რვა წლის წინ, ნატურალური პროდუქტების ქართულ ბაზარზე ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“ გამოჩნდა და მაღალი სტანდარტისადმი ერთგულებით მომხმარებელს მალევე შეაყვარა თავი. მზა კერძების უცვლელმა ხარისხმა და კულინარიულმა მიდგომებმა გუნდს ახალი შესაძლებლობა დაანახა და ცოტა ხნის წინ, ბაზარზე „აგროჰაბ ქეითერინგის“ მიმართულება გამოჩნდა. ამიერიდან, ამ სერვისს შეხვდებით ყველგან – მაღალი დონის შეხვედრებზე, კორპორაციულ ღონისძიებებზე, დახურულ ვახშმებსა თუ ოჯახურ შეკრებებზე. საკვები და სასმელი პროდუქტები სრულად „აგროჰაბის“ წარმოებისაა. ქეითერინგის გუნდს ღონისძიების შესაბამისი ინვენტარი, მაღალი ხარისხის სერვირება, დეკორაცია და შესაბამისი აღჭურვაც საკუთარი აქვს. შეზღუდულები არც გეოგრაფიულ არეალში ხართ – სტანდარტების დაცვით, ტრანსპორტირება თითქმის მთელ საქართველოშია შესაძლებელი. თუმცა, რაც ყველაზე მეტ ხიბლს სძენს ამ სერვისს, ეს გუნდია, რომელსაც პროფესიონალი რესტორატორები ხელმძღვანელობენ. დეტალებზე „აგროჰაბის“ ქეითერინგის მიმართულების ხელმძღვანელი ლიკა კარტოზია გვესაუბრა.
M: რას მოიცავს „აგროჰაბის“ ქეითერინგის კონცეფცია?
ქეითერინგის მომსახურება „აგროჰაბის“ კონცეფციით ნიშნავს პროფესიონალთა გუნდის ჩართულობას მთელ პროცესში. ჩვენს მზა პროდუქტებს უკვე კარგად იცნობენ ბაზარზე, რაც დასტურია იმისა, რომ ქეითერინგზე წარმოდგენილი პროდუქციაც ხარისხიანად არის შესრულებული. ამ შემთხვევაში, ასორტიმენტი უფრო ვრცელია და ახალ გემოებსაც აერთიანებს. ის მოიცავს არამხოლოდ პოპულარულ სამზარეულოს, არამედ ქეითერინგის კანაპეებით საშუალება გვეძლევა, რომ საავტორო მენიუ შევთავაზოთ მომხმარებელს.
ქეითერინგისთვის ვიყენებთ ჩვენივე წარმოების პროდუქტებს, რომლებიც გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით – რძის პროდუქტები, ხორცპროდუქტები, კონსერვაცია, ღვინო, მეურნეობა. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ ღონისძიებას ინდივიდუალურად შევუსაბამოთ მენიუ, მისი ადგილმდებარეობიდან, შინაარსიდან, დეკორაციიდან თუ ბიზნესის კონცეფციიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი კი არის სათანადოდ შეფუთული და ხარისხიანად მიწოდებული ღონისძიების სტუმრებისთვის.
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვისაუბრო მაღალი სტანდარტის სერვირებაზე, რომელიც ჯანმრთელობისათვის სრულიად უსაფრთხოა. აღარაფერს ვამბობ იმ სერტიფიცირებაზე, რაც „აგროჰაბის“ პროდუქტებს აქვს მოპოვებული.
M: „აგროჰაბის“ სამზარეულოს მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, საინტერესოა როგორ ასორტიმენტს მოიცავს ქეითერინგის მომსახურება…
„აგროჰაბის“ გუნდმა იზრუნა, რომ ქეითერინგის მიმართულებით სარესტორნო სფეროში გამოცდილი ადამიანები ყოფილიყვნენ ჩართულები. ჩვენ გვაქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, რათა დამკვეთის სურვილიდან და მოლოდინიდან გამომდინარე, ეფექტურად დავგეგმოთ, იქნება ეს დიდი ღონისძიება თუ პრივატული ვახშამი. დეკორაციის, საკვებისა და სერვირების ყოველ დეტალში ვპასუხობთ თანამედროვე ტენდენციებს და გვყავს გამოცდილი ექსპერტები, რათა სასმელი სწორად დავუწყვილოთ კერძებს.
