანკებისათვის, ისე სხვა საფინანსო ორგანიზაციებისათვის. ბანკებს კი ამ სისტემის მეშვეობით შესაძლებლობა ექნებათ, თვალყური ადევნონ თავიანთი ბენეფიციარების აქტიურობას და მის ყოველდღიურ მდგომარეობას. ასევე, ვგეგმავთ ვეტკალენდრის დამატებას, რაც ფერმერებს დაეხმარება სასურველ ცხოველთა ან ფრინველთა, აგრეთვე თევზის, ფუტკრის და სხვათა ზოოტექნიკური თუ ვეტერინარული პროცესების მართვაში. მაგალითად, მათ სისტემა პერიოდულად შეახსენებს აცრებისა თუ სხვა აუცილებელი ქმედებების განხორციელების დროსა და ვადებს, როგორც საკუთრ კედელზე, ისე მობილურ ტელეფონზე, SMS შეტყობინების სახით.

 

განხილვა