in

„ვამაყობ, რომ ვარ აგრონომი, რომელიც ცდილობს თავისი ქვეყნის განვითარებას“ — ჯიმი ჩხეიძე

კახეთში, სოფელ უდაბნოს მიმდებარედ, 27 ჰექტარ ტერიტორიაზე ნუშის ბაღებია გაშენებული. ნუშის პირველი ნერგები აქ ჯიმი ჩხეიძემ სულ რამდენიმე წლის წინ ჩაყარა და მას შემდეგ პროფესიით აგრონომი ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ფერმერადაც იქცა.

აგრომეურნეობის ძირითად საფუძვლებსა და წარმოების პროცესებს ჯერ კიდევ მცირე ასაკში, კომპიუტერული თამაშიდან გაეცნო. საკუთარ აგრომეურნეობაზე ოცნებაც ამ პერიოდს უკავშირდება. ამბობს, რომ ბავშვობიდანვე სურდა ჰქონოდა ნამდვილი მიწის ნაკვეთი და ვირტუალურ სამყაროში შექმნილი აგრომეურნეობა რეალობად ექცია. „ეს ბაღი ჩემთვის დღეს არის სიცოცხლის განუყოფელი ნაწილი. ვამაყობ, რომ ვარ აგრონომი, რომელიც ცდილობს თავისი ქვეყნის განვითარებას“, — აღნიშნავს ჯიმი ჩხეიძე.

ჯიმი მეურნეობის ყველა პროცესში აქტიურადაა ჩართული და საკუთარი ნუშის ბაღის განვითარებასა და სრულყოფაზე ყოველდღიურად ზრუნავს. „10 000 ძირია ჩემს ბაღში და 10 000 ძირის მდგომარეობა ვიცი ზედმიწევნით, ვიცი თითოეულ მცენარეს რა უჭირს“, — ამბობს ის.

ჯიმი ფიქრობს, რომ სწორედ ამგვარი დამოკიდებულება განაპირობებს თანამედროვე ფერმერობას. აღნიშნავს იმასაც, რომ დღეს მეურნეობის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს თანამედროვე ტექნიკა და მცენარეთა დაცვის ხარისხიანი პრეპარატები და რომ სწორედ მათი დახმარებითაა შესაძლებელი ევროპული სტანდარტის პროდუქტის შექმნა.

საკუთარ მეურნეობასა და თანამედროვე ფერმერობაზე უფრო დეტალურად ჯიმი ჩხეიძე „აგროსფეროს“ რუბრიკაში „თანამედროვე ფერმერი“ გვიყვება.

[R]

McDonald’s-მა თავისი პროდუქტები საზაფხულო აქსესუარებად აქცია

ადამიანები სხვებისგანაც ისეთ საქციელს მოელიან, როგორც თავად იქცევიან