M: მიმოვიხილოთ, ვის მოიაზრებთ „აგროჰაბ ქეითერინგის“ სამიზნე სეგმენტად?
ამ თვალსაზრისითაც, ჩვენი მასშტაბი საკმაოდ დიდია. შეგვიძლია მოვემსახუროთ დიდ ფესტივალებს, კორპორაციულ ღონისძიებებს, დიპლომატიურ შეხვედრებს, საჯარო სექტორის სხვადასხვა განყოფილებებს, პრივატულ ვახშმებსა და ოჯახურ სადილებსაც კი. შესაბამისად, ვართ თქვენ გვერდით როგორც საქმიან, ისე სახლურ გარემოში და ყველა ღონისძიებას სათანადოდ დაგიმშვენებთ.
„აგროჰაბ ქეითერინგი“ თითქმის მთელ საქართველოში არის ხელმისაწვდომი, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა რესურსი, შესაბამისი ეკიპირებისა და საკვების ტრანსპორტირებისათვის, საჭირო მაცივარი-მანქანების ჩათვლით.
M: „აგროჰაბის“ ქეითერინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია სერვირება…
ქეითერინგი არ ითვალისწინებს მხოლოდ კვებას. ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ხარისხის ავეჯი, ჭურჭელი და გასტრონომიული ტექსტილი – ყველა რესურსი, რაც დახვეწილი ღონისძიების ჩატარებისთვის არის საჭირო. ვთანამშრომლობთ პროფესიონალ ფლორისტებთან და დიზაინერებთან, რომლებიც დეკორაციულ მხარეზე ზრუნავენ. ამ ყველაფრის ერთობლიობასა და შესაბამის სინთეზს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რათა ჩვენი გადაწყვეტა ღონისძიების თემატიკასთან მოდიოდეს რეზონანსში.
სერვირებაც უახლესი არის შერჩეული, განსხვავებული თემატიკის მიხედვით, რაც კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნების საშუალებას გვაძლევს. სერვირებისთვის განკუთვნილ ჭურჭელს მიღებული აქვს 18/10 სერტიფიკატი.
M: როგორია „აგროჰაბ ქეითერინგის“ კონკურენტული უპირატესობა, ბაზარზე არსებულ სერვისებთან მიმართებაში?
ჩვენ შემთხვევაში, ქეითერინგის მიმართულებით პროფესიონალი რესტორატორი მუშაობს, რაც მაღალი დონის დაგეგმარებას უზრუნველყოფს. მან ზედმიწევნით იცის, სოციალური და ბიზნეს ეტიკეტის შესაბამისად, სად და როგორ გაანაწილოს რესურსები. მას აქვს კვალიფიკაცია, რათა დაგეგმოს და შეუსაბამოს დეტალები ღონისძიების შინაარსს, მასშტაბს, მიზანსა და მიმდინარეობას.
მომსახურების პროცესში, ღონისძიების დაგეგმარებაში მონაწილეობს კვების დიზაინერი, რაც ბაზარზე იშვიათობას წარმოადგენს. სწორედ ის უზრუნველყოფს, რომ საკვები მოწოდებული იყოს ინსტალაციის შთამბეჭდავი ფორმით.
M: როგორია ქეითერინგის სერვისის განვითარების სამომავლო გეგმა?
გვაქვს ამბიცია, რომ ეს სერვისი გახდეს მოთხოვნადი და პოპულარული. ამის საფუძველს გვაძლევს სწორედ ის რეპუტაცია, რაც „აგროჰაბს“ უკვე აქვს მოპოვებული. დანარჩენი ჩვენსავე მონდომებასა და ხარისხიან შესრულებაზეა დამოკიდებული, რაც პრაქტიკაში ვნახეთ, რომ ნამდვილად კარგად გამოგვდის.
[R]