ბოლო დღეებში ცაზე გამოჩენილ მთვარეზე ალბათ ბევრი რამ გაიგეთ, ზოგი ამბობს სავსე მთვარეაო, ზოგმა სუპერმთვარეო, ზოგიც კი ლურჯ მთვარედ მოიხსენიებს. თუმცა ეს ლურჯი მთვარე უბრალოდ ტერმინია და არ დაგაბნიოთ, მართლა ლურჯი არ იქნება, უბრალოდ იმ შემთხვევებისთვის გამოიყენება, როცა თვეში 2 სავსე მთვარეს ვხედავთ ან მესამე სავსე მთვარეს სეზონზე. თუმცა ხან მთვარემ ნაწილაკების ურთიერთქმედების გამო ლურჯი შეფერილობა შეიძლება მიიღოს…
ხოლო მაშინ, როცა დედამიწასთან ყველაზე ახლო წერტილში იმყოფება, ვამბობთ, რომ ეს სუპერმთვარეა, 14%-ით უფრო დიდი ჩანს, ვიდრე იმ შემთხვევებში, როცა დედამიწიდან შორსაა. ამ ტერმინით სავსე მთვარეს აღწერენ, რომელიც ჩვეულებრივზე მეტად კაშკაშაცაა.
წელიწადში სულ 4 სუპერმთვარეს ვხედავთ, პირველი 19 აგვისტოს გამოჩნდა და დღეს დილამდე იყო შესაძლებელი მისი ხილვა, ხოლო მომდევნო სუპერმთვარეებზე, ვარაუდობენ, რომ 17/18 სექტემბერს, 17 ოქტომბერსა და 15 ნოემბერს გამოჩნდება. მის სანახავად რაიმე სპეციალური აღჭურვილობა არ გჭირდებათ, იმდენად დიდი და კაშკაშაა, რომ შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად შეამჩნევთ.
ფაქტობრივი ინფორმაციებით აღარ გადაგღლით და გეტყვით, რომ 2024 წლის პირველი სუპერმთვარე უამრავი ფოტოგრაფის ობიექტივში მოექცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის კი საქართველოში გადაღებულ სურათებსაც იხილავთ: