ყოველდღიურად, ყველა ფერმერს განსხვავებული გამოწვევა აქვს, თუმცა მათი საფიქრალი ერთი საკითხის გარშემო ერთიანდება – როგორ მიიღონ უფრო მეტი ჯანსაღი მოსავალი, უფრო ჭკვიანურად. აგროინდუსტრიის განვითარების პარალელურად, საქართველოში აგრონომიული ცოდნის სიმცირე შეინიშნება. ეს პრობლემა მხოლოდ საქართველოსთვის არ არის აქტუალური, მის წინაშე მსოფლიოს უამრავი ქვეყანა დგას. ფერმერებს სჭირდებათ პრაქტიკული ცოდნა, რომელსაც საერთაშორისო პროფესიონალი აგრონომებისგან მიიღებენ. გამოწვევის საპასუხოდ, „აგროსოლუშენ ჯგუფის“ შემდეგ, ირაკლი ჩიქავამ, გუნდთან ერთად, სტარტაპ Agronnect-ს ჩაუყარა საფუძველი. „აგრონექთი“ ფერმერებისთვის მსოფლიო დონის ფერმერებთან ონლაინ კონსულტაციას ითვალისწინებს. სტარტაპმა უკვე პირველ წარმატებასაც მიაღწია და ევროპელ ანგელ ინვესტორთა ქსელ EBAN-ის გამარჯვებული გახდა. რას შეცვლის Agronnect ქართველი ფერმერების ყოველდღიურობაში და რატომაა ეს სერვისი მნიშვნელოვანი, სტარტაპის თანადამფუძნებელი ირაკლი ჩიქავა გვიყვება.
M: როგორ შეუძლიათ ბიზნესის ზრდა სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებს, ონლაინ ფორმატში?
იმისათვის, რომ ფერმერმა გაზარდოს ბიზნესი და მისი შემოსავალი, უნდა გაიზარდოს მოსავალი და მისი ხარისხი. ამაში კი ფერმერს ორი რამ სჭირდება – ამინდი და სწორი კონსულტაცია. ამინდზე განსაკუთრებული ზეგავლენის მოხდენის ხერხები ჩვენ არ გვაქვს,
ამიტომ გადავწყვიტეთ რჩევაზე მივცეთ წვდომა ფერმერს და ამით დავეხმაროთ მას პრევენციულად მართოს დაავადებები ბაღში, დახარჯოს ნაკლები პრეპარატი და შესაბამისად, ჰქონდეს უფრო მაღალი ხარისხისა და დიდი რაოდენობის მოსავალი.
M: ციფრული სერვისების რა დეფიციტს განიცდიან, დღესდღეობით, აგროსფეროს წარმომადგენლები?
მთავარი ამოსავალი წერტილი, რამაც „აგრონექტს“ პირველადი ბიძგი მისცა არის ის, რომ ფერმერების უმეტესობას არ აქვს წვდომა პროფესიონალ აგრონომთან. ამის ძირითადი მიზეზი არის ასეთი ცოდნის რეგიონური დეფიციტი. მსოფლიოში 10-მდე ქვეყანაა, რომლებიც „მდიდარი“ არიან პროფესიონალი აგრონომებით, ხოლო დანარჩენ ქვეყნებში პროფესიონალების ან ძალიან მწვავე დეფიციტია, ან ისინი საერთოდ არ არიან. აგრონომების სხვა ქვეყნიდან იმპორტი კი საერთოდ არარენტაბელურია ფერმერისთვის და სწორედ ამის აღმოფხვრა გვაქვს გადაწყვეტილი. პარალელისთვის, წარმოიდგინეთ რომ ქვეყანას არ ჰქონდეს წვდომა ექიმთან და მხოლოდ ერთეულები ახერხებდნენ მკურნალობას. ასევე არ აქვს წვდომა ფერმერს პროფესიონალ, თანამედროვე აგრონომთან მაშინ როცა, კლიმატური კრიზისის გამო, სოფლის მეურნეობაში დაავადებები მატულობს და მძაფრდება.
აგრონომების ნაკლებობას საქართველოში რამოდენიმე მიზეზი აქვს. ეს არის საბჭოთა კავშირის მოძველებული განათლება, ცოდნის წყვეტა, პროფესიის ნაკლები მიმზიდველობის პერიოდი და ა.შ. მათ შორის, ერთ-ერთი მიზეზი არის ისიც, რომ ისეთი კულტურები, რომლებიც დღეს, საქართველოში ყველაზე ტრენდულია – ნუში და მოცვი, 2016 წლამდე საერთოდ არ იყო კომერციულად გაშენებული საქართველოში. შესაბამისად, ვერც ეს ცოდნა იქნებოდა აკუმულირებული.
ეს გლობალური პრობლემაა და აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს ფერმერების 80%-ს აქვს იგივე პრობლემა. ჩვენ ვთვლით, რომ სანამ აგრო სფეროსთვის ნებისმიერი ტიპის ტექნოლოგიებზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ ისეთ ტიპის პირველად დახმარებაზე, როცა ფერმერს შეუძლია ხელმისაწვდომი დახმარება ჰქონდეს პროფესიონალ აგრონომთან.
M: რა სერვისები გააერთიანეთ აგრონექტის ფარგლებში?
აგრონექტი არის მარკეტპლეისი, სადაც ფერმერებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ონლაინ კონსულტაცია მსოფლიოს წამყვანი აგრონომებისგან. უფრო კონკრეტულად, ფერმერს რომელსაც მოჰყავს საფერავი, შეუძლია რჩევა ჰკითხოს კაბერნე სოვინიონის ექსპერტს საფრანგეთში და ამაში გადაიხადოს 20,30 ან 50 ევრო, კითხვის სირთულიდან გამომდინარე.
