in

ოჯახური ბიზნესიდან 80 ქვეყნის მაღაზიის თაროებამდე – Ahmad Tea

ჩაის მოყვარულებისთვის სახელი Ahmad Tea კარგად არის ნაცნობი. ის სხვადასხვა სახეობას აერთიანებს: შავი, მწვანე, არომატიზებული, მცენარეული ჩაი და სხვა. მარკეტებში ყველგან ვხვდებით ამ პროდუქტს და ის საერთაშორისო ბაზრებზეა გატანილი. დღეს ის 80-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ურბანული კერებიდან დაწყებული, ყველაზე პატარა შორეულ სოფლამდე.

istoriebi
istoriebi

როგორც უკვე მიხვდით, დღევანდელი რუბრიკის სტუმარი სწორედ ეს ბრენდი იქნება. გადავხედავთ მის ისტორიას და ვნახავთ, რა გზა გაიარა წარმატების მისაღწევად.

ოჯახური ბიზნესი

სულ რაღაც 35 წელზე მეტი ხნის წინ ჰემფშირში, ინგლისში გამოჩნდა ჩაის ახალგაზრდა მოვაჭრე, რაჰიმ აფშარი. მას ჰქონდა ხედვა და სურვილი, შეექმნა განსაკუთრებული ჩაი, რომელსაც სიამოვნებით დალევდნენ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

მან და მისმა ძმებმა დაამყარეს სანდო და გრძელვადიანი პარტნიორობა ჩაის ბაღების მფლობელებთან, რათა შესძლებოდათ, ყველაზე არაჩვეულებრივი ჩაის შერევა მთელი მსოფლიოდან. კომპანიას, მამის პატივსაცემად, აჰმადი დაარქვეს.

პირველი პროდუქტი

Ahmad Tea-ს ჩაის პირველი ნაზავი 1987 წელს გამოვიდა და გამიზნული იყო ძვირადღირებული საჩუქრების ბაზრისთვის. თავდაპირველად პროდუქტი ადგილობრივად იყიდებოდა ლონდონსა და სამხრეთ ინგლისში. 

წარმატებული გაყიდვები

გაყიდვები წარმატებული გამოდგა და ორ წელიწადში Ahmad Tea გადავიდა უფრო დიდ შენობაში, ჰემფშირში. იმავე დროს იგი დაუპარტნიორდა მსხვილ ესპანურ კომპანიას El Corte Ingles-ს. 

რამდენიმე წელიწადში კი, 1992 წელს კომპანია შევიდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ბაზარზე და გაფართოებას გეგმავდა რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის ბაზრებზე შესვლით.

პროდუქცია

პარალელურად, იმავე წლებში საწარმო აფართოებდა პროდუქტის მრავალფეროვნებას. შავ ჩაის დაემატა სხვა სახეობები. კომპანია ორიენტირებული იყო ჩაის საუკეთესო ფოთლების მოპოვებაზე მსოფლიოს წამყვანი ჩაის ბაღებიდან ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი, შრი-ლანკა, კენია და ჩინეთი. 

ალბათ ეს იყო მთავარი მიზეზი იმისა, რომ მან მალე მოიპოვა ხარისხიანი ჩაის რეპუტაცია, მიიპყრო ლოიალური მომხმარებლების ყურადღება და მიზნად საერთაშორისო აღიარება დაისახა.

პირველი ქარხანა საზღვარგარეთ

და ის დღეც დადგა, როცა კომპანიამ პირველი ქარხანა ბრიტანეთის საზღვრებს მიღმაც გახსნა. ეს მოხდა ხარკოვში, უკრაინაში 1998 წელს და გზა გაუხსნა ბრენდის წარმატებულ საქმიანობას აღმოსავლეთ ევროპაში. 

იმავე პერიოდში Ahmad Tea-მ ისევ გადაახალისა ასორტიმენტი და ამჯერად გამოუშვა მწვანე და ცივი ჩაის პირველი პარტია. 

ათასწლეულის მიჯნაზე, ანუ 2000 წლისთვის, Ahmad Tea ჩაის კომპანიების ტოპხუთეულში შედიოდა. ეს განპირობებული იყო მის მიერ ხარისხის მუდმივი კონტროლით, ჩაის ხშირი დეგუსტაციებითა და წარმოების მენეჯმენტით.

ქარხანა აზიაში

უკვე დიდ ბრენდად ჩამოყალიბებულმა კომპანიამ აზიისკენაც აიღო გეზი და ჩაის სამშობლოში, ჩინეთში გახსნა პირველი ქარხანა. ეს მთლიანად Ahmad Tea-სთვის მესამე დიდი საწარმო იყო. 

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის ქარხნის გახსნა დიდწილად განაპირობა მწვანე ჩაიზე გაზრდილმა მოთხოვნამ 2000-იანებში. ახალი საწარმო 2008 წელს გაიხსნა.

მუზეუმი

 Ahmad Tea-ს ისტორიის საინტერესო ფაქტია ჩაის მუზეუმები, რომლებიც მან 2010 წელს დააარსა. ის უკავშირდება ოფისების გაფართოებას ბრიტანეთში, სადაც ცალკე გამოყოფილი იყო ჩაის სადეგუსტაციო დარბაზი და ჩაის სახეობების მუზეუმი, სადაც გულდასმით შერჩეული ექსპონატები განთავსდა.

ასეთია ბრენდის მოკლედ გადმოცემული ისტორია. როგორც ვნახეთ, ბრიტანულმა ჩაის საწარმო ერთი პატარა ჩაის საწარმოს დაარსებით დაიწყო და გლობალურად გაფართოვდა. დღეს Ahmad Tea Ethical Tea Partnership-ის, არაკომერციული ორგანიზაციის წევრი რომელიც შეიქმნა ჩაის კომპანიების ჯგუფის მიერ ინდუსტრიის მიწოდების ჯაჭვის გამოწვევების მდგრადი გზით გადასაჭრელად.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ტერფის პროთეზის რევოლუციური დიზაინი შექმნეს

ჩემპიონის ტიტული საერთაშორისო დაჯილდოებაზე – „ვაზისუბნის მამულის” ღვინის წარმატება