ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორ კომპანია „აგროსფეროს“ 20 წელი შეუსრულდა. ამ დროის განმავლობაში მან უდიდესი ზრდა და განვითარება განიცადა, შესაბამისად, მის მიერ განვლილი გზა ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენითა და წარმატებით არის დატვირთული.
მაინც როგორ დაიწყო 20 წლის წინ „აგროსფეროს“ ისტორია და როგორ იქცა ის აგროპროდუქტების ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიად საქართველოში? რამდენად ფართოა დღეს მისი საქმიანობის არეალი და რა ტიპის პროდუქციასა თუ სერვისებს აერთიანებს კომპანია? – ამ კითხვების გარშემო „აგროსფეროს“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელს, აკაკი ტოროტაძეს ვესაუბრეთ.
აკაკი, პირველ რიგში, ზოგადად მოგვიყევით „აგროსფეროს“ მიერ განვლილ გზაზე დაფუძნებიდან დღემდე.
„აგროსფეროსთვის“ მუდმივი წარმატების, ზრდისა და განვითარების 20 წელი გავიდა. კომპანიის დაფუძნებისას ორგანიზაციაში სულ 4 ადამიანი მუშაობდა, დღეს კი ის ამ სფეროში ერთ-ერთი მოწინავეა.
„აგროსფეროს“ დაარსებისთანავე მისი ძირითადი პარტნიორი გერმანული კომპანია BAYER გახლდათ. პარალელურად კომპანია თანამშრომლობდა სხვა რამდენიმე მსხვილ ევროპელ მწარმოებელთან. ახლა კი ოფიციალურად წარმოვადგენთ 40-ზე მეტ მსხვილ ევროპულ ბრენდს. დღეს „აგროსფერო“ ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ფერმერებს მათთვის საჭირო პროდუქციის სრულ სპექტრს სთავაზობს – სათესლე მასალით დაწყებული, მძიმე ტექნიკით დამთავრებული. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ მცენარეთა დაცვის, კვების საშუალებები, აგრო-ხელსაწყოები, ვენახის ინვენტარი, სარწყავი სისტემები, სასათბურე ინვენტარი, ღვინის საწარმოო პროდუქცია, როგორც სამოყვარულო დანიშნულებით, ისე პროფესიონალური წარმოებებისთვის და ა.შ.
„აგროსფეროს“ განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო წარმოების დაწყება. რამდენიმე წელია, „აგროსფეროს“ ჩვენსავე მიწებზე მოჰყავს და აწარმოებს ხორბლის სათესლე მასალას, რომელიც სერტიფიცირებას გადის და უმაღლეს შედეგებს აჩვენებს ფერმერებთან.
„აგროსფეროში“ ხელმისაწვდომ რომელი ბრენდების პროდუქტებს გამოყოფდით?
კომპანია დაარსებიდან მხოლოდ მაღალხარისხიანი პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებთან თანამშრომლობს, რადგან გვჯერა, რომ მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა შევხედოთ განვითარებას. 20 წლის წინ ქართული ბაზრისთვის ევროპული, პრემიუმ პროდუქციის შეთავაზება რთული იყო, თუმცა ეს ბარიერი აღარ არსებობს – დღეს უკვე ყველამ იცის, რომ გარანტირებული შედეგის მისაღებად უმჯობესია ოდნავ მეტი გადაიხადო, მაგრამ შეიძინო ხარისხიანი პროდუქტი. ფერმერები უკვე დარწმუნდნენ, რომ დაბალფასიანი ალტერნატივის გამოყენება საბოლოოდ ჯამში აუცილებლად ძვირი უჯდებათ.
რაც შეეხება „აგროსფეროში“ ხელმისაწვდომ გამორჩეულ ბრენდებსა და პროდუქციას, მათი სრულად ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ შევეცდები რამდენიმე მათგანი მაინც გამოვყო.
ერთ-ერთია გერმანული კომპანია BAYER-ის მცენარეთა დაცვის საშუალებები, რომლებიც ნამდვილად საუკეთესო და გამოცდილია ჩვენს ბაზარზე. ასევე, გამოვყოფდი გერმანული კომპანია CLAAS-ის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას. მისი წარმოების საბაღე-სავენახე ტრაქტორი CLAAS NEXOS თავის სეგმენტში ყველაზე პოპულარული ტრაქტორია ჩვენს ქვეყანაში. გამორჩეულია მაღალი სიმძლავრის და დიდი გაბარიტების მქონე მინდვრის ტრაქტორი CLAAS AXION და აბსოლუტურად უკონკურენტოა მარცვლეულის კომბაინი CLAAS DOMINATOR. ასევე, გამოვარჩევდი კომპანია YARA-ს, რომელიც მსოფლიო ლიდერია სასუქების წარმოების მიმართულებით. „აგროსფეროში“ მისი ძალიან ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი, როგორც ნიადაგის გრანულირებულ სასუქებში, ასევე წყალში ხსნად და ფოთლოვან სეგმენტში.
ცალკე უნდა აღვნიშნო ფრანგული კომპანია PELLENC. ბოლო რამდენიმე წელიწადში, სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე დიდი მოთხოვნა გაჩნდა მათ წარმოებულ ყურძნის მოსავლის ამღებ კომბაინ Grapes’ Line-ზე. ძალიან მაღალხარისხიანია ასევე შვეიცარიული კომპანია FELCO-ს სასხლავი ხელსაწყოები, იტალიური კომპანია IRRITEC-ის სარწყავი სისტემები და ა.შ.
„აგროსფერო“ მომხმარებლებს სთავაზობს საკონსულტაციო სერვისსაც. რას გულისხმობს ის?
კარგად ვიცით, რომ ხარისხიანი პროდუქციის შეძენა საკმარისი არ არის. მაქსიმალური შედეგის მისაღებად აუცილებელია მისი სწორად გამოყენებაც. კომპანია დაარსების დღიდან ითვალისწინებდა ამ ნიუანსს, ამიტომ ჩვენთან პროდუქციის შეძენას აუცილებლად თან სდევს კვალიფიციური კონსულტაცია. „აგროსფეროს“ კონსულტანტები მომხმარებლებს კონკრეტული მეურნეობის საჭიროებაზე მორგებული პროდუქტების შერჩევაში ეხმარებიან. ტექნიკის შეძენის შემთხვევაში, მოქმედებს გაყიდვების შემდგომი მომსახურებაც. გვყავს მობილური სერვის ჯგუფები, რომლებიც ადგილზე სტუმრობენ ფერმერებს და უწევენ მომსახურებას. ხაზი უნდა გავუსვა იმასაც, რომ ჩვენთან ხელმისაწვდომია „აგროსფეროში“ შეძენილი ნებისმიერი ტექნიკის სათადარიგო ნაწილები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია აქტიურ სეზონზე.
კონსულტაციის გარდა, „აგროსფერო“ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ცოდნის გაზიარებისაც. დაინტერესებული პირებისთვის ხშირად ვაწყობთ სემინარებსა და ტრენინგებს, რომლებზეც კონკრეტული საკითხის გარშემო ხდება ინფორმაციის გაცვლა. განსაკუთრებით უნდა გამოვყო ჩვენი სფეროს ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურის დღე, „ბაიარენა“, რომელსაც პერიოდულად ვატარებთ ადგილობრივი ფერმერებისთვის.
თქვენ დასაწყისში ახსენეთ „აგროსფეროს“ წარმოების ხაზიც. მოგვიყევით უფრო მეტი ამ მიმართულებაზე?
ხორბლის სათესლე მასალის წარმოების პროექტზე მუშაობა 2014 წელს ავსტრიულ კომპანია SAATBAU-თან ერთად დავიწყეთ. საქართველოს მასშტაბით ითესება საცდელი ჯიშები, საიდანაც ხდება საუკეთესოების შერჩევა და სერტიფიცირება. ეს სერტიფიცირებული ჯიშები ჩვენს ნაკვეთებში იწარმოება, ყველა წესისა და უმაღლესი სტანდარტების დაცვით. მიღებულ სათესლე მასალას „აგროსფეროს“ საწარმოში ვამუშავებთ და ვაფასოებთ. საბოლოოდ, პროდუქცია რეალიზაციაში ხვდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენსა და ჩვენი პარტნიორების მაღაზიათა ქსელების საშუალებით.
„აგროსფეროს“ წარმოებულ ჯიშებს მეხორბლე ფერმერები უკვე კარგად იცნობენ და ისინი დიდი პოპულარობითაც სარგებლობს. განსაკუთრებით გამოვარჩევდი ამიკუსს, გალუსს, ამანდუსს და ბალიტუსს.
„აგროსფერო“ დიდ რესურსს დებს აგრო-განათლებაშიც. რა პროგრამებს სთავაზობთ ახალგაზრდებს?
დიახ, თანამედროვე აგრო-განათლების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი და სოციალური პასუხისმგებლობაა. უკვე რამდენიმე წელია, ვთანამშრომლობთ აგრარულ უნივერსიტეტთან და ყოველწლიურად წარმატებულ სტუდენტებს სხვადასხვა ფაკულტეტიდან ვუნიშნავთ „აგროსფეროს“ სტიპენდიას. ახალგაზრდების კიდევ უფრო დიდ რაოდენობას კი ჩვენთან სტაჟირების საშუალებას ვაძლევთ, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოცდილებაა. ასევე, ვაფინანსებთ აგრარული უნივერსიტეტის ერთ-ერთ პროექტს, რომელიც აგრარული ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს თეორიული ცოდნა, უნივერსიტეტის ბაზებზე არსებულ ნაკვეთებში გამოცადონ და თავიანთი ხელით მოიყვანონ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები.
როგორი შეაფასებდით „აგროსფეროს“ მიერ განვლილ გზას?
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 20 წელია მუდმივ ზრდას განვიცდით ყველა მიმართულებით. ფართოვდება პროდუქციის ასორტიმენტი, გვემატება ფილიალები და თანამშრომლები და, რაც ყველაზე მთავარია, ერთგული ფერმერები, რომლებთანაც მრავალწლიანი პარტნიორული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. შედეგები გვაჩვენებს რომ სწორ გზას ვადგავართ, შესაბამისად, კვლავ განვითარებას და ზრდას ველით მომავალში.
დაბოლოს, გეგმავთ თუ არა საიუბილეო წლის აღნიშვნას და რა ფორმით?
რასაკვირველია, გვინდა, რომ ეს სეზონი ჩვენი მომხმარებლებისთვის გამორჩეული იყოს და მათთან ერთად აღვნიშნოთ ჩვენი საიუბილეო წელი. შესაბამისად, მათ ძალიან ბევრ სიურპრიზს ვპირდებით, რომელიც მალე გახდება საჯაროდ ცნობილი.
[R]