M: რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ სერვისების ჩამოყალიბებას?
საქართველოში ბოლო 10 წელიწადში 200 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა სოფლის მეურნეობის სექტორში, როგორც კერძო სექტორის, ასევე სახელმწიფოს მიერ. გარდა
ფერმერისა, პროცესში რამდენიმე აქტორი არის ჩართული ესნია კომერციული ბანკები, არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციები. ბუნებრივია ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სექტორს ჰქონდეს უკუგება, გავხდეთ უკეთ მწარმოებლური ქვეყანა და იქნებ იმპორტის ჩანაცვლებაზეც გვეფიქრა.
თუმცა, უკვე სახეზეა არამიმზიდველი შედეგები, რომელიც არასწორი დაგეგმარებით და პროცესების მართვით არის გამოწვეული. უფრო კონრეტულად, უმეტეს შემთხვევებში, მიღებული მოსავალი დაგეგმილზე (და პოტენციურზე) 3-ჯერ ან მეტჯერ ნაკლებია, რაც არამხოლოდ აზიანებს ფერმერის ფინანსურ მდგომარეობას, არამედ მთლიანად სექტორს აყენებს დიდ რეპუტაციულ ზიანს. ხშირად კი გამოსავალი სწორი სპეციალისტის მიერ სწორად დაგეგმილ და აღსრულებულ პროცესებშია. სწორედ ასეთი სპეციალისტების ნაკლებობის გამო გადავწყვიტეთ გაგვეხადა ეს პროცესი მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და გამოსაყენებელი ქართველი ფერმერებისთვის და პროცესში აღმოვაჩინეთ, რომ თურმე მსოფლიოსაც დიდ ნაწილსაც აქვს ანალოგიური პრობლემა, შესაბამისად პროდუქტი საინტერესო მსოფლისო დანარჩენი ნაწილისთვისაც აღმოჩნდა.
M: სამიზნე სეგმენტად ვის მოიაზრებთ?
მსოფლიოში არსებობს ორი ტიპის ფერმერი – ერთი ე.წ. ტრადიციული ტიპის ფერმერები, რომლებიც რამდენიმე თაობა არიან ფერმერები და ისინი ბაზრის 90%-ს შეადგენენ. არსებობენ მეორე ტიპის ფერმერები, ე.წ. ინვესტორული ფერმერები, რომლებას შეიძლება არ ჰქონდეთ წარსული აგრო-პროცესების მართვის გამოცდილება, თუმცა გადაწყვიტეს ინვესტირება ამ სექტორშიც მოახდინონ. სწორედ ეს მეორე ტიპის ფერმერები წარმოგვიდგენია ჩვენ პირველად სამიზნე აუდიტორიად, რადგანაც მათი ხედვა უფრო ბიზნესურია სექტორის მიმართ და შესაბამისად კონსულტაციის მნიშვნელობასაც მეტად იაზრებენ. თუმცა, დროთა განმავლობაში
გვგონია, რომ ე.წ. ტრადიციული ტიპის ფერმერული მეურნეობებიც დაიწყებენ კონსულტაციის გამოყენებას.
M: EBAN-ზე გასამარჯვებლად, რა ეტაპები გაიარეთ და რა მიიღეთ ამ გამოცდილებით?
EBAN ანუ European Business Angels’ Network. ეს არის გაერთიანება, რომელიც ევროპაში არსებულ ანგელოზ ინვესტორთა კლუბებს აერთიანებს. ნებისმიერი სტარტაპისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის ინვესტორები, რომლებიც სტარტაპში საწყის ეტაპზე დებენ ინვესტიციებს. ინვესტორთა ასეთი ქსელია საქართველოში Axel – Georgian Business Angel Network, რომელიც ადრეულ ეტაპზე გახდა ჩვენი სტარტაპის ინვესტორი და თავად EBAN-ის წევრია. აქსელის ერთ-ერთი დამფუძნებელი, გური ქოიავა EBAN-ის ბორდის წევრიც არის, რაც ასევე დამატებითი ყურადღების მიღების შესაძლებლობას იძლევა. სწორედ Axel-ის საშუალებით გაჩნდა შესაძლებლობა გაგვეგზავნა აპლიკაცია კონგრესზე, როგორც მათ პორტფოლიო სტარტაპს.
M: როგორ ფიქრობთ, რა იყო განმსაზღვრელი ფაქტორები, რამაც სხვა მონაწილეებს შორის უპირატესობა მოგანიჭათ?
ძალიან დიდი რესურსი ჩავდეთ იმაში, რომ იდეა რაც შეიძლება მარტივი გასაგები იყო ყველასთვის, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან იშვიათია ადამიანი, ვისაც რაიმე
შემხებლობა აქვს ხოლმე სოფლის მეურნეობასთან. ვფიქრობთ, ამან იქონია გავლენა ყველაზე მეტად.
ამასთან, კონგრესზე მნიშვნელოვანია, რომ EBAN-ის რომელიმე წევრს ინვესტიცია უკვე განხორციელებული ჰქონდეს სტარტაპში. ჩვენ შემთხვევაში, ასეთი „აქსელი“ იყო. ზოგადად, ინვესტორებისთვის სტარტაპი კიდევ უფრო საინტერესო ხდება, როცა მასში ადრეულ ეტაპზე ინვესტირდებიან სხვები, განსაკუთრებით კი – ლოკალური ინვესტორები.
M: რა მასშტაბზე შეუძლია სტარტაპს გასვლა?
თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აღნიშნული პრობლემა მსოფლიო ფერმერების 80%-ს აქვს, ფაქტია რომ არეალი დიდია. დანარჩენს კი სიამოვნებით მოვუყვებით მარკეტერს 1, 2 და 3 წლის მერე, როცა რეალობაში გამოჩნდება ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